პრეზიდენტი, აქამდე, მხოლოდ ოპოზიციონრებს ამკობდა შეურაცმხყოფელი ეპითეტებით, თუმცა უკვე საკუთარ გუნდის წევრებსაც გადასწვდა. მის გუნდში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც ნაციონალების პარტიიდან ცალკეულ პირთა წასვლა მოჰყვა, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი „გუნდისთვის კარგი რამ მოხდა – ბევრი ნაგავი მოიშორა“.
სააკაშვილი აცხადებს, რომ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მას შეუნარჩუნდა ის ხალხი, რომელიც ბოლომდე უყვიროდა და ეჩხუბებოდა. მაგალითად - გიგი უგულავა, გიგა ბოკერია. გიგი უგულავას შესახებ უფრო დაკონკრეტდა და აღნიშნა, რომ მსგავსი არაცერემონიული ადამიანი არ არსებობს. ისინი არ არიან სასიამოვნოდ საურთიერთო ხალხი, მაგრამ, როცა მთავრობაში ხარ, ეს სასიამოვნოა. ამიტომაც პრეზიდენტის თქმით, მთავრობაში ასეთი პოზა ეჭირათ ამ პიროვნებებს, თუმცა, ისე კარგი ადამიანები არიან.
სააკაშვილი არც იმას მალავს, რომ გუნდში ყოველთვის იყო ჩხუბი და კამათი სხვადასხვა საკითხზე, თუმცა ცალკეული თანამდებობის პირები ამას უფრო დელიკატურად აკეთებდნენ. მისთვის კი მთავარია, რომ ამ გუნდმა შექმნა ქართული სახელმწიფო.
ფაქტია, რომ სააკაშვილი გულმოსულია ადამიანებზე, რომლებმაც დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“. ამდენად, გასაკვირი არ არის, მსგავს შეურაცხმყოფელ ეპითეტს, როგორიცაა „ნაგავი“, იგი მომავალშიც გამოიყენებს. შესაძლოა, მისი ტერმინოლოგია ამ „მოღალატე“ ადამიანებთან მიმართებით კიდევ უფრო რადიკალური გახდეს.
ჩვენ შევეცადეთ, დავკავშირებოდით ყოფილ ნაციონალებს, ვინც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, როგორც პარლამენტის წევრებს, ისე - საკრებულოს დეპუტატებს. თუმცა მათი უმრავლესობა ტელეფონს არ პასუხობდა, მათ შორის, მარიკა ვერულაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, გოდერძი ბუკია, ენზელ მკოიანი, იაშა შერვაშიძე და სხვანი. ხოლო, თუ გაგვიმართლებდა და ისინი მობილურს უპასუხებდნენ, მოუცლელობის მოტივით, ცოტა ხანში დარეკვას გვთავაზობდნენ და უკვე მოგვიანებით კი ტელეფონს არ იღებდნენ. ასე მოხდა გოჩა ენუქიძის, გურამ მისაბიშვილის შემთხვევაში. არც საკრებულოს ყოფილი ნაციონალები აღმოჩნდნენ გამონაკლისნი, გიორგი ნემსაძემ ათ წუთში დარეკვა შეგვთავაზა და დათქმულ დროს ტელეფონს აღარ უპასუხა. ასევე მოიქცა ნიკო ხაჩირაშვილი. კოკი იონათამიშვილი კი ზარებს საერთოდ არ პასუხობდა.
ამის მიუხედავად, პრეზიდენტის ნათქვამის შეფასება ვთხოვეთ ფრაქცია „ნაციონალების“ ყოფილ წევრს ზურაბ გაჩეჩილაძეს, იმავე „შონზოს“. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი გაღიზიანებულია, რადგან საკუთარი გუნდი დაკარგა. კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც, ერთი პერიოდი, მისი გუნდის წევრებად მოიაზრებოდნენ.
ზურაბ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ პირადად იგი არასდროს ყოფილა ნაციონალების გუნდის წევრი, უბრალოდ, იგი გახლდათ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი და იქიდან გამომდინარე, რომ მწირი ინფორმაცია ჰქონდა პარტიის შიგნით რაც ხდებოდა, სინანულს არ განიცდის. თუმცა ერთგვარად გულდაწყვეტილია, რომ თურმე იმ იდეალებს ემსახურებოდა, რომლებიც მის პრინციპებს სასტიკად ეწინააღმდეგებოდა.
„ვერტიკალი ისე იყო გადანაწილებული, რომ რამდენიმე ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი იღებდა გადაწყვეტილებას. ჩვენ საქმის კურსში არ გვაყენებდნენ. ამიტომ იმ მომენტისთვის იმის შეგრძნება, რომ ასეთი ცუდი ადამიანების ჯგუფი იყო, არ მქონია. მჯეროდა, რომ ხალხისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებდი. ლოგიკურია, რომ გავემიჯნეთ იმ პროცესებს, რაც ამ პარტიის შიგნით ხდებოდა. არ გვინდოდა, იმ სისტემის ნაწილნი ვყოფილიყავით, რომელიც ხალხს აწამებდა“, - აღნიშნა ზურაბ გაჩეჩილაძემ.
ამასთან გაიხსენა, რომ თავისი პრეზიდენტობის მანძილზე სააკაშვილი ხშირად გამოირჩეოდა მიუღებელი ტერმინოლოგიით, მეტიც, იგი თითქოს გვაჩვევდა ახალ ტერმინოლოგიას და ამით გვაჩვენებდა, როგორ ახლოს არის ხალხთან. ამიტომაც ციტირებდა ქუჩაში დამკვიდრებული ტერმინებით.
ამდენად, ზურაბ გაჩეჩილაძის აზრით, ნაგვებად ყოფილი თანაპარტიელების მოხსენიება სააკაშვილის ჩვეული „სპიჩის“ ერთგვარი გაგრძელებაა და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის.
დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ნაციონალი არასდროს ყოფილა, არცერთი პარტიის წევრად არ მოიაზრებოდა და მომავალშიც ასე იქნება. მეტიც, მისი თქმით, ნაციონალებთან მისი ფრაქციის არცერთი წევრი არ ყოფილა და ყოველთვის ისინი უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები იყვნენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ავტორიტეტით არ მოხვედრილან პარლამენტში.
„ნაციონალების გუნდში ჩემი თავი არასდროს მიმაჩნდა. თუმცა რაღაც პოზიტივს ვხედავდი ქვეყნაში და ამ პოზიტივის ფონზე სურვილი მქონდა, მხარი დამეჭირა იმ მთავრობისთვის. არასდროს მოხდება, რომ ჩვენნაირად ბიზნესიდან წამოსული ხალხი დესტრუქციული ძალა იყოს ქვეყნისთვის. ვალდებულები არავისთან არ ვართ, როგორც დამოუკიდებელი პიროვნებები. ამიტომ ნებისმიერ მთავრობას, რომელიც დაანახებს ჩვენს ხალხს, რომ მოქმედებს ხალხის ინტერესებით, ჩემნაირი ხალხი გვერდში დაუდგება, მაგრამ, თუ დავინახეთ, რომ მთავრობა რაღაცას აშავებს და მუშაობს თავისი თავისთვის და არა ხალხისთვის, ყოველთვის გავემიჯნებით“, - აღნიშნა კახაბერ ოქრიაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილის ბოლოდროინდელ ტერმინოლოგიასაც ახსნა მოუძებნა. მისი აზრით, სააკაშვილი ახლა ცდილობს, გუნდი არ დაეშალოს და ამიტომაცაა ასე გაღიზიანებული. თუმცა კახაბერ ოქრიაშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილი ამ მხრივ ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს.