გია ვოლსკი: დასავლურ პოზიციაზე ვართ არა იმიტომ, რომ ვინმეს ვეკეკლუცებით და ვეპრანჭებით, ევროატლანტიკური დამოკიდებულება მოდაშია და ტრენდია - აქ არის ქვეყნის შვება და გადარჩენა

გია ვოლსკი: დასავლურ პოზიციაზე ვართ არა იმიტომ, რომ ვინმეს ვეკეკლუცებით და ვეპრანჭებით, ევროატლანტიკური დამოკიდებულება მოდაშია და ტრენდია - აქ არის ქვეყნის შვება და გადარჩენა

არის თუ არა აფხაზებთან პირდაპირი მოლაპარაკება შესაძლებელი? - არ არის! - სტრატეგიული გეგმა, რომელიც რუსეთს გააჩნია, ჩვენი და აფხაზების, ჩვენი და ცხინვალის რეგიონის ოსების ერთმანეთთან საუბარს არ ითვალისწინებს! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მოსმენისას გააკეთა.

ვოლსკის თქმით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპაციას არა იმ მიზნით, რომ აფხაზი ქართველისაგან დაიცვას, აფხაზებს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს ან ომის საშიშროება არ დაუშვას, არამედ იმიტომ, რომ მას აქვს სტრატეგიული პოლიტიკური გეგმა და ამოცანა, რომელიც გაცილებით უფრო დიდი, მზაკვრული და ცივსისხლიანია.

“ჩვენ ამ შემთხვევაში მათთვის მეათეხარისხოვანი ფაქტორი ვართ. დაპირისპირება გაცილებით უფრო გლობალური და საფრთხის შემცვლელია - ახლოს არის ბირთვულ დაპირისპირებასთან, რომელიც რუსეთს დასავლეთთან გააჩნია. რატომ ვართ ჩვენ დასავლურ პოზიციაზე? - იმიტომ კი არა, რომ ვინმეს ვეკეკლუცებით და ვეპრანჭებით, რომ ევროპული ინტეგრაცია და ევროატლანტიკური დამოკიდებულება მოდაშია და ტრენდია - არა! ეს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე სწორედ ასეა გათვლილი და დანახული. აქ არის ქვეყნის შვება და ქვეყნის გადარჩენა!“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “იქითა მხრიდან ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ მხოლოდ ორი სახელმწიფოს წარმომადგენელს შეუძლია ერთმანეთს შეხვდეს და თუ არა აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, სხვა ფორმატი მათთვის ამ არსებობს“.

ამას კი, ვოლსკის თქმით, რუსეთის ფედერაცია განაპირობებს, რომლის გეგმა საქართველოს გეგმას არ ემთხვევა.

“მართლაც ვისურვებდი აფხაზეთში ჩოხით ჩასვლას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა საჭირო გახდება იმ ჩოხასაც შემოგახევენ და იმ ქილებსაც, რომელიც ჩოხაზეა განთავსებული, სულ სხვა დანიშნულებით გამოიყენებენ.

ვართ ცეცხლის შუა, ვართ პატარა ქვეყანა, პატარა რესურსებით გადარჩენა-არგადარჩენის დილემის წინაშე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტმა შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს “მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინა.