შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შსს-ს აჭარის სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ბედია ქ. დააკავეს, რომელმაც ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლებს მამუკა კომახიძეს და ზვიად ქათამაძეს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. 

დადგინდა, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოში ტბელ აბუსერიძის 1-ელ ნომერში მდებარე სილამაზის სალონიდან გამოძახება შევიდა. მოქალაქის განცხადებით, სალონში შესული იყო ახალგაზრდა პირი, რომელმაც სავარაუდოდ აღნიშნული სალონი წინა დღეს გაქურდა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე ინსპექტორ-გამომძიებლები კომახიძე და ქათამაძე გამოცხადნენ აღნიშნულ სალონში, ეჭვმიტანილმა მამუკა კომახიძეს ცივი იარაღით ერთი ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენა, ხოლო ზვიად ქათამაძეს ხელის არეში. პოლიციელებმა განახორციელეს დევნა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ერთად სავარაუდო ეჭვმიტანილი ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაზე მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

ეჭვმიტანილი წარსულში ქურდობისა და ძარცვის მცდელობისათვისაა ნასამართლევი.

დაჭრილი სამართალდამცველები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი დახმარება გაუწიეს. ამ დროისთვის ორივე მათგანი გაწერილია სამკურნალო დაწესებულებიდან.

ამ ეტაპზე გამოძიება პოლიციის მუშაკისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 353-ე მუხლით).
გამოძიების პროცესში დაკავებულს სავარაუდოდ ბრალი ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობის მუხლით დაუმძიმდება.