ნახევარი გზა სახლისკენ

ნახევარი გზა სახლისკენ

უახლოეს მომავალში სასჯელაღსრულების სამინისტრო ახალ ღია ტიპის დაწესებულებას შექმნის, სადაც პატიმრებს შაბათ-კვირას სახლში წასვლის უფლება ექნებათ. ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. შემოდგომაზე კი რუსთავში ახალი სასჯელაღსრულების დაწესებულება გაიხსნება, სადაც პატიმრებს დასაქმების და პროფესიის დაუფლების საშუალება მიეცემათ, ხოლო წლის ბოლოს ციხის ფსიქიატრიული დაწესებულება და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო გაიხსნება.

რამდენიმე თვის წინაც სოზარ სუბარი ადასტურებდა, რომ ყოველ შაბათ-კვირას პატიმრების სახლში გაშვებას გეგმავდა, კვირა საღამოს კი ისინი უკან დაბრუნდებოდნენ. იგი აანონსებდა, რომ გლდანში გაიხსნებოდა ღია რეჟიმის დაწესებულება 100 კაცზე, რომლის ოთახებიც არ დაიკეტებოდა და ეზოში სეირნობა თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი. დაწესებულების ეზოში აუზი, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები, სახელოსნოები იქნებოდა. ასევე, სავარაუდოდ, აპირებდნენ სათბურების გაკეთებასაც. აღნიშნული საპატიმრო დაწესებულება იმ პატიმრებისთვის იქნებოდა განკუთვნილი, რომლებიც მოტივირებული იყვნენ რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში დაბრუნებისთვის.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსპიკერი ირაკლი კორძაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს იქნება არა თავისუფლების აღკვეთის, არამედ თავისუფლების შეზღუდვის ახალი ტიპის დაწესებულება და, მთლიანობაში, არავინ გეგმავს ციხის რეჟიმი დარღვევას და რამდენიმე ათასი პატიმრის შაბათ-კვირას სახლში გაშვებას.

„უბრალოდ, ეს იქნება სრულიად ახალი დაწესებულება თავისუფლება შეზღუდული პირებისთვის, რომელთაც საშუალება ექნებათ, დასვენების დღეები ოჯახთან ერთად გაატარონ. ამ დაწესებულებას გისოსებიც კი არ ექნება და, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მოხვდება დაწესებულებაში, შესაძლებლობა ექნება, მიიღოს განათლება, ისწავლოს ხელსაქმე, დაეუფლოს გარკვეულ პროფესიებს. მეტიც, ამ დაწესებულებას ერქმევა ნახევარი გზა სახლისკენ“, - აცხადებს ირაკლი კორძაია.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ფიზიკის კანონია, რაც მეტია წინააღმდეგობა და დარტყმის ძალა, მით მეტია, უარყოფითის მიღების ალბათობა. ამიტომ ჩვენ ციხეები გვჭირდება არა იმისთვის, რომ იქ ადამიანები დავტანჯოთ, არამედ იმისთვის, რომ ისინი დაფიქრდნენ თავიანთ განვლილ შეცდომებზე და საზოგადოებას დაუბრუნდნენ, როგორც სრულფასოვანი წევრები.

ამდენად, ნანა კაკაბაძის აზრით, ეს ადამიანები რაც უფრო მეტად იქნებიან საზოგადოებასთან ინტეგრირებულნი, უკეთესი იქნება. მეტიც, ხშირად ასეთი სასჯელები უფრო ეფექტურია, ვიდრე სამუდამო პატიმრობა ან მაღალი სასჯელები.

„როდესაც ადამიანმა იცის, რომ ის წლობით გამოკეტილია საპყრობილეში და თავისუფლებას არ ეღირსება, ის უფრო მეტად არის მიდრეკილი კანონდარღვევისკენ, არ აქვს მოტივაცია, რისთვის უნდა მოიქცეს კარგად. ბუნებრივია, ასეთი შეღავათიანი სასჯელები ყველა პატიმრის მიმართ ვერ განხორციელდება, არამედ ეს შეეხება კანონმორჩილ პატიმრებს. მე ვიტყოდი, უფრო ხანრძლივი შვებულებებიც კი არსებობს იმავე ინგლისის თუ სხვა ქვეყნების ციხეებში. შემდგომში ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას მძიმე სასჯელებისთვისაც, შესაძლოა, მკვლელობისთვის არა, მაგრამ, თუ პატიმარს ადმინისტრაცია დადებითად ახასიათებს, მისთვის შეღავათის მინიჭება დანაშაული არ იქნება“, - გვითხრა ნანა კაკაბაძემ.

ამასთან, განმარტა, რომ დღეს პატიმრები იმდენად მოწყვეტილნი არიან რეალობას, რომ, როცა ციხიდან გამოდინ, სრულიად სხვა ეპოქაში ბრუნდებიან. ისინი ვერ პოულობენ საკუთარ ადგილს და ხშირად მათ დანაშაულს სწორედ ეს განაპირობებს, რომ სულ სხვა საზოგადოება დატოვეს და სულ სხვა საზოგადოებას უბრუნდებიან.

ადვოკატი ლალი აფციაური ადასტურებს, რომ ასეთი ჰუმანური პრაქტიკა დასავლეთშია მიღებული და იგი ხორციელდება მას შემდეგ, რაც პატიმრის ქმედება დამაკმაყოფილებლად შეფასდება. კერძოდ, ციხის ადმინისტრაციას პატიმრის ნდობა აქვს, რომ მას გაუშვებენ სახლში და შემდეგ იგი მობრუნდება.

„რამდენად იმუშავებს ეს პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში, ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ, ალბათ, პირველ რიგში, იმ პატიმრებზე გავრცელდება, რომელთაც ნაკლებ მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. რამდენიმე წლის წინაც იყო ამაზე საუბარი, რომ პატიმრებს შაბათ-კვირა შვებულების სახით მისცემოდათ, თუმცა პრაქტიკულად არ განხორციელებულა. ადამიანის რესოციალიზაციისთვის ეს აუცილებელია, პატიმრები უნდა შეეჩვიონ საზოგადოებაში დაბრუნებას. როგორც წესი, მათ სპეციალური ხელბორკილით აკონტროლებენ, რომელიც აჩვენებს მათ გადაადგილებას“, - აღნიშნა ლალი აფციაურმა.