პროკურატურა მერაბიშვილის დაცვის მხარის განცხადებას ვერ პოულობს

პროკურატურა მერაბიშვილის დაცვის მხარის განცხადებას ვერ პოულობს

ვანო მერაბიშვილს საკუთარი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით სახალხო დამცველისთვის არ მიუმართავს. რაც შეეხება დარღვევის ფაქტებს, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ოჯახის წევრებს არსებული კანონმდებლობით უფლება არ აქვთ განახორციელონ ვიზიტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კანონში იმპერატიული მოთხოვნა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს, როცა მას ბრალი დამტკიცებული არ აქვს, მიეცეს საშუალება ნახოს ოჯახის წევრი, არ წერია. შესაბამისად, პროკურატურას აქვს უფლება მიზანშეწონილად მიიჩნიოს აღნიშნული განცხადება ან არ მიიჩნიოს.

როგორც მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, გაუგებარია პროკურატურის პოზიცია, თუ რატომ არ აძლევენ ოჯახის წევრებს ვანო მერაბიშვილის მონახულების უფლებას. ის ამბობს, რომ დაახლოებით 10 დღის წინ მიმართეს პროკურატურას განცხადებით, რომ ოჯახის წევრებს მერაბიშვილის მონახულების უფლება ჰქონოდათ. თუმცა, ამ შემთხვევაში, დასაბუთებული პასუხი პროკურატურისგან ვერ მიიღეს. ჩივიაშვილი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა პროკურატურის რომელ განყოფილებაში შევიდა ეს განცხადება.

მთავარ პროკურატურაში კი ამ განცხადებას უკვე 3 დღეა უშედეგოდ ეძებენ. პრეს-სამსახურის უფროსის ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, მსგავსი სახის განცხადება მთავარ პროკურატურაში არ იძებნება.

„ვერც ქალაქის პროკურატურაში, ვერც რეგიონში ვერ მოიძებნა ასეთი განცხადება. მე უკვე მეორე დღეა ვთხოვ ჟურნალისტებს, რომ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა ან თაკო სალაყაიამ მოგვაწოდონ განცხადების ნომერი, რაზედაც, მათი განცხადებით, პასუხი არ გვაქვს. თუ არის მსგავსი სახის განცხადება შემოტანილი, მიგვითითონ ნომერი. პროკურატურა ამ განცხადების შესახებ საქმის კურსში არაა“, - უთხრა for.ge-ს ხათუნა პაიჭაძემ.

ევროპარლამენტარი სტუმრები კი შეწუხებულები არიან იმის გამო, რომ მერაბიშვილს ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ აქვთ. აღნიშნული შეზღუდვა კი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს.

ეს მნიშვნელოვანი დეტალი მერაბიშვილის სტუმრებს ევროპარლამენტიდან, სამართალმცოდე კახი კახიშვილმა შეახსენა. როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, როგორც საქართველოში, ისე ყველა ქვეყანაში, პატიმარი, რომლის საქმე იმყოფება წინასწარ გამოძიებაში და რომელსაც აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, კანონდებლობით, მასთან ოჯახის წევრების შეხვედრა არაა გათვალისწინებული.

კახი კახიშვილი: ამას არეგულირებს პატიმრობის კოდექსი, სადაც პირდაპირ წერია, რომ ის ბრალდებულები, რომლებიც იმყოფებიან წინასწარი გამოძიების ეტაპზე, შეფარდებული აქვთ წინასწარი პატიმრობა, ეკრძალებათ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან შეხვედრა. მაგრამ თუ არსებობს ამის აუცილებლობა, ეს უნდა იყოს გამომძიებლის მიერ ნებადართული. ზოგადად, არც საქართველოს და არც საერთაშორისო კანონდებლობა არ ითვალისწინებს წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის შეხვედრას ოჯახის წევრებთან.

ძნელად დასაჯერებელია კანონის ეს მნიშვნელოვანი დეტალი არ სცოდნოდათ ევროპარლამენტარებს. როგორ ფიქრობთ, მათი ეს განცხადება რაზეა გათვლილი?

- არ მახსოვს 9 წლის განმვალობაში ევროპარლამენტარების მხრიდან არც ერთი განცხადება იმაზე, რატომ არ ეძლევათ უფლება წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს საკუთარ ოჯახის წევრებთან შეხვედრის. რაც შეეხებათ მისჯილ პატიმრებს, რომლებსაც კანონით აქვთ ოჯახის წვერებთან შეხვედრის უფლება, ძალიან დიდი ხანი დაგვჭირდა იმისათვის, რომ მათთვის მიეცათ უფლება რეგულარულად შეხვედროდნენ ოჯახის წევრებს. წლების განმავლობაში მისჯილებსაც კი ჰქონდათ პრობლემა, რომ ესარგებლათ ამ უფლებით. გრძელვადიან პაემნებს რაც შეეხება, როგორც იქნა მივაღწიეთ იმას, რომ პატიმრებს ჰქონოდათ გრძელვადიანი პაემნის უფლება.

ასეთ შემთხევაში ევროპარლამენტარების რეაქცია ჩემთვის ცოტა გაუგებარია.

თუ გამომძიებელი ჩათვლის საჭიროდ, რომ არ იქნება პრობლემა ბატონი მერაბიშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრა, მაშინ მას შეუძლია ერთჯერადად გასცეს ნებართვა, რომ შეხვდნენ ბატონ მერაბიშვილს.

ფაქტია, რომ გამოძიების მხრიდან მერაბიშვილის შემთხვევაში ძალიან ბევრი გამონაკლისი იქნა დაშვებული...

- ის იყო შს მინისტი, პრემიერ-მინისტრი, ამავდროულად, არის „ნაციონალური მოძრაობის“ გენარალური მდივანი, რეალურად იყო ერთ-ერთი ლიდერი. ამიტომაც მისი საქმის მიმართ ინტერესი ბუნებრივია. ევროპარლამენტარების მხრიდანაც მისი ასეთი აქტიური მონახულებაც ბუნებრივია და ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. ნახონ, მოინახულონ და შეადარონ იმ წლებს, როდესაც ისინი შედიოდნენ ციხეში და სიჩუმე ხვდებოდათ იმიტომ, რომ პატიმრებს ეშინოდათ ხმამაღლა საუბრის. შეადარონ ერთმანეთს რა პირობებში იმყოფებიან დღეს პატიმრები და რა პირობებში იმყოფებოდნენ 9 წლის მანძილზე. რაც უფრო ხშირად გაუწევენ მონიტორინგს, მით უფრო კარგი იქნება, რომ შემდგომში ტენდენციური პოლიტიკური განცხადებები არ კეთდებოდეს.

ვერ ვხედავ ამხელა აჟიოტაჟის საფუძველს.

რატომ უნდა ჰქონდეს ვანო მერაბიშვილს წინასწარი გამოძიების პროცესში ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება და რატომ არ უნდა სარგებლობდნენ ამ უფლებით სხვა პატიმრები, რომლებიც უფრო ნაკლებად მძიმე დანაშაულის გამო იმყოფებიან საპატიმრო დაწესებულებაში? მიდგომა ყველას მიმართ ერთნაირი უნდა იყოს, მაგრამ, ამავდროულად, საჭიროა მონიტორინგი.

როგორც ჩანს, ევროპარლამენტარების ინტერესში არ შედის ბაჩო ახალაიას საქმე. რომელიც არანაკლები გავლენით სარგებლობდა ხელისუფლებაში...

- შესაძლებელია, ჩვენთვის უცნობია მათი დაინტერესების ხარისხი. მერაბიშვილის მიმართ ინტერესი, ერთი მხრივ განპირობებულია იმით, რომ ის დღესაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი. ამავდროულად, მისი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერითაც ხდება მისი ასეთი ხშირი მონახულება. ალბათ, მისი პოლიტიკური გუნდი უფრო მეტად ყურადღებას ამახვილებს მერაბიშვილზე, ვიდრე ბაჩო ახალაიაზე. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბაჩო ახალაიას მიმართ იგრძნობა დისტანცირება. ზოგიერთი წევრი სუფთა მეგობრულად უჭერს მხარს.

ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერი განცხადება პარტიას ოფიციალურად არ გაუკეთებია, რასაც ვერ ვიტყვით მერაბიშვილის შემთხვევაში. მისი ხშირი მონახულება, მსჯელობა ევროპარლამენტში მერაბიშვილის დაპატიმრებაზე და არა ახალაიაზე, განპირობებულია მისი პოლიტიკური გუნდის აქტიურობით. ყოფილი მმართველი გუნდი ახალაიებისგან და ადეიშვილისგან რომ დისტანცირებას ახდენს, ეს ფაქტია. პრეზიდენტმაც არაერთხელ განაცხადა, რომ საერთოდ არ იცნობდა ერთ ძმა ახალაიას.

ადეიშვილზე განაცხადა, რომ ნამეტანი მოუვიდა პროკურატურას, რომ წვრილ ბიზნესსაც პროკურატურა ლობირებდაო. პოლიტიკურად, ახლა მათთვის მომგებიანია, რომ გაემიჯნონ იმ სიბოროტეს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა. ფიქრობენ, რომ ახლა თუ პარტია მთლიანად გაემიჯნება ახალაიას, ყველა დაიჯერებს, რომ არავინ არ იცოდა პარტიაში მისი სისასტიკის შესახებ, რომ, თითქოს, მარტო ახალაია იყო ამის თავი და თავი, ეს ტაქტიკა აქვთ არჩეული.