სააკაშვილის თანაგუნდელებმა პირველ რიგში მას უნდა მოუწოდონ, ზედმიწევნით შეასრულოს მკურნალობის კურსი, როგორც ეს არის აუცილებელი მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის. ეს უნდა იყოს მთავარი გეგმა. მათი მთავარი გეგმა დღეს არის სხვა, როგორმე სააკაშვილი დასუსტდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ანომალიური ქმედებები აქვთ. მათი საგანგებო მიზანი არის მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა. კიდევ ერთი მიზანია სააკაშვილის ფაქტორის არდავიწყება, რომ გარკვეულწილად პარლამენტიდან გასვლის მოთხოვნა არ იყოს აქტუალური თემა. პარლამენტის წევრის შიმშილობა, რასაკვირველია, მართლაც საყურადღებო და პიარულად საკმაოდ გაყიდვადია, თუკი ამ თემასაც მიაქცევს ყურადღებას ის კომპანია, რომელიც სპეციალურად დააქირავეს სააკაშვილის თემის გასაცხელებლად, არ არის ეს ქმედება სწორი, ვინაიდან სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება კანონიერია. ყველაფერი კეთდება, რათა მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს. ვფიქრობ, მისმა თანაგუნდელებმა პირველ რიგში მას უნდა მოუწოდონ, ზედმიწევნით შეასრულოს სამედიცინო გუნდის მიერ დაწესებული რეჟიმი, მკურნალობის კურსი, როგორც ეს არის აუცილებელი მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის. ეს უნდა იყოს მთავარი გეგმა. მათი მთავარი გეგმა დღეს არის სხვა, როგორმე სააკაშვილი დასუსტდეს და ეს იყოს ძლიერი ფაქტორი, ძლიერი არგუმენტი მათ შორის საერთაშორისო ტრიბუნიდან განცხადებების გასაკეთებლად“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში სხდომათა დარბაზთან შიმშილობა გუშინ დაიწყეს. პროტესტს დღეს თემურ ჯანაშიაც შეუერთდა. მათი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.