ირანში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობ მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებისადმი მხარდაჭერა გამოხატა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტარანე ალიდოსიტის ირანში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების შესახებ „სიცრუის გავრცელებაში“ ადანაშაულებენ. მსახიობი ღიად აკრიტიკებდა ხელისუფლების მცდელობებს ჩაეხშოთ საპროტესტო ტალღა, ნოემბერში კი Instagram-ზე დემონსტრანტებთან სოლიდარობის ნიშნად ჰიჯაბის გარეშე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
გასულ კვირას კი ალიდოსიტიმ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აქციების ერთ-ერთი მონაწილის სიკვდილით დასჯა დაგმო. პუბლიკაციაში 38 წლის ქალმა საერთაშორისო ორგანიზაციები გააკრიტიკა იმისა გამო, რომ მათ მოჰსენ შექარის სიკვდილით დასჯას ხელი არ შეუშალეს. კაცი 8 დეკემბერს ჩამოახრჩვეს.
სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ალიდოსიტის დაპატიმრების მიზანი ის გახდა, რომ მან მისი განცხადებების დასამტკიცებლად საბუთები ვერ წარადგინა. მსახიობის ანგარიში Instagram-ზე, რომელსაც 8 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, წაშლილია.
ალიდოსიტი ირანის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობია. მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა სურათში „კომივოიაჟორი“, რომელმაც 2016 წელს „ოსკარი“ მიიღო კატეგორიაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“.
მასობრივი საპროტესტო აქციები ირანში 22 წლის ქურთი გოგონას - მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.
ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო, თეირანის ზნეობის პოლიციამ ის 13 სექტემბერს დააკავა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გოგონა გარდაიცვალა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ცუდად გახდა განყოფილებაში, საიდანაც ის გადაიყვანეს საავადმყოფოში და სწორედ იქ გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი დაკავების დროს სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა.
„უფლებადამცველთა საინფორმაციო სააგენტოს“ (Human Rights Activists' News Agency), ამ ეტაპზე ირანის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 488 დემონსტრანტი მოკლეს, 18 259 კი დააპატიმრეს. მათივე მონაცემებით, დაღუპულია უსაფრთხოების ძალების 62 თანამშრომელი.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე ტარდება. ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებში მონაწილე 2 ადამიანი დასაჯა სიკვდილით. დეკემბრის დასაწყისში Amnesty International-ში აცხადებენ, რომ იგივე განაჩენი კიდევ 18 ადამიანს ემუქრება. 12 მათგანს სიკვდილი უკვე მიუსაჯეს, დანარჩენების სასამართლო პროცესი კი ჯერ არ დასრულებულა.