დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სეირან ოჰანიანი დაბა ურეკში საზაფხულო რეზიდენციაში მიიღო. შეხვედრას დაესწრო ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.
შეხვედრაზე მხარეებმა კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა თანამშრომლობის პერსპექტივებს.
სეირან ოჰანიანს საქართველოში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მასპინძლობს. დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ალასანიამ სომეხ კოლეგასთან უკვე გამართა პირისპირ შეხვედრა. ასევე, შედგა გაფართოებული შეხვედრა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის დელეგაციებს შორის.
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ორდღიანი ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.