„რუსეთის მხრიდან კონტრღონისძიებებს უეჭველად უნდა ველოდოთ“

„რუსეთის მხრიდან კონტრღონისძიებებს უეჭველად უნდა ველოდოთ“

ჩრდილოეთ კავკასიაში გამოუცხადებელი ომი გრძელდება. მსოფლიო საზოგადოებრიობა კრემლის ღია ანტიკავკასიურ ხაზზე საუბრობს. თავად მოსკოველი უფლებადამცველებიც აღიარებენ, რომ შეთითხნილი დანაშაული და წამება ანტიტერორისტული ოპერაციების აუცილებელ ნაწილად იქცა.

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ჯეიმსთაუნის ფონდი“ თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ „რუსეთის ანტიკავკასიური პოლიტიკა საერთაშორისო საზოგადოებისთვის სულ უფრო თვალსაჩინო ხდება“. ხოლო რუსული „მემორიალი“ აცხადებს, რომ „წამება ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიტერორისტული ოპერაციების ნაწილად იქცა“.

ამ ფონზე ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, რიგი შენიშვნების მიუხედავად, გამართლებულად მიიჩნევს, თუმცა თვლის, რომ რუსეთის მხრიდან კონტრღონისძიებებს უნდა ველოდოთ.

„რუსეთი ამ რეგიონში იმას იმკის, რაც თავად დათესა. გარდა ამისა, მას საქართველოს მიერ ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ გადადგმული ნაბიჯები არ უნდა უკვირდეს, რადგან წლების განმავლობაში ანალოგიურ ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების მიმართ თავად დგამდა. გავიხსენოთ 2003 წლის ზაფხული. როგორც რუსეთმა შემოიღო გამარტივებული სავიზო რეჟიმი აჭარის მოსახლეობის მიმართ, ისე საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ანალოგიური ნაბიჯი ჩრდილოეთ კავკასიელთათვის. ამ თვალსაზრისით შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გარკვეულ ნაბიჯებს იმეორებს“, - აცხადებს ექსპერტი.

მისივე თქმით, სპეციალისტებს დიდი ხანია, მიაჩნიათ, რომ რეგიონული პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყოს:

„წლების განმავლობაში მხოლოდ დასავლეთზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ ძალიან უკან დაგვწია და ახლა სიტუაციის სასწრაფოდ უკან დაბრუნება გვიწევს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კავკასიის ქვეყნებმა დიდ სახელმწიფოებს ხმამაღლა დაუწყეს ლაპარაკი. პირველ რიგში, აზერბაიჯანს და სომხეთს ვგულისხმობ. ეს ეხება სომხურ-თურქულ ურთიერთობებს, რომელიც პრაქტიკულად ორი ქვეყნის ლიდერების „მუშაობით“ ჩავარდა. ამ პროექტში ჩართულები იყვნენ რუსეთიც, აშშ-ც და სხვებიც. ასე, რომ რეგიონის პატარა ქვეყნების გააქტიურებამ საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული მაგალითიც მისცა“, - თვლის არეშიძე, რომლის აზრით, „ცხადია, აქ რუსეთის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ მხოლოდ დასავლეთზე ორიენტირებით რეგიონულ და განსაკუთრებით კონფლიქტის რეგიონებში არსებულ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ“.

„ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯები შემიძლია, გამართლებულად ჩავთვალო. სხვა საკითხია, რამდენად გათვლილია ჩვენი პოლიტიკა იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება, პროცესში გაჩნდეს. პირადად მე აქტიურ გათვლებს ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, რუსეთი შეეცდება, შექმნილი სიტუაცია, თუნდაც ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქება სათავისოდ გამოიყენოს.

ბოლო დროს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტები ერთგვარ მოსინჯვად მიმაჩნია იმისა, რამდენად მზად არიან ქართული სპეცსამსახურები ახალ რეალობაში საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს საფრთხეები ყოველთვის არსებობდა და მაშინაც იარსებებს, ჩვენ რომ არანაირი პოლიტიკა არ გავატაროთ. ასე, რომ, საქმეს სჭირდებოდა, სერიოზული ნაბიჯები გადადგმულიყო და კარგია, რომ გადაიდგა, თუმცა კონტრღონისძიებას უეჭველად უნდა ველოდოთ“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ჯეიმსთაუნის ფონდი“ საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის სერიოზულ კონკურენტად განიხილავს. როგორც ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, „რუსეთის ანტიკავკასიური პოლიტიკა საერთაშორისო საზოგადოებისთვის სულ უფრო თვალსაჩინო ხდება“.

პუბლიკაციის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ 2010 წელს ოფიციალურმა თბილისმა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ საკუთარი პოლიტიკა შეცვალა.

„ბოლო დროს საქართველოს სახით რუსეთს ამ რეგიონში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. შექმნილ სიტუაციაში მოსკოვს მოუწევს, ან ახალ რეალობას შეეგუოს, ან თბილისის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული პოლიტიკა გაატაროს, თუმცა თავად რუსეთის შიდა პრობლემების გათვალისწინებით, ამ უკანასკნელი სცენარის განხორციელება ნაკლებ სავარაუდოა“, - თვლიან ფონდის ექსპერტები.

„წამება ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიტერორისტული ოპერაციების ნაწილად იქცა“, – ამ დასკვნამდე მივიდა ადამიანის უფლებათა დაცვის ცნობილი რუსული ცენტრი „მემორიალი“.

მისივე შეფასებით, „ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციები რეალურად არა ტერორიზმთან ბრძოლას, არამედ მის განმტკიცებას ემსახურება“.

ცენტრის წარმომადგენლის ალექსანდრე ჩერკასოვის განცხადებით, „რეგიონში სპეცოპერაციები 10 წელზე მეტია, ტარდება, თუმცა ტერორი გრძელდება, ხოლო ძალოვანთა საჩივრები მათი უფლებების შეზღუდულობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“.

„ომი არა ტერორისტების, არამედ მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს, ვინც არატრადიციულ ისლამს ქადაგებს. ამასთან, შეთითხნილი დანაშაული და წამება ანტიტერორისტული ოპერაციების აუცილებელ ნაწილად იქცა. ამან იქამდე მიგვიყვანა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფოს აღარ ენდობა“, - აცხადებს ჩერკასოვი.