ევროკავშირი Twitter-ის მფლობელს, ილონ მასკს სანქციებით დაემუქრა მას შემდეგ, რაც სოციალურმა ქსელმა რამდენიმე ჟურნალისტის, მათ შორის New York Times-ის, CNN-ისა და Washington Post-ის ჟურნალისტების პროფილები დაბლოკა.
ევროკომისარმა ვერა იუროვამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ციფრული სერვისების შესახებ კანონი მოითხოვს მედიის თავისუფლების პატივისცემას.
„ილონ მასკმა უნდა იცოდეს ამის შესახებ. არსებობს წითელი ხაზები და სანქციებიც. შემაშფოთებელია Twitter-ზე ჟურნალისტების თვითნებური დაბლოკვა“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
Twitter-ის ნდობისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ელა ირვინის განმარტებით, დაბლოკვები უკავშირდება ახალი წესის ამოქმედებას, რომელიც პლატფორმაზე სხვა ადამიანის მარშრუტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს.
ილონ მასკის თქმით, ანგარიშები, რომელშიც კერძო პირების შესახებ პირადი ინფორმაცია ვრცელდებოდა, დროებით, 7 დღით დაიბლოკება.