„თეთრი საყელოებით“ ჩადენილი დანაშაული

„თეთრი საყელოებით“ ჩადენილი დანაშაული

„მსოფლიოში რეკომენდებულია, რომ „თეთრი საყელოს“ დანაშაულისას დაპატიმრება არ იყოს გამოყენებული“, - აცხადებენ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიიჩნევენ, რომ ასეთი ტიპის დანაშაულის დროს მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, თავი ავარიდოთ დაკავებას და უნდა გამოვყოთ კრიტერიუმები, თუ რა შემთხვევაშია დაკავება აუცილებელი.

„თეთრი საყელოს“ მიღმა იგულისხმება არაძალადობრივი, არამედ - ინტელექტუალური შესაძლებლობებით ჩადენილი სამოხელეო დანაშაული, ასევე, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულები, რომელიც მითვისებას, გაფლანგვას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ფიზიკური ძალის გამოუყენებლობას გულისხმობს, როდესაც ადამიანს შეუძლია, კაბინეტში სუფთად ჩაიდინოს დანაშაული.

უკვე ცნობილია, რომ ამ ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი. თუმცა „თეთრი საყელოს“ დანაშაულთან მიმართებით საზოგადოებაში არაერთგვაროვანი პოზიციაა. ჩნდება კითხვები, ეს ინიციატივა ხომ არ გახდება წახალისება იმისკენ, რომ მომავალში სხვა ჩინოვნიკებმაც დანაშაული ჩაიდინონ იმ იმედით, რომ „თეთრ საყელოიანებს“ მაინც არავინ დაპატიმრებს?! ხომ არ ეწინააღმდეგება ეს კანონს ჩინოვნიკთა პასუხისგებლობის შესახებ, რომელთაც საზოგადოების სხვა წევრებისგან განსხვავებით გაცილებით მეტი მოვალეობა აკისრიათ?! და ბოლოს, ყველაზე მთავარი, რატომ ვართმევთ ე.წ. „თეთრი საყელოს“ დანაშაულის ჩამდენ ჩინოვნიკებს დანაშაულის მონანიების საშუალებას, რასაც, როგორც წესი, საქართველოში მანამდე არ განიცდიან, სანამ გისოსებს მიღმა არ აღმოჩნდებიან?!

ამის შესახებ For.ge ექსპერტების აზრით დაინტერესდა.

ექსპერტი კახა კახიშვილი ფიქრობს, რომ მსოფლიო პრაქტიკის გადმოღება არასწორია, რადგან უცხოეთში ე.წ. „თეთრი საყელოს“ მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები ერთეულია და ისეთი კოლოსალური არ არის, როგორც ჩვენს ქვეყნაში, სადაც მძიმე დანაშაულზე ადეკვატური რეაგირებაა საჭირო. ჩვენთან კი ჯერჯერობით არ არის ის ფონი, რომ ჩინოვნიკებმა იცოდნენ კანონის პატივისცემა. დემოკრატიული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ზოგიერთი ჩინოვნიკი იმიტომ ხდება ჩინოვნიკი, რომ ზუსტად სკამის მეშვეობით მოიპოვოს გავლენა, „შავი ფული“ და ვიღაცის ოჯახი გაამწაროს, რაც განვლილმა წლებმაც დადასტურა.

„იქ, სადაც კონკრეტული თანამდებობის პირის ბრძანებისა და განხორცილებული ოპერაციის შედეგად, ვიღაცის სიცოცხლე შეეწირა, ვიღაცის ქონება და რეპუტაცია შეიბღალა და ადამიანს ფიზიკური და მორალური ზიანი მიადგა, მიდგომა განსხვავებული უნდა იყოს. სწორედ ე.წ. „თეთრ საყელოებს“ უკავშირდება საქართველოში ბოლო წლებში განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის ჩადენა. სისხლის სამართლის კოდექსი „თეთრი საყელოს“ კატეგორიას იცნობს, როგორც სპეცსუბიექტს და, რაც უფრო მეტი უფლება გააჩნია ჩინოვნიკს, მით მეტი პასუხისმგებლობა მართებს. ამიტომაც ცალკეა გამოატანილი თანამდებობრივი დანაშაული“, - აცხადებს კახა კახიშვილი.

ამასთან, „თეთრი საყელოს“ დანაშაულის კატეგორიაში ექსპერტი გამოარჩევს ბიზნესმენებს, რომელთა მიმართაც განსხვავებულ მიდგომას ითხოვს. კერძოდ, თუ მათ მოქმედებაში არ არის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზარალი, მაშინ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა შეეფარდოთ. რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიას - თანამდებობის პირებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, მათთვის სასჯელის შეფარდებისას დიფერენცირებული მიდგომები უნდა არსებობდეს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირებული სამართლიანობა არ აღადგინა, არც დაპირებული სამართლიანი სასამართლო არსებობს. მეტიც, ახალი ხელისუფლების ჩინოვნიკებმა იმ დანაშაულის ჩადენა დაიწყეს, რაშიც იმხილებოდა ძველი ხელისუფლება. ამიტომ „თეთრი საყელოს“ პრინციპით ძველი ხელისუფლების დანდობა არის ავანსი, რათა ახლებმაც გააგრძელონ ძველი ჩინოვნიკების მიერ ჩადენილი დანაშაული.

„ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ისჯებიან მოქალაქეების წამების, შეურაცხყოფის გამო. ისეთი დანაშაულებიც გამოვლინდება, რომლებიც ფინანსურ ხასიათს ატარებს. ივანიშვილს რომ წინასწარ ეთქვა, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს დაარღვევდა, ან რომ ეთქვა, დამნაშავეთა მიმართ კოაბიტირებული ვიქნებიო, ვინ დაუჭერდა მხარს?! ამიტომ, ეს განცხადება არის საარჩევნო პიარი, რათა მეორე პლანზე გადაიტანოს ახალმა ხელისუფლებამ ყურადღება. სამოქალაქო საზოგადოება ველოდით, რომ ის ხალხი, რომლებიც ჩვენ გვებრძოდა, საბრალდებო სკამზე დასხდებოდა და, მინიმუმ, თანამდებობებს დატოვებდა. არა მგონია, ეს დროის მოგება იყოს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიცვალონ“, - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის ირინე იმერლიშვილის აზრით, აქ საუბარი არ არის მაღალი რანგის მოხელეებზე, პოლიტიკოსებზე და დანაშაულის არქიტექტორებზე, არამედ „თეთრი საყელოს“ პრინციპის მიღმა უნდა იგულისხმებოდეს ძველი ხელისუფლების დაბალი რანგის მოხელეების ამნისტია, რის შესახებაც თავის დროზე პრემიერ-მინისტრი და უმრავლესობის წევრები საუბრობდნენ.

„თეთრი საყელოს“ პრინციპის მიღმა კონკრეტულად რომელ რანგს გულისხმობენ, არ ვიცი. მე პირადად მომხრე ვიქნებოდი, დაბალი რანგის თანამდებობის პირებს ეპატიოთ დანაშაული, თუკი ეს დანაშაული არაძალადობრივი ტიპის იყო. იმდენად სისტემური გახლდათ დანაშაული და ვერტიკალში მიდიოდა, იმდენად პირდაპირი დავალება იყო  დაბალი რანგის პირების მიმართ, რომ ყველა საქმეს თუ გავყვებით, სამწუხარო შედეგს მივიღებთ“, - გვითხრა ირინა იმერლიშვილმა.