გია ცეცაძის ფილოსოფია - თუ ქვეყნის ისტორიასა და კულტურას არ გაითვალიწინებ, მწვრთნელი არ ხარ

გია ცეცაძის ფილოსოფია - თუ ქვეყნის ისტორიასა და კულტურას არ გაითვალიწინებ, მწვრთნელი არ ხარ

დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 19-წლამდელ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს.

საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა რამდენჯერმე ითამაშეს ევროფინალში, მაგრამ ამ ასაკში – არასოდეს. ფეხბურთში კი რაც უფრო იზრდება ასაკი, წარმატება უფრო ფასდება.

 საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ორი მწვრთნელი ჰყავდა, კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით, გუნდმა შესარჩევი ეტაპი დასძლია, ელიტ რაუნდზე კი ის გია ცეცაძემ შეცვალა, სადაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპის გზიდან ინგლისი, შოტლანდია და ბელგია ჩამოიცილა.

ცეცაძის ხელში გუნდის თამაში უფრო შემტევი გახდა. ეს გამოარჩევს 40 წლის სპეციალისტს  ბევრი ქართველი მწვრთნელისგან. როდესაც გაეცნობით გია ცეცაძის ინტერვიუს, დარწმუნდებით, რომ საქმე საკმაოდ არაორდინალურად მოაზროვნე პიროვნებასთან გვაქვს.

ევროპის ჩემპიონატი კარს მოგვადგა – 20 ივლისს საფრანგეთთან შეხვედრით ტურნირს ხსნით...

- ჩვენ უკვე საათებს ვითვლით. ერთი სული გვაქვს, როდის გავალთ მოედანზე.

თქვენს ნაკრებში ბევრი ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ მათი უმრავლესობა საქართველოს უმაღლეს ლიგაში არ თამაშობს. ევროპის ჩემპიონატზე კი პრიმერადივიზიონის, პრემიერლიგისა და ევროპის სხვა ლიგების ფეხბურთელებით დაკომპლეტქებული ნაკრებები დაგვიპირისპირდებიან.

- პირველი ლიგის პრაქტიკაც ძალიან კარგია. მთავარია, რომ ყველა თამაშობს. კითხვას შემოგიტრიალებთ, ბელგიამდეც ასე არ ფიქრობდით? ასე რომ, ყოველთვის ისე არ წვიმს, როგორც ქუხს.

ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის ბევრი საკონტროლო შეხვედრა რატომ ვერ ჩაატარეთ?

- პირიქით, მოსამზადებელ ეტაპზე მაქსიმუმი გაკეთდა, თითქოს, ჩემს მიერ იყო შედგენილი.

ბევრი ფიქრობს, რომ თქვენი შემტევი სტრატეგია დაცვისადმი ნაკლებ ყურადღებას ნიშნავს. ვითხრეს კიდეც, რომ დაცვის ცენტრში მოვიკოჭლებთ.

- სისულელეა. მე ყველაფერს თანაბარ ყურადღებას ვაქცევ. შეუძლებელიც არის, მწვრთნელი დაცვის სიძლიერეზე არ ფიქრობდე. ისიც თქვეს, სუსტი დაცვის შედეგია, ელიტ რაუნდზე ინგლისთან გაშვებული გოლიო, მაგრამ ესეც არასწორია. შეცდომა რომელ ვარსკვლავს არ მოსვლია? მაგრამ შეცდომა არ ნიშნავს, რომ სუსტი ცენტრალური მცველები გვყავს. პირიქით, ჩვენთან ძლიერი უკანახაზელები არიან.

ბელგიაში ბევრი საინტერესო მოთამაშე არ ყოფილა, მაგალითად, ლუკა ჰუფნაგელი და ოთარ კაკაბაძე. ისინი ევროპის ჩემპიონატზე რატომ არ წაიყვანეთ?

- ორივე მშვენიერი მოთამაშეა. ოთარი ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე საუკეთესო 10 მოთამაშეს შორის დაასახელეს, მაგრამ ის ერთი წლით პატარაა, რაც ამ დროს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ჭანტურია, დვალი, ზარანდია და გურეშიძეც პატარები რომ არიან?!

- ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ ფლანგის სამი მცველი გვყადა და თითოეული მათგანით კმაყოფილი ვიყავი. ლუკა ჰუფნაგელი ძირითადის მოთამაშედ მოაზრებოდა, მაგრამ ელიტ რაუნდამდე ტრავამ მიიღო და ტურნირი გაუცდა. ამასობაში, მისმა შემცვლელმა თავი გამოიჩინა. გაუმართლებელი იქნებოდა, წარმატებული შემადგენლობის შეცვლა და ევროპის ჩემპიონატზე რომელიმე იმ მოთამაშის არწაყვანა, რომლებმაც გუნდის წინსვლაში წვლილი შეიტანა.

ამ 18-მა ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა დაიმსახურა და რომელიმეს გაშვება მის ფსიქოლოგიურ განადგურებასაც ნიშნავდა. ხოლო ჩვენ არა მარტო შედეგებზე, ადამიანებზე ფიქრიც მოგვეთხოვება.

უცხოეთში საინტერესო ქართველი ვერ აღმოაჩინეთ?

- გუნდი ელიტ რაუნდამდე ჩავიბარე და რამდენიმე საინტერესო მოთამაშე მართლაც ვნახე: ბელგიაში ტარყაშვილი, სარჯველაძე – ესპანეთში და ა.შ. მაგრამ ამჟამინდელი შემადგენლობის წევრები უფრო მომზადებულები იყვნენ. თუმცა, შესაძლოა, ამ ბიჭებმა შესაძლებლობები ხვალ-ზეგ უკეთ გამოავლინონ და ეროვნულ ნაკრებში შეაბიჯონ.

19-წლამდელების თამაშმა გულშემატკივრები დააიმედა და ლამის ევროპის ჩემპიონატზე ოთხეულში მოხვედრას ითხოვენ.

- გულშემატკივრის მოთხოვნები მწვრთნელებისა და მოთამაშეების მამოძრავებელი ძალაა. ჩვენი პროგრამა-მინიმუმი სწორედ ჯგუფიდან ნახევარფინალში გასვლაა. ეს თუ შევძელით, მერე კიდევ უფრო წინ წაწევაზე ვიფიქრებთ - რატომაც არა?! გულშემატკივარს ვპირდებით: შევეცდებით, ევროპელებს ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ, ტექნიკური, უშეღავათო და რაც მთავარია, ღირსებაზე აგებული.

ქართველებს გენეტიკაც კი გვკარნახობს შემტევი ფეხბურთის თამაშს. ჩვენ გერმანელის არც ნებისყოფა გვაქვს და არც “ფიზიკა”, დაცვაში ხანგრძლივ შეტევებს რომ გავუძლოთ. ქართველის სტიქია შეტევაა. აიღეთ ჩვენი ცეკვები, ხორუმი, აჭარული, მთიულური - სულ შეტევაა და შეუძლებელია ფეხბურთში ეს არ გაითვალისწინო, რადგან ჩვენი შემოქმედება ქართულ ხასიათს ასახავს - ამ სიტყვებში ჩემი ფილოსოფია ჩამოვაყალიბე. შემტევი ფეხბურთი ჩვენს გენებშია. სხვა ფეხბურთს ვერ ვაჩვენებთ და ხალხი არც იღებს. ყველა მოვლენა ადამიანს გარკვეულ ასოციაციას აღუძრავს. თბილისის “დინამოს” ფეხბურთი თავიდანვე ჩვენს ცეკვას მახსენებდა. რა არის ქართული ცეკვა? შემართება, აფეთქება, ტემპი, დინამიკა და, რაც ყველაზე მთავარია - სილამაზე და სანახაობა. ყველა ქართული ცეკვა გამარჯვებით მთავრდება. შევეცდებით, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ქართულ ცეკვას დავუკავშიროთ და გამარჯვებით დავბრუნდეთ.

ფეხბურთში როგორი გუნდები და მოთამაშეები გვიყვარს? შექმნელები და შემტევები. ბავშვობიდან იმიტომ მიყვარდა თბილისის “დინამო” და “ბარსელონა”, რომ მათი ლაღი თამაში ყველას სიამოვნებდა. ყველაზე წარმატებული ქართული გუნდებიც შემტევ სტილში თამაშობდნენ. ასე იყო ბორის პაიჭაძიდან დაწყებული, 13 მაისის თაობით დასრულებული. მართალია, ქინქლაძის თაობის ნაკრებს წარმატება არ ჰქონია, მაგრამ ეს გუნდიც ძალიან ლამაზდ თამაშობდა.

თქვენი აზრით, მათ წარმატებას რატომ ვერ მიაღწიეს?

- მგონია, რომ მათ დრომ არ შეუწყო ხელი. მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, ფეხბურთისთვის ხალხს არ ეცალა.

ახლა რატომ ვერ ვაჩვენებთ შემტევ ფეხბურთს?

- ქართველი ფეხბურთელების დიდ ნაწილი არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯება. მაგრამ ჩვენ არ ვართ მეორეხარისხოვანი საფეხბურთო ქვეყანა და არ მესმის, რატომ უნდა ვითამაშო “მეორე ნომრად”, როდესაც ასე ვერც ლამაზ ფეხბურთს ვაჩვენებ, ვერც მაყურებელს გავახარებ და თან საკუთარ ბუნებასაც ვეწინააღმდეგები.

ავღანელები ამბობდნენ, ყველზე მაგარი მეომარი ხალხი ვართ, ოღონდ, ქართველების შემდეგო. ეს მებრძოლი სული არა მხოლოდ ჯაჭვის პერანგში, საფეხბურთო ფორმითაც გამოგვივლენია და კიდევ ბევრჯერ უნდა გამოვავლინოთ. თუ არ გაითვალიწინებ შენი ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და ადამიანთა ხასიათებს, მაშინ მწვრთნელი არ ხარ.

ქეცბაია ნაკრებს დაცვიდან ათამაშებს. თქვენი აზრით, ამ დონეზე შემტევი ფეხბურთის ჩვენება არ შეგვიძლია?

- შორს ვარ აზრისგან, რომ  ყველაფერი მხოლოდ მწვრთნელს დავაბრალოთ. ეროვნული ნაკრების სამზარეულოში ჩახედული არ ვარ და ამაზე ნუ მალაპარაკებთ. მეორეც, თემურმა უნდა თქვას, რა პრობლემებს აწყდება და რატომ არის ნაკრები ასეთ მდგომარეობაში.

საქართველოს ნაკრების გაწვრთნას დათანხმდებით?

- ეს ჩემთვის ნაადრევია, ამაზე არც ვფიქრობ.

საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ქართული ფეხბურთი კვდება, თუ უკვე არ მოკვდა. ამ დროს, 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზე 17-წლამდელებმა ითამაშეს, ახლა 19-წლამდელები იასპარეზებენ. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს წარმატება?

- იმან, რომ ქართველები ნიჭიერები ვართ და ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. ეს არაა ერთჯერადი წარმატება, რადგან 1993, 1994, 1995 და 1996 წელს დაბადებულების უნიჭიერესი თაობები მოდიან და მათ შეუძლიათ, საქართველოს ტალანტების ქვეყნის სახელი დაუმკვიდრონ.

გასაოცარია, რომ ბოლო 20 წელიწადში გამორჩეულ შედეგებს ის თაობები აღწევენ, რომლევიც დემოგრაფიული მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების პერიოდში მოევლინენ სამყაროს – 1994 და 1995 წლებში დაბადებულები, როდესაც საქართველო ლამის წელში გაწყდა.

ამ ასაკობრივ ჯგუფში სულ 3000-მდე ფეხბურთელი იყო, რაც ძალიან მცირე რაოდენობაა. ეს იმ დროს, როდესაც ინგლისელებს 70 ათასი მსაჯი ჰყავთ. მაგრამ ღმერთმა ნიჭიერები გამოგვიგზავნა და აქედანაც ვგრძნობთ, რომ არ მიგვატოვა.

და რა უნდა გაკეთდეს, წარმატებებს ამ თაობებმა მაინც რომ მიაღწიონ?

- მთავარია, ნიჭის გამოსავლენად ყველა პირობა შევუქმნათ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ 1993 დ 1994 წელს დაბადებულები ერთი სისტემის პროდუქტები არიან, რომელთაც მე, გიორგი დევდარიანი და თემურ ფოცხვერია ვავარჯიშებდით. აქ ერთი იყო აღზრდის სისტემა, მიდგომა, მოთხოვნები და შედეგიც მივიღეთ.

ადრე 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში გიორგი დევდარიანთან ვმუშაობდი და აშკარად არ გაგვიმართლა. 19-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატზე გუნდს გიორგიც გაიყვანდა, თბილისის “დინამოში” რომ არ გადასულიყო.

ჩვენ წარმატებას მცირე ძალებით მივაღწიეთ და წარმოიდგინეთ, ასეთი სისტემური მუშაობა მთელს საქართველოში რომ მიმდინარეობდეს,  საქართველოს ფეხბურთი როგორ განვითარდებოდა?

საქართველოში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელს არ იცნობენ, მაგრამ თამაში შეუძლიათ. ასეთები გორის “დილაში” მუშაობის დროსაც გვყავდა, მაგრამ მათ თავდაჯერებულობა აკლდათ. მწვრთნელები მათ ფსიქოლოგიურ მომზადებაზე არანაკლებად ვმუშაობდით, ვიდრე ტაქტიკასა და თეორიაზე. იქ ისეთი ბიჭები იყვნენ, მეტი ყურადღება რომ მიექციათ, საქართველოს ნაკრებებში მოხვდებოდნენ.

მაგალითად, დათო ჩაგელიშვილი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია და ყაზახეთში წავიდა. სამწუხაროდ, აღარ ჩანს დავით რაჟამაშვილი, გამორჩეული ინდივიდუალური ნიჭის მქონე ფლანგის შემტევი ფეხბურთელი, რომლის მსგავსიც ბოლო პერიოდში საქართველოში არ გვყოლია.