საქართველო და რუსეთი, დუმილი სოჭთან დაკავშირებით

საქართველო და რუსეთი, დუმილი სოჭთან დაკავშირებით

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ გადადგა გასული წლის ოქტომბერში, იყო განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო ნამდვილად მიიღებს მონაწილეობას სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მომავალ წელს, რაც გახლდათ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე გამიზნული სტრატეგიის ნაწილი. ეს სტრატეგია ეხება ყველა საკითხს, გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა.

სოჭის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული ყველაზე პრობლემატური საკითხი ეხება უსაფრთხოებას. თუკი საქართველო ბოიკოტს გამოუცხადებს ამ თამაშებს, ნებისმიერი ტერორისტული ინციდენტის შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება იოლად მიაგნებს „ქართულ კვალს“. ამ შემთხვევაში დავუბრუნდებით ბრალდებებისა და კონტრ-ბრალდებების იმავე დინამიკას, რომელიც დაფიქსირდა პანკისის ხეობის გარშემო და ესოდენ დიდი ზიანი მიაყენა ურთიერთობებს ამ ორ ქვეყანას შორის 1999 წელს დაწყებული ჩეჩნეთის მეორე ომის დროს.

რეალობა კი ასეთია. საქართველო ისევეა დაინტერესებული ზამთრის ოლიმპიადის წარმატებაში, როგორც ნებისმიერი სხვა მონაწილე ქვეყანა. მიუხედავად ამისა, კვლავ ისმის მნიშვნელოვანი კითხვა: შეძლებს კი ეს ორი ქვეყანა თანამშრომლობას უშიშროებასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად?

ჩემი განწყობა სკეპტიკურია. რუსეთის კუთვნილ ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიებს ძალიან გრძელი საზიარო სასაზღვრო ზოლი აქვს საქართველოსთან, მაგრამ თანამშრომლობა ამ ზოლის გაყოლებაზე აქტიურობით ვერ გამოირჩევა ამ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. ჩეჩნეთის პირველი ომიდან მოყოლებული პანკისის ხეობასთან დაკავშირებულ სკანდალამდე და შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში, დაღესტნის საზღვართან, იდუმალებით მოცულ ვითარებაში გახსნილი ცეცხლის ინციდენტამდე ნათელი იყო, რომ სხვადასხვა ბოევიკები მთებს უყურებენ, როგორც საზღვარს, რომლის გადაკვეთაც სურვილისამებრ არის შესაძლებელი. რუსულმა მხარემ მდგომარეობა კიდევ უფრო გაამძაფრა 2004 წელს, როცა საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ ხმა მისცა ეუთოს სასაზღვრო მონიტორინგის მისიის გაუქმებას საქართველოს მხარეს, მთიან რეგიონებში.

აპრილში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე თბილისში ზურაბ აბაშიძემ (საქართველოს წარმომადგენელი რუსეთთან მოლაპარაკებებში) და რუსეთის წარმოამდგენელმა, (ქართული წარმოშობის) გიორგი კუნაძემ გამართეს დისკუსია. მე ვკითხე აბაშიძეს, ამოტივტივდა თუ არა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხი რუს კოლეგასთან დისკუსიის დროს. ასევე ვთხოვე კუნაძეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება. აბაშიძის თქმით, ეს საკითხი არ განხილულა, თუმცა ფარულად მიუთითა, რომ ამის იმედი ჰქონდა. კუნაძემ კი განაცხადა, რომ, მისი აზრით, ეს საკითხი არ არის საკმარისად აქტუალური, რათა ღირდეს მისი განხილვა ქართულ მხარესთან.

შეიძლება მართლაც მიმდინარეობს ფარული საუბრები, თუმცა ვეჭვობ. ყველაზე ნათელი დასაბუთება კი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო და რუსეთი ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გეგმავენ მშვიდ და უპრობლემო ზამთრის ოლიმპიადას.

http://www.carnegie.ru/eurasiaoutlook/?fa=52424&lang=en