ხელისუფლების სათავეში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, უვადო პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანის საქმე აღმოჩნდა პირველი, რომლის ხელახალი განხილვის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს - გვიჩიანის საქმის განხილვა 10 სექტემბრისთვისაა ჩანიშნული. ამ სიახლის შესახებ გიორგი გვიჩიანის უფლებების დამცველმა, ადვოკატმა მალხაზ ჯანგირაშვილმა მაცნობა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოში შევხვდი და ვესაუბრე. მას კითხვები აფრასიძეების საქმის ირგვლივაც დავუსვი.
რა სიახლეა აფრასიძეების საქმეში, სად არიან ძმები აფრასიძეები?
მალხაზ ჯანგირაშვილი: გოჩა და შმაგი აფრასიძეები ამჟამად თავისუფლები არიან, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ მართლმსაჯულებასთან ურთიერთობა დაასრულეს, რამდენადაც ჩვენ ველოდებით ხარვეზების აღმომფხვრელი კომისიის შექმნას, რომელსაც გოჩა და შმაგი აფრასიძეების მიმართ უკანონო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით მივმართავთ.
მანამდე აფრასიძეების საქმის ხელახალი განხილვის დაწყების რაიმე მექანიზმი არ არსებობს?
- მექანიზმი არსებობს - ესაა ახლადგამოვლენილი გარემოებით განაჩენის გადახედვა. აფრასიძეების საქმეზე არაერთი ახლადგამოვლენილი გარემოება გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ და სასამართლოში თავისუფლების უფრო ძლიერი სიოს დატრიალებას ველოდებით, როცა მოსამართლეები რეალურად იგრძნობენ რას ნიშნავს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.
თავისუფლების სიოს დატრიალების იმედი იმ მოსამართლეების პირობებში გაქვთ, რომელთა უმრავლესობა ქვეყანაში არსებულ რეჟიმს ემსახურებოდა?
- გულწრფელი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ამის დიდი იმედი მაქვს, რამდენადაც ვიცი ამ მოსამართლეებს განაჩენებში რა უწერიათ. ამის მაგალითად გიორგი გვიჩიანის საქმე გამოდგება, სადაც მოსამართლეებს - ნაირა გიგიტაშვილს, მიხეილ ბებიაშვილს და ლევან ბარდაველიძეს განაჩენში უწერიათ, რომ ადამიანის ძვალი არის ელასტიური, იწელება, იკუმშება და ტყვიის გულამ ძვალზე შეიძლება თავისზე მცირე მოცულობის დაზიანება დატოვოს.
აი, ასეთი მოსამართლეები ემსახურებოდნენ რეჟიმს და შემდგომში ამგვარი მოსამართლეების შესაძლო ობიექტურობას კატეგორიულად გამოვრიცხავ, ვინაიდან ისინი თავიანთი უკანონო განაჩენების მონებად დარჩებიან, მაგრამ მათთან ერთად არსებობენ შედარებით გაუსვრელი მოსამართლეები. მათ უკვე გამოაქვთ ობიექტური განაჩენები.
მაგალითად ვისი დასახელება შეგიძლიათ?
- მაგალითად, ხათუნა ხარჩილავას დასახელება შემიძლია.
აფრასიძეებს ამნისტია შეეხოთ, პოლიტპატიმრების სტატუსით გამოვიდნენ თუ როგორ მოხდა მათი გათავისუფლება?
- ამნისტია და ვადამდე პირობითი გათავისუფლება შეეხოთ. აფრასიძეები პოლიტპატიმრებად სამწუხაროდ, არ ცნეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები გამოკვეთილად პოლიტიკური ნიშნით დაჭერილები იყვნენ.
რატომ არ ცნეს პოლიტპატიმრად აფრასიძეები?
- ამ საქმეზე სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე ისეთი შიდა სამუშაოების შესრულება გვიხდებოდა, რომ საპარლამენტო კომისიისთვის მიმართვა ვერ მოვასწარით, მაგრამ იმ სამუშაო ჯგუფს შევხვდით, რომელმაც სიები პარლამენტს გადასცა. ამ სიებში აფრასიძეების არყოფნის გამო დღემდე გაკვირვებული ვარ.
გთხოვთ, მოკლედ შეგვახსენოთ აფრასიძეების საქმის დეტალები.
- აფრასიძეების ისტორია უპრეცედენტოა - 2004 წლის 24 მარტს სახელმწიფომ ერთი ოჯახის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა, რომელიც შედგებოდა 1 200-მდე შეიარაღებული, ნიღბიანი, ყველანაირი სახის შეიარაღებული ადამიანისგან და 12 ვერტმფრენისგან. სახეზეა დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, არაერთი მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, ამ ე.წ. სპეცოპერაციის დროს მთელი ოჯახი გაანადგურეს - ორი ადამიანი დახვრიტეს, ორი უკანონო პატიმრობაში აიყვანეს, მათ მიმართ არნახული არასამართლიანი სასამართლო განხორციელდა.
რა ბრალდებით გაასამართლეს?
- მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გაასამართლეს, თითქოსდა ამ ე.წ. სპეცოპერაციის დროს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს და პოლიციელების სიცოცხლის ხელყოფა სცადეს. ე.წ. დაზარალებულად ცნეს 11 ადამიანი, რომლებიც თითქოსდა ვერტმფრენში ისხდნენ. პროცესზე ვერც ერთი მათგანის დაკითხვას ვერ მივაღწიეთ. ოჯახის ერთი წევრი ფსიქიატრიულში მოხვდა. იგი პერიოდულად სტაციონარში დღემდე მკურნალობს.
ამ ე.წ. სპეცოპერაციიდან ხუთი წლის შემდეგ, 2009 წლის 2 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა საჯარო განცხადებით აღიარა, რომ ის იყო აფრასიძეების განზრახ, ჯგუფური მკვლელობის ორგანიზატორი. ალბათ, გახსოვთ, მან განაცხადა, რომ აფრასიძეების დაბომბვის და განადგურების ბრძანება თავად გასცა, რაც ადგილზე, სისრულეში მოიყვანეს ვანო მერაბიშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა და გიორგი ბარამიძემ.
ოჯახის განადგურების შემდეგ შემთხვევის ადგილი ზედმიწევნით დაათვალიერეს. აღმოჩნდა, რომ აფრასიძეების ოჯახში სასროლად ვარგისი, არც ერთი ცეცხლსასროლი იარაღი არ იყო. ეს ადასტურებს, რომ სახელმწიფომ ერთი ოჯახის წინააღმდეგ აბსოლუტურად უკანონო, დანაშაულებრივი აქტი განახორციელა. ყველა ის ადამიანი, ვისაც აფრასიძეების სისხლში ხელები გასვრილი აქვს, აუცილებლად უნდა გამოვლინდეს და უმკაცრესად დაისაჯოს.
როდის გადაიხედება უვადო პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანის საქმე?
- ცნობილია, რომ მას ბრალად ედება „თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის შეკვეთა. გვიჩიანის შემთხვევა უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ 2013 წლის 28 იანვრის შემდეგ ის უკანონო პატიმრადაა გამოცხადებული, ვინაიდან, როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ასევე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა საჯაროდ განაცხადეს, რომ გიორგი გვიჩიანი უდანაშაულოა. მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულის ოჯახს საქმის გაუხსნელობის გამო მოუბოდიშა. ამ ყველაფერის მიუხედავად, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო, უკანონო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ მიიღო. დაცვის მხარემ სასამართლოს კვლავ მიმართა, ოღონდ ამჯერად აქცენტი სხვა ახალ გარემოებაზე იყო გაკეთებული.
მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 12 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გიორგი გვიჩიანის და ნიკა ჩემიას შუამდგომლობები, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არსებითი განხილვისთვის დასაშვებად ცნო. პროცესი 10 სექტემბერსაა ჩანიშნული.
ესაა პირველი საქმე, რომლის ხელახლა გადახედვის გადაწყვეტილება ახალი ხელისუფლების დროს მიიღეს?!
- დიახ, ასეა.
როგორ აფასებთ ამ ფაქტს?
- ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რამდენადაც სასამართლო ვალდებული იყო ეს ნაბიჯი ჯერ კიდევ პირველი შუამდგომლობის დროს გადაედგა. მოცემულ შემთხვევაში მადლობის სათქმელად განწყობილი არა ვარ, ვინაიდან ვალდებულები იყვნენ შუამდგომლობა მიეღოთ და ასევე ვალდებულები არიან საქმე ობიექტურად, მიუკერძოებლად განიხილონ და უკანონო პატიმრები - გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.