რუსეთის ხელისუფლებაში უკრაინაში შეტევის განახლებასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო მოსაზრებები არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთის უმაღლეს სამხედრო წრეებში მიმდინარეობს შიდა დისკუსიები იმის შესახებ, შეუძლიათ თუ არა რუს სამხედროებს ახალი შეტევის დაწყება.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის თქმით, ამ დისკუსიებში საწინააღმდეგო მოსაზრებები ფიქსირდება. კერძოდ, ზოგიერთი ოფიციალური პირი ახალი შეტევისკენ უბიძგებს, ზოგი კი კითხვას სვამს, აქვს თუ არა რუსეთს ამის პოტენციალი.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა, თუ რა სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს აშშ რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის დისკუსიების ხასიათს.