უკვე მესამედ მოუწია იუსტიციის სამინისტროს კადრების გასაჯაროება და სამივე შემთხვევა იყო პასუხი ფეიკ-კამპანიებზე, რომელსაც აწარმოებდა ნაცმოძრაობა იმისთვის, რომ მათ უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება - ეს არის ერთ-ერთი მიზანი ამ ფეიკ-კამპანიის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მათ უნდათ ქვეყანაში ვითარების არევა. ხედავენ, რომ ის კანდიდატები, რომლებიც მრავლად არიან წარმოდგენილი ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის პოსტზე, ამას ვერანაირ ვერ მოახერხებენ. აქედან გამომდინარე, ისინი ფიქრობენ, რომ არეულობის შემოტანის ერთადერთი რესურსი აქვს სწორედ სააკაშვილს. რაც შეეხება კადრებს, 3 სხვადასახვა შემთხვევა იყო, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეოკადრები. თავიდან იყო ერთი ფეიკ-კამპანია, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. წამებას - უწყებას მოუწია იმ კადრების გასაჯაროება, რომელიც უკავშირდებოდა პატიმარ სააკაშვილის გადაყვანას ერთი საპატიმროდან მეორეში. მეორე შემთხვევა დაკავშირებული იყო შიმშილობასთან - იქაც იყო სრული ფეიკ-კამპანია, რომელიც უკავშირდებოდა იმას, რომ თითქოს სააკაშვილი 60 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ჯერ მსოფლიო რეკორდია 60 დღე შიმშილობა, წარმოუდგენელია. აქაც მოუწია იუსტიციის სამინისტროს კადრების გავრცელება, სადაც ჩანს, თუ როგორ იკვებება მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი. რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, სასამართლოზე ვერ მოხერხდა სააკაშვილის ჩართვა, რასაც მოჰყვა სპეკულაციების ახალი ტალღა. მანამდე იყო 400-დღიანი კამპანია - 400 დღე საუბრობდნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რომ დღეს არა, ხვალ დაიღუპება სააკაშვილი. ვიღაცებს აჯერებენ, ამიტომ არის საჭირო პასუხი ასეთ კამპანიებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ვიდეოკადრები სხვადასხვა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ასახავს.