რუსებს ე.წ. ლუგარის ლაბორატორიამ მოსვენება დაუკარგა

რუსებს ე.წ. ლუგარის ლაბორატორიამ მოსვენება დაუკარგა

ლუგარის ლაბორატორია რუსების თავსატეხად იქცა. რუსეთის მთავარი სანიტრის გენადი ონიშჩენკოს ბრალდებებს, თითქოს, რუსეთის სამხრეთ რეგიონებში ღორის ჭირის გავრცელება საქართველოში არსებულ ე.წ. ლუგარის ლაბორატორიას უკავშირდება, საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ე.წ. ლუგარის ლაბორატორია საქართველოში ამერიკელი პარტნიორების დახმარებით შეიქმნა და უნიკალურ რეგიონალურ სამეცნიერო კველევით ცენტრს წარმოადგენს, რომელშიც პროექტები ღია პროგრამის პრინციპით ხორციელდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები და ექსპერტები იღებენ.

აბაშიძის თქმით, აღნიშნული ლაბორატორია დაავადებებს, ინფექციებს იკვლევს, მონაცემთა უდიდესი ბაზა აქვს და ამ ლაბორატორიის მაღალი დონით კმაყოფილება არ დაუმალავთ არც რუს მეცნიერებს, რომლებიც უკანასკნელ თვეებში მასში ორჯერ იყვნენ.

ამის მიუხედავად, აბაშიძე კვლავაც იწვევს რუს მეცნიერებსა და ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიაში, რათა ისინი გაეცნონ მასში მიმდინარე სამეცნიერო მუშაობას და, სურვილის შემთხვევაში, ჩაერთონ კიდეც ერთობლივ პროექტებში.

თუ რუსებს ლუგარის ლაბორატორია აფრთხობთ, თავის დროზე აფხაზეთის ბუნებრივ მღვიმეში მოწყობილი ეშერის ლაბორატორიის მიმართაც არსებობდა ქართული მხარის უნდობლობა, სადაც მიწის ქვეშ რამდენიმე დონეა. მეორე დონემდე ჩასვლა მხოლოდ ერთეულ პირებს შეუძლიათ, ხოლო მესამე დონემდე ვისაც ჩაესვლება, ასეთი ხალხი იშვიათია და იქ მხოლოდ რუსი მეცნიერ-მუშაკები და სამხედროები მუშაობენ. ეჭვების მიუხედავად, ეშერის ლაბორატორიაში ქართველი მეცნიერები არასდროს შეუშვიათ. მეტიც, მაშინ ქართველი ექსპერტები ამბობდნენ, რომ ეშერის ლაბორატორიას გრიფი „საიდუმლო“ ედო და იქიდან რუსეთი ნახევარ ევროპას, აფრიკას და ახლო აღმოსავლეთს აკონტროლებდა. „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე კი 2002 წლის აპრილში მომხდარ თბილისის მიწისძვრას ხელოვნურად ინსპირირებულულად და ქვემო ეშერაში განლაგებული რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან წარმართულად მიიჩნევდა, რადგან ვერტიკალური მიწისძვრა სწორედ პროვოცირებული მიწისძვრებისთვისაა დამახასიათებელი. ამასთან, განმარტავდა, რომ რატომღაც ეს მიწისძვრები ხშირად დაძაბულ სიტუაციებს ემთხვეოდა. კერძოდ, სპიტაკის ვერტიკალური მიწისძვრა დაემთხვა აზერბაიჯან-სომხეთის ე. წ. ყარაბახის კონფლიქტს. 1991 წელში რაჭის მიწისძვრა კი დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

რაც შეეხება 2011 წელს გახსნილ ამერიკელი სენატორის ლუგარის სახელობის ლაბორატორიას, ის ბიოუსაფრთხოების მესამე დონისთვის არის გათვალისწინებული. მასში 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რათა უზრუნველყოფილ იყოს დაცვის ორმაგი და სამმაგი დონე. ამ ლაბორატორიების ქსელის ფუნქციაა ადამიანისა და ცხოველების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც გულისხმობს სხვადასხვა მძიმე ინფექციების აღმოჩენას, დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მეცნიერულ კვლევას. ბიოუსაფრთხოების მესამე დონე კი ლაბორატორიისთვის ნიშნავს შემდეგს: ზოგიერთ საშიშ ინფექციაზე საჭიროა მუშაობა ბიოუსაფრთხოების მესამე დონის დაცვით და იქ მომუშავე პერსონალი უნდა იყოს უფრო უსაფრთხოდ, დაცვის მაღალი სტანდარტი გამოიყენეონ ისეთი ინფექციების კვლევისას, როგორიცაა ტულარემია, ჯილეხი, შავი ჭირი, გრიპის ზოგიერთი სახეობა.

გარდა ამისა, ლუგარის ლაბორატორიას საქართველოში აქამდე არსებულ ლაბორატორიებისგან განასხვავებს გენეტიკური კვლევები. მათი უნიკალური დანადგარი ადამიანის გენუმს შლის 24 საათში, წინამორბედები კი ამას აკეთებდნენ 1 თვეში, 3 თვეში და ა.შ.

რატომ აფრთხობთ რუსებს ე.წ. ლუგარის ლაბორატორია, ხომ არ არის ეს ხელოვნური შეშფოთება მათი მხრიდან და დათმობად ხომ არ აღიქმება ამ ლაბორატორიაში რუსი მეცნიერების შეშვება?!

ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელიც თავის დროზე ამერიკის საჰაერო ძალების აკადემიაში სწავლობდა და ეროვნული უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტში სწორედ ბირთვული განიარაღების საკითხებში იღებდა მონაწილეობას, For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუკი რუსი ექსპერტები ჩამოიყვნეს ლუგარის ლაბორატორიის შესამოწმებლად, ეს პირდაპირ უკავშირდება რუსეთ-ამერიკის უკიდურესად გამწვავებულ ურთიერთობას, რაც ცივი ომის პერიოდში არსებულ დაპირისპირებას ემსგავსება.

ექსპერტის განმარტებით, ამერიკასა და რუსეთს შორის არსებობს უთანხმოება ბირთვული განიარაღების საკითხთან დაკავშირებით. ამას ემატება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ირგვლივ არსებული პრობლემები, რომელიც განხეთქილების ვაშლია ამერიკასა და რუსეთს შორის, ასევე, სირიაში არსებული მდგომარეობა. ამდენად, თუ ლუგარის ლაბორატორიას მასობრივი განადგურების შეიარაღების კუთხით ჰიპოთეტურად შევხედავთ, შეიძლება, ვიღაცას ინსინუაციები გაუჩნდეს, თითქოს აქ მუშავდება ბაქტერიოლოგიური იარაღის კომპონენტები, რადგან შავი ჭირი და მისი მსგავსი დაავადებები ბაქტერიოლოგიური იარაღის კომპონენტია. ამის რეგულირება კი საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე ჯერჯერობით ვერ ხორციელდება, განსხვავებით, ქიმიურ, ბირთვულ შეიარაღებაზე დაწესებული რეგულაციებისგან.

„მოგეხსენებათ, ასადის რეჟიმმა სირიაში გამოიყენა ქიმიური იარაღი აჯანყებულებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ამერიკელებს გაუჩნდათ ინსინუაციები, რომ რუსებმა, როგორც ჩანს, ასადის რეჟიმს ირანელების მეშვეობით გადასცეს ქიმიური იარაღი. ამიტომ, სავარაუდოდ, გაჩნდა ბაქტერიოლოგიური იარაღის საკითხებში უთანხმოება ამერიკელებსა და რუსებს შორის. თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში ბაქტერიოლოგიური იარაღის შემცველი კომპონენტი რომც ყოფილიყო, ისეთნაირად იქნებოდა ის დაცული, რომ არ მოხდებოდა ამის წარმოჩენა და ტრანსპარანტული არ იქნებოდა ეს ობიექტი.

სინამდვილეში, ლუგარის ლაბორატორია როცა გახსნეს, მაშინვე ჩატარდა ღია კარის დღე და წარმოჩინდა მისი მშვიდობიანი საქმიანობა. პირიქით, აქ ხდება შავი ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინების დამუშავება და ამას უფრო ბიოსამედიცინო დატვირთვა აქვს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისივე თქმით, ღორის ჭირზე აპელირებით რუსებს სურთ, ამერიკელებს რაღაც დააბრალონ და ამერიკა-რუსეთს შორის დაპირისპირებას ახალი დინამიკა მიანიჭონ. მეტიც, რუსებს საქართველოს ჩათრევა უნდათ ამერიკასთან ახალ, სტრატეგიულ დონეზე დაპირისპირების ფორმატში და ასეთი რამის დაბრალება პიარ-ტექნოლოგიური იარაღია. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ონიშჩენკოს მდიდარი ფანტაზია აქვს და იგი, როგორც მართული პიროვნება, ყოველ სიტყვას პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ათანხმებს.

ამის მიუხედავად, ვახტანგ მაისაია ეთანხმება, რომ, თუ ეს ობიექტი ვინმესთვის საეჭვოა და ეს ფაქტი დადასტურებულია, თითქოს, აქ მზადდებოდეს ბაქტეოროლოგიური იარაღის კომპონენტი, მაშინ ექსპერტების დაშვება საერთაშორისო რეჟიმის შემადგენელი ნაწილია. მით უმეტეს, არსებობს სტანდარტი, რომ ნებისმიერი მასობრივი განადგურების შეიარაღების, მით უმეტეს, არალეგულირებადი შეიარაღების კომპონენტები უნდა იყოს გახსნილი და ტრანსპარანტული და იქ შეშვება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ამას საერთაშორისო საზოგადოების მონიტორინგი ითვალისწინებს, რათა მოხდეს მასობრივი განადგურების შეიარაღების გაუვრცელებლობის რეჟიმის დაცვა და ამ ჭორებსაც წერტილი დაუსვან.

„სააკაშვილის რეჟიმი არაპროგნოზირებადი იყო და იმ რეჟიმის პირობებში რა უკანონობა ხორციელდებოდა, ეს კიდევ გასარკვევია. საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფებთან მისი კავშირი ლაფანყურის ოპერაციამაც წარმოაჩინა. ამიტომ უნდობლობაც, ალბათ, ამითაა გამოწვეული“, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.

„მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ ლაბორატორიაში ინახება მხოლოდ შტამები და სამხრეთ კავკასიაში მსგავსი ლაბორატორია არ გაგვაჩნია. ამ ტიპის ლაბორატორიები ყოველთვის სერიოზული დაცვის ქვეშაა. თეორიული საშიშროება, რომ რაღაც შტამი ან ვირუსი გავრცელდება მოსახლეობაში, არსებობს. მეტიც, ასეთი შემთხვევები ისტორიაში ყოფილა და თუ არეულობა მოხდა ქვეყანაში, ან საფრთხე შეექმნა ამ ტიპის ლაბორატორიას, იგი სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. ამიტომ, ნინო ჩხობაძე დასაშვებად მიიჩნევს რუსი მეცნიერების ჩამოსვლას, რათა ისინი დარწმუნდნენ, რამდენად არის დაცული თითოეული შტამი. ამავდროულად, იგი ეჭვს გამოთქვამს, ჩამოვლენ კი ისეთი მეცნიერები რუსეთიდან, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ, შეაფასონ ლაბორატორიის უსაფრთხოება და არა ისეთი ექსპერტები, ვისაც შეხება არ ჰქონია ასეთი ტიპის ლაბორატორიასთან?

„ლაბორატორია წარმოადგენს შტამების ბანკს და მეზობელმა ქვეყნებმა უნდა იცოდნენ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა დონის ლაბორატორია არსებობს საქართველოში. ქართული მხარეც მუდმივად ითხოვს იმის გარკვევას, რა ხდება სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე. თუმცა რუსეთი რატომ ხედავს ამაში საფრთხეს, ჩემთვის გაუგებარია, რადგან ასეთი დონის ლაბორატორიები ერთიანად მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით“, - გვითხრა ნინო ჩხობაძემ.

თუ რამდენად უკავშირდება ღორის ჭირის გავრცელება ლუგარის ლაბორატორიას, ამას ნინო ჩხობაძე კატეგორიულად უარყოფს, რადგან ღორის ჭირი გავრცელდა დასავლეთ საქართველოში, ლაბორატორია კი აღმოსავლეთ საქართველოშია. მართალია, აღმოსავლეთ საქართველოშიც იყო ცალკეული შემთხვევები, მაგრამ ძალიან სწრაფად ჩაქრა და ეს რომ ყოფილიყო ვირუსული ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენება, ასე სწრაფად ვერ ჩაქრებოდა.

ექსპერტის თქმით, ეს მოხდა დაავადებული ღორის ხორცის რეგიონში შემოტანის გამო და ღორის ჭირის დაავადება ახალი არ ყოფილა საქართველოსთვის. მისი შტამები ბუნებაში ისედაც არსებობს. ამიტომ ნინო ჩხობაძე ვეტერინარული სამსახურის ფუნქციის აღდგენას და, ცალკეულ შემთხვევაში, კარანტინის გამოცხადებას მოითხოვს.

მისი თქმით, საქართველოში არსებობს ადგილები, სადაც იმარხებოდა დაავადებული ცხოველი და ყველა ასეთი ადგილი ითვლება სერიოზულ კერად დაავადების შემდგომი გავრცელებისთვის. ამიტომ ის კერები უნდა იყოს აღრიცხული, სადაც ცხოველი იმარხებოდა, რადგან ნამარხთან შეხების შემდეგ დაავადება შეიძლება გავრცელდეს წყლით, თუკი მოხდა გაჟონვა წყლის ან ბალახეულ საფარში. ამდენად, ლუგარის ლაბორატორიისთვის ყველაფრის დაბრალებას და, რუსების შიშს, რომ ჩვენ მათ რაღაცას მოვუწყობთ, ნინო ჩხობაძე აბსურდად მიიჩნევს.