სასამართლოსთვის დაამთხვიეს ყველაფერი ისე, რომ ჩართვის დროს მისი სიკვდილის პირას ყოფნის სცენა უნდა გათამაშებულიყო , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 9 დეკემბრის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დაგეგმილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩართვით გათამაშებულიყო „სასიკვდილო სარეცელზე მყოფის“ სცენა.
„ჩემი დაკვირვებაა, რომ მთელი კვირა მიმდინარეობდა საუბარი, რომ ადამიანი უკვე სასიკვდილო სარეცელზეა და ახლა ჩვენ გაჩვენებთ ამ სურათს, რათა მთელი ქვეყანა აზვირთდეს, რომ ადამიანი მოწამვლით და წამებით როგორ კვდება. ეს იყო ათდღიანი საშინაო თუ საგარეო პროცესების, თავის რეზოლუციანად კვინტესენცია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და მისი მეგობრების სპეკულაციას არ უნდა მიეცეს გასაქანი.
„რომელიმე კონსილიუმმა - „ემპათია“ ან სახალხო დამცველი გვითხრა, რა ჭირს ამ ადამიანს ისეთი, რომ საზღვარგარეთ არის გადასაყვანი? - არავინ გვითხრა, არც არავინ მოგვცა ბოლომდე მათი კონსილიუმის დასკვნა, რადგან ეს ყველაფერი წყალია. არც მის მკურნალ ექიმს არ აქვს მისი ნებართვის გარეშე უფლება, რომ ბოლომდე გითხრას, რა სჭირს - რომ ეთქვა, მერე გენახათ, რა ამბები ატყდებოდა, სამედიცინო საქმიანობის უფლებას შეუწყვეტდნენ, ეს იციან და ამით მიდის სპეკულირება. პროპაგანდა მიდის გეგმაზომიერად იმის, რომ „აი, ახლა ბოლო კადრი იქნება, მომაკვდავ ადამიანს გაჩვენებთ თქვენ კადრში“ და ამას უნდა გამოეწვია რევოლუციური ვნებათაღელვების აგორება კიდევ ერთხელ, მეტი კი არაფერი არ უნდა ყოფილიყო. მის და მისი მეგობრების სპეკულაციას არ უნდა მიეცეს ისეთი გასაქანი, რაც ეროვნული ინტერესების დამაზიანებელია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.