შიმშილობა პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია - ერთადერთი, ვინც მიხეილ სააკაშვილის უფლებებს იცავს, ეს არის სწორედ ხელისუფლება , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არავინ კლავს, როგორც ამას ამბობენ.
"ჩვენ წელიწადზე მეტია ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით პოლიტიკურ სპეკულაციებს სულ მცირე, სამედიცინო სპეკულაციაზე არაფერს ვიტყვი, ამაზე ალბათ, სამედიცინო დასკვნამ უნდა ისაუბროს. პოლიტიკური სპეკულაცია გრძელდება, ვფიქრობ, ეს შიმშილობაც გარკვეულწილად ამ პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილი და გაგრძელება გახლავთ. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმსჯელებს სამედიცინო კონსილიუმი და იმსჯელებს სასამართლო, მათ შორის, მის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ის, რასაც საქართველოს წინააღმდეგ აკეთებენ, რომ სახელმწიფო კლავს ყოფილ პრეზიდენტს და ა.შ. მორიგ ჯერზე დამტკიცდა, რომ არავინ არავის კლავს და მასზე ისე არავინ არ ზრუნავს, როგორც ეს ხელისუფლება. მე მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ე.წ. მის მომხრეებს სურთ ყველაზე ცუდი მისთვის და ერთადერთი ვინც მის უფლებებს იცავს, ეს არის სწორედ ხელისუფლება", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამ პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს.