“ამ პროექტის დასრულებასთან ერთად ფოთში 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება. ეს არ იყო არც ფოთის დაფუძნებისას - ნიკო ნიკოლაძის დროს, არც კომუნისტების დროს, ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენს მეგობრებთან ერთად, პრაქტიკულად, მართლა, მეც რომ არ მეგონა, ისეთი რაღაცის გადაწყვეტა. მნიშვნელოვანია, რომ ფოთში წყალიც იყოს და კანალიზაციაც” – 2009 წლის 7 აპრილს, მიხეილ სააკაშვილმა 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის პრეზენტაცია ერთ-ერთი ფოთელის ლორენცი გოგელიძის ოჯახში გამართა და წყალი ონკანიდან საკუთარი ხელით მოუშვა. პროექტის დასრულების შესახებ, ფოთელებმა ამ ფაქტის მხოლოდ ცენტრალური ტელევიზიებით გაშუქებისას შეიტყვეს.
შპს „ფოთის წყალკანალი“
წლების განმავლობაში, ფოთი სასმელი წყლით, დაუზუსტებელი გრაფიკით, სენაკის რაიონის სოფ. ნოსირის სათავე ნაგებობიდან მარაგდებოდა. სასმელ წყალს ფოთელები მხოლოდ ორი საათით იღებდნენ. დაბინძურებული წყალი ხშირად ხდებოდა ინფექციურ დაავადებათა გავრცელების მიზეზი. ნოსირიდან ფოთამდე წყლის მისატანად სათავე ნაგებობა დიდი ოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარდა, რომლის საფასურიც, მოსახლეობიდან ამოღებული წყლის გადასახადით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შპს ”წყალკანალს” უნდა გადაეხადა, რომლის უცვლელი ხელმძღვანელი, ვლადიმერ მსხილაძე, მოსახლეობას მუდამ გადასახადის გადაუხდელობაში ადანაშაულებდა და დავალიანებების დაფარვას ფოთის ბიუჯეტიდან ითხოვდა.
ფოთის მთავრობა, „წყალკანალის“ მიმართვის საფუძველზე, ხშირად ახდენდა მისი დავალიანებების რესტრუქტურიზაციას(ჩამოწერას). 2002 წლის კონტროლის პალატის დასკვნაში, „წყალკანალი“ იმ 9 ორგანიზაციას შორისაც მოხვდა, რომლებიც ფოთის ბიუჯეტიდან წლების განმავლობაში უკანონოდ ფინანსდებოდა.
რას გულისხმობდა წყლის ახალი პროექტი?
ფოთის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის იდეა 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გაჟღერდა. პროექტის მიხედვით, ფოთში სამუდამოდ უნდა მოგვარებულიყო სასმელი წყლის პრობლემა და მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მარტვილის რაიონის სოფელ ბალდაში მდებარე ღროულის წყაროდან თვითდინებით უნდა მიეღო. ქალაქი აღარ იქნებოდა დამოკიდებული ნოსირის სათავე ნაგებობაზე, შედეგად დაიზოგებოდა ელექტროენერგიის ხარჯი. ქალაქის შიდა ქსელის რეაბილიტაციას უნდა მოეხსნა დაღვრების პრობლემა. მოსახლეობის გამრიცხველიანების და მოხმარებული წყლის რაოდენობის ზუსტი აღრიცხვა, გააიოლებდა წყლის გადასახადის ამოღებას.
პროექტის ხანგრძლივობად 18 თვე განისაზღვრა.
ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ პროექტი ძვირადღირებულია და მისი განხორციელებისთვის აღებული სესხის დასაფარად, წყლის მიწოდებისა და ხარისხის გაუმჯობესების სანაცვლოდ, წყლის ტარიფი უნდა გაზრდილიყო. წყლის გადასახადი, იმ დროისათვის 1 კბ.მ-ზე 35 თეთრს შეადგენდა. „საკითხი გადაწყვეტილია. ივლისში გამართული ტენდერის შემდეგ, მშენებლობას ხელს აღარაფერი შეუშლის,“ – აცხადებდა ქალაქის მაშინდელი მერი, ვანო საღინაძე, რომელიც „წყალკანალის“ მაშინდელ უფროსთან ერთად, პროექტის დაფინანსებასთან და ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, დედაქალაქს სტუმრობდა. პროექტის წარმატების გარანტად, მთავრობა, მონაწილე ავტორიტეტულ ორგანიზაციებს ამერიკულ კორპორაცია „MCG“-სა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (მგფ) ასახელებდა.
MCG და მგფ
”MCG” - იგივე ”ათასწლეულის გამოწვევა საქართველო”, ამერიკული კორპორაციის ”ათასწლეულის გამოწვევის” პროგრამა იყო. აშშ–ის სამთავრობო კორპორაცია საქართველოს მთავრობასთან, 2005 წლის 12 სექტემბერს, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობდა. კორპორაცია მიზნად ისახავდა საქართველოში სიღარიბის დაძლევას ეკონომიკური განვითარების გზით. ამისათვის ამერიკული მხარე რეგიონული და ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების, ანუ წყალმომარაგების, დასუფთავების, ირიგაციის, გაზიფიკაციისა და სხვა პროექტების დაფინანსებას გეგმავდა.
საქართველოში, საკუთარი პროექტების განხორციელებისათვის (მათ შორის, ფოთის 24–საათიანი წყალმომარაგება), ამერიკულმა კორპორაციამ პარტნიორად პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დაფუძნებული, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ) შეარჩია. (2006 წლის 24 მარტის, თანამშრომლობის ხელშეკრულება).
2006 წლის 20 ივლისის მონაცემებით, ფოთის წყალმომარაგების პროექტით შესასრულებელი სამუშაოების ნუსხა ასე გამოიყურებოდა:
• ღროულის წყაროზე ახალი სათავე ნაგებობის მშენებლობა;
• 47 კმ. სიგრძის წყალსადენის მშენებლობა(ღროული–ნოსირი);
• ნაბადა–ნოსირის არსებული წყალსადენის 35კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია;
• ქ.ფოთის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია;
• წყლის მრიცხველების შესყიდვა და დამონტაჟება, კომლების 100%–სთვის;
• შპს „ფოთის წყაკანალის ფინანსური და ოპერაციული რესტრუქტურირება, ტარიფის განსაზღვრის ახალი პოლიტიკისა და მომსახურების გაუმჯობესებული სტანდარტების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ამ ორგანიზაციის შემდგომ გაძლიერებას.
რამდენი იყო გრანტი და სესხი?
პროექტის ღირებულებად 12,3 მლნ ევრო ანუ (მაშინდელი კურსით) 27 მლნ ლარი დასახელდა. „MCG”- ის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილმა გრანტებმა ჯამში 18, 93 მლნ.ლარი შეადგინა. პროექტის თანადამფინანსებელმა, ფოთის თვითმმართველობამ, საკუთარ თავზე დამატებითი ღირებულების გადასახადის და სხვადასხვა მოსაკრებლის სახით 2,7 მლნ-ს გადახდა აიღო. ნაწილი 1,6 მლნ ლარი თვითმმართველობამ 2007 წელს, დარჩენილი 1,1 მლნ ლარი კი 2008 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან იმ პერიოდში ბევრს საუბრობდნენ „წყალკანალის“ თვითმმართველობის საკუთრებაში გადაცემაზე, თუმცა, მოგვიანებით, „წყალკანალი“ ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადავიდა.
დანარჩენი 5,5 მლნ ლარი სესხად გამოყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), რომელმაც სასესხო ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთნ გააფორმა, ხოლო სესხის მიმღებს - შპს „წყალკანალს“ სამინისტროსთან გარანტორად ფოთის თვითმმართველობა დაუდგა. 20%-ანი სესხის ხანგრძლივობა, სამწლიანი შეღავათიანი პერიოდის ჩათვლით, 15 წლით განისაზღვრა. 2009 წლის 31 ოქტომბრიდან, 2021 წლის 31 აპრილის ჩათვლით, წელიწადში ორჯერ, „წყალკანალს“ ფინანსთა სამინისტროსთვის პროცენტის სახით, 90 000-დან 110 000 ევროს გადახდა დაეკისრა. „წყალკანალის“ მიერ გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ვალი გარანტორს, ანუ ფოთის ბიუჯეტს უნდა დაეფარა.
პროექტის განსახორციელებლად, სესხად აღებული თანხის პროცენტების ბიუჯეტიდან გადახდის გარდა, წყლის გაზრდილი ტარიფის სახით, თავად მოსახლეობასაც დაეკისრა და პროექტში არსებული მოთხოვნის შესაბამისად, მისი დაწყებისთანავე, 1 კბ.მ წყალზე გადასახადი 55%-ით გაიზარდა 55 თეთრი გახდა.
როგორ გადანაწილდა ვალდებულებები?
მხარეებს შორის გაფორმებული “საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულებით”, „წყალკანალის“ ფინასნური დოკუმენტაცია ფონდისთვის ხელმისაწვდომი გახდა. „წყალკანალს“ უნდა დაენიშნა მშენებლობის ზედამხედველები, სამუშაოების შემსრულებელი ფირმების კოორდინაციისათვის. მოეპოვებინა მშენებლობისთვის აუცილებელი ყველა ნებართვა და ლიცენზია. პროექტის დასრულების შემდეგ, ობიექტების: სათავო ნაგებობა, მილსადენი და ა.შ ექსპლოატაციასა და მომსახურებაზე პასუხისმგებლობა, ხელშეკრულებით მასვე ეკისრებოდა.
მგფ პროექტით გათვალისწინებული შესყიდვების ყველა პროცედურას თავად ახორციელებდა, განკარგავდა თანხას, აკონტროლებდა მთელ ფინანსურ დოკუმენტაციას, ნებართვებზე მოსაკრებლებს და ა. შ. აცხადებდა ტენდერებს, არჩევდა სამუშაოების შემსრულებელს, ნიშნავდა სამუშაოების ზედამხედველს, თვითონ განსაზღვრავდა შესრულებული სამუშაოს ხარისხიანობას და ბოლოს, წყალკანალთან შეთანხმებით შესრულებულ სამუშაოს თავადვე იბარებდა. მგფ უფლებამოსილი იყო სამუშაოს უხარისხოდ შესრულებისათვის ფირმისათვის ფინანსური სანქციები დაეკისრებინა. თუმცა, გამოიყენა თუ არა ფონდმა ფინანსური სანქცია რომელიმე ფირმის მიმართ, უცნობია, ისევე როგორც შესრულებული სამუშაოების მონიტორინგის მასალები.
სხვა მაკონტროლებელი პროექტს არც ერთ ეტაპზე არ ჰყავდა.
ტენდერები
„წყალკანალის“ ინფორმაციით, სამუშაოები სამ ეტაპად დაიყო:
• პირველ ეტაპზე მოხდებოდა ქ.ფოთის თვითდენითი წყალმომარაგების სათავე ნაგებობის და ღროულის წყარო-ნოსირის მილსადენის მშენებლობა.
• მეორე ეტაპზე ჩატარდებოდა ნოსირი-ფოთის მილსადენის და ქალაქის წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები.
• მესამე ეტაპზე კი, წყალმზომი მრიცხველების შეძენა და მონტაჟი.
შემსრულებელი ფირმების შესარჩევად მგფ-მა ტენდერები შესაბამის ეტაპებად გამოაცხადა.
მოთხოვნები შემსრულებელი კომპანიების მიმართ საკმაოდ ბევრი და მკაცრი იყო. სატენდერო პირობების გარდა, არც ერთი ინფორმაცია, ტენდერში მონაწილე ფირმებზე, გამარჯვებულებზე და სხვა ფირმებთან შედარებით მათ უპირატესობაზე მგფ-ს არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, ვერავინ იმსჯელებს, რამდენად აკმაყოფილებდნენ ფონდის მიერ შერჩეული ფირმები სატენდერო პირობებს, ან რა კრიტერიუმებით შეარჩია ფონდმა ისინი.
ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებული და „წყალკანალის“მიერ მოწოდებული ინფორმაცია ტენდერების გამოცხადებისა და ტენდერში გამარჯვებული ფირმების შესახებ კი, ერთმანეთს არ ემთხვევა.
მაგალითად, პირველი ეტაპის სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადების თარიღი წყალკანალს მითითებული არა აქვს. მონაცემებში წერია, რომ შპს „ფერიმ“ დაასრულა 2006 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცამეტი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები: სათავე ნაგებობამდე მისასვლელი გზა, სათაო ნაგებობა, საქლორატორო, 12–კილომეტრიანი მილსადენი, მილსადენის საყრდენები.
მგფ კი თავის ვებგვერდზე ამავე სამუშაოების შესრულებაზე ტენდერის ჩატარების სამ განსხვავებულ თარიღს ასახელებს. დამატებითი მონაცემები გამოქვეყნებული არ არის. „ბუკლეტი შევსების პროცესშია“– ვკითხულობთ ფონდის ვებგვერდზე.
წყლის მრიცხველების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „წყალკანალიცა“ და ფონდიც რუმინულ კომპანია ”Controrgroup S.A.” ასახელებენ, რომელმაც მრიცხველების შეძენასა და ტრანსპორტირებაში 234, 775 ლარი მიიღო. ტენდერში რუმინულთან ერთად, იტალიური, ფრანგული, ბრიტანული კომპანიებიც მონაწილეობდნენ. რატომ მიენიჭა უპირატესობა რუმინულს, ამის შესახებ ინფორმაციაც „შევსების“ პროცესშია.
მრიცხველების მონტაჟი შპს ”რემმშენმა” 1 130 062 ლარად განახორციელა, რითაც მას ფოთელების 100%–ისთვის წყლის მრიცხველების შეძენა–დამონტაჟება ევალებოდა. ა/ო „ახალგაზრდული სამეცნიერო–საინფორმაციო ცენტრ“–ის მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ფოთში ინდივიდუალური მრიცხველი მხოლოდ კომლების 62 %–ში დამონტაჟდა, რაც თითოეულ ოჯახს 70 ლარამდე დაუჯდა. 3–4 თვეში კი, მრიცხველების 25% მწყობრიდან გამოვიდა.
დასრულებულ სამუშაოს ხარისხზე, ვადების დაცულობაზე, სამუშაოს მიმღებ მხარეებზე და ჩაბარებისას გაფორმებულ დოკუმენტაციაზე ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზე არ დევს.
„წყალკანალის“ სამართალმემკვიდრე
ითვლება თუ არა პროექტი წარმატებით დასრულებულად და შეესაბამება თუ არა შესრულებული სამუშაო დახარჯულ თანხებს? ამ კითხვებზე პასუხების ძებნა მგფ-ის ტექნიკურ განყოფილებიდან დავიწყეთ.
პაატა იაკობაშვილი, მგფ-ის ტექნიკური განყოფილება: ”თვეში ერთხელ დგებოდა გაწეული სამუშაოს ანგარიში, მონიტორინგი და ამ მასალებს რეგულარულად აწვდიდა ფონდი უცხოელ პარტნიორებს. ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტების ერთ ეგზემპლარს ფონდი გზავნიდა ფოთში და ის უნდა ჰქონდეს ან ფოთის მერიას, საკრებულოს ან ”წყალკანალს”. რადგან ეს ინფორმაცია ვებგვერდზე არ დევს, არ ნიშნავს, რომ მას ვმალავთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რასაც პროექტი ითვალისწინებდა სამუშაოები სრულადაა გაკეთებული. ცალკე საკითხია, რომ ამან არ გამოიღო სათანადო შედეგი. რადგან ახალი პროექტი დაიწყო, გამოდის, რომ პირველ პროექტში გათვალისწინებული თანხა საკმარისი არ იყო”.
ფოთის მერიის ადმინისტრაციიდან ინფორმაციის მოთხოვნაზე გვიპასუხეს, რომ ამ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მათ არ აქვთ და საკრებულოში გადაგვამისამართეს. „ფოთის წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები გააჩნია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, როგორც შპს ფოთის წყალკანალის სამართალმემკვიდრეს“ – წერია საკრებულოს საპასუხო წერილში.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ კი ამ ინფორმაციას ავრცელებს: ”ფოთის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტი, 27 მლნ. ლარის ღირებულებისაა. იგი ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაცია – შპს ,,ნიუ ენერჯიმ” და შპს ,,სერვისმა” განახორციელა. პროექტის ფარგლებში, გარდა ახალი სათავე ნაგებობებისა, 46 კმ. სიგრძის მაგისტრალური ქსელი აშენდა. შეიცვალა და დამონტაჟდა ჭები და სარქველები. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ქალაქის შიდა წყალგაყვანილობის სისტემას თითოეულ მოსახლესთან გადამყვანი მილების ჩათვლით”.
ფოთში კომპანიის წარმომადგენლის, ნუგზარ ფაცაციას თქმით, ძველ პროექტსა და 27 მილიონი ლარის ხარჯვაზე ინფორმაციას არ ფლობს, რადგან მისი კომპანია სრულიად ახალი ორგანიზაციაა. „პროექტით გათვალისწინებული სათავე ნაგებობა და მილსადენი რომ გაკეთებულია, ფაქტია. ახლა, სათავე ნაგებობაზე, ღროულში, სპეციალური ჭურჭელი უნდა დაიდგას, მაგრამ, თუკი ქალაქის შიდა ქსელის რეაბილიტაცია არ მოხდა 24–საათიანი წყალმომარაგება შეუძლებელი იქნება. ეს ახალი და ძვირადღირებული პროექტია. მისი დასრულების შემდეგ ექნება ფოთს 24- საათიანი წყალმომარაგება. რაც შეეხება, სამართალმემკვიდრეობას, ჩვენ სრულიად ახალი ფურცელი ვართ და წყალკანალთან საერთო არაფერი გვაქვს,“ – აცხადებს ფაცაცია.
მიუხედავად მცდელობისა, პროექტზე და მისი წარუმატებლობის მიზეზებზე საუბარი ქალაქის ყოფილ მერს და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარეს, ვანო საღინაძეს არ სურს. მან ამ თემაზე საუბარს თავი შემდეგი სიტყვებით აარიდა: „მე ახლა მერიაში აღარ ვმუშაობ, საკრებულოში ვარ. ინტერვიუზე უარს ვამბობ“. არადა, სწორედ მან, როგორც პროექტის ყველა ეტაპზე მონაწილემ, ამ საკითხზე ყველაზე მეტი იცის. განსაკუთრებით იმაზე, მათ მიერ პროექტის დასრულებულად გამოცხადების და 27 მლნ. ლარის დახარჯვის შემდეგაც, ხახადამშრალ ონკანებთან რატომ დგანან ვედროებით ფოთელები წყლის რიგში. ან რატომ იხდიან გაზრდილ ტარიფს, პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გარეშე? ან რატომ ავადდებიან ადამიანები დაბინძურებული სასმელი წყლით?(ბოლო პრიოდში მომრავლდა დაბინძურებული სასმელი წყლით გამოწვეული “ა” ჰეპატიტისა და ამებიოზის შემთხვევები).
სად იკარგება კვალი?
2009 წლის 9 ივლისს, წყალკანალის უფროსი, ვლადიმერ მსხილაძე და მისი მოადგილე, სახელმწიფო თანხების არამიზნობრივი გამოყენებისა და მითვისება-გაფლანგვის, ასევე ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით, პროკურატურამ დააკავა. იყო თუ არა მსხილაძის საქმეში ფოთის წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებული ეპიზოდი? ინფორმაცია არ გახმაურებულა, თუმცა, ფაქტია, რომ მათ უპრეცენდენტო განაჩენი - 30-30-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
რამდენიმე თვეში, 2009 წლის 1 დეკემბერს შპს ” წყალკანალი” გაუქმდა და რეგიონული უწყება ”დასავლეთის წყალი” შეიქმნა, რომელიც მის სამართალმემკვიდრედ ჩაითვალა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს დაექვედებარა.
მიმდინარე წლის 15 იანვარს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, შპს ”დასავლეთის წყალი” გაუქმდა და შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” შეიქმნა.
ამ ეტაპზე „დასავლეთის წყალი“ გაკოტრების რეჟიმშია და მისი ლიკვიდაციისთვის, ორგანიზაციის ვალების ანულირებაა საჭირო. სახელმწიფოს მიერ ვალების უიმედოდ გამოცხადების შემთხვევეაში, კომპანიას ვალები ჩამოეწერება, ხოლო ახლადშექმნილი კომპანია „წყალკანალის“ სამართალმემკვიდრედ აღარ ჩაითვლება. შესაბამისად, „დასავლეთის წყალის“ ლიკვიდირების მომენტიდან, შპს ”ფოთის წყალკანალის” მიერ ჩატარებულ სამუშაოების კვალი საერთოდ გაქრება.
შეესაბამება თუ არა შესრულებული სამუშაო დახარჯულ თანხას? რატომ გამოცხადდა დაუმთავრებელი პროექტი წარმატებულად? რა გახდა პროექტის წარუმატებლობის მიზეზი: არაპროფესიონალიზმი თუ არაკეთილსინდისიერება? სად ვეძებოთ დახარჯული მილიონების კვალი? რა იყო მოსახლეობისთვის პროექტის დაწყებისთანავე წყლის ტარიფის გაძვირების აუცილებლობის მიზეზი და სად მიდის მათი ჯიბიდან გადახდილი თანხები? ამ კითხვებზე პასუხი დღეს არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს.
სანამ კომპანია „დასავლეთის წყალი“გაკოტრებულად გამოცხადდება, მისი ვალებიც ადგილობრივმა ბიუჯეტმა გადაიხადა: როგორც შპს ”ფოთის წყალკანალის” სამართალმემკვიდრეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შპს ”დასავლეთის წყლისთვის” წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებული სესხის პროცენტის – 143 122 ევროს გადახდა და ასევე „ქუთწყალკანალის“ გადაუხდელი პროცენტის გადახდაც ფოთის ბიუჯეტს დააკისრა. ”დასავლეთის წყალი” თანხის მის სასარგებლოდ გადახდას წერილობით მთავრობას თხოვდა. ორივე დავალიანება, ჯამში 283 222 ევრო (688 230 ლარი) როგორც გარანტორმა, ფოთის თვითმმართველობამ ბიუჯეტიდან გაისტუმრა. გასული წლის ბიუჯეტი თვითმმართველებმა 3,3 მლნ–იანი დეფიციტით დააასრულეს, რის გამოც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განუხორციელებელი დარჩათ.
მხოლოდ მიმდინარე წლის 17 თებერვალს დაიწერა მოთხოვნა ფოთის საკრებულოს მიერ, რომ ხელშეკრულებაში გარანტორად მის ნაცვლად ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ჩაიწეროს და ქალაქი გათავისუფლდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან, რაზეც მთავრობას ჯერ არ უპასუხია.
პროექტის მონიტორინგი
დასავლეთ საქართველოში წყალმომარაგების პროექტების თემას ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, რამდენიმე წელია, რეგიონში ა/ო– კოალიცია „ასა“ ახორციელებს. მისი ხელმძღვანელი, ზაზა ხელაძე პროექტის დაგეგმვისა და განორციელების პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობს:
„ფოთში, უპირველეს ყოვლისა არასწორად იყო გაკეთებული პირველადი მონაცემების კვლევა, რომლის საფუძველზეც, საპროექტო დავალება გაიცა. რეალური სურათის მისაღებად, მონაცემების კვლევა 5 წლიანი დაკვირვების შედეგად უნდა მომხდარიყო, ეს ვადა დარღვეულია. არსად ჩანს თვითმმართველობის პასუხისმგებლობაც, რადგან ის დავალების გამცემი არ ყოფილა.
არ ჩატარებულა არავითარი დაკვირვება თავად წყალზეც. ღროული კასტრული ღვიმეა, შესაბამისად, აქ სამუშაოები მხოლოდ ხელით უნდა ჩატარებულიყო, რადგან ნებისმიერმა ზედმეტმა მოძრაობა, ძლიერმა რყევამ (მაგალითად, მძიმე ტექნიკის გამოყენებამ) შეიძლება კასტრული წყლის რეჟიმი დაარღვიოს. მშენებლები მძიმე ტექნიკის გამოყენებას უარყოფენ. ახლა ამის გარკვევა ძნელია, თუმცა, ფაქტი სახეზეა – წყალი, რომელიც ფოთში მოდის, ხშირად ამღვრეულია.
ჩვენ თავიდანვე ეჭვქვეშ დავაყენეთ წყლის დებეტიც (წყლის რაოდენობა), ანუ ციფრი, რომელსაც პროექტის ავტორები ასახელებდნენ მცირე იყო. ვიღაც მორწყავს, ვიღაც მანქანას გარეცხავს, ან დაღვრა მოხდება და ა.შ. ამას ემატება, მოუწესრიგებელი შიდა ქსელი, შესაბამისად, ეს დებეტი 24–საათიან წყალმომარაგებას არ ეყოფოდა“.
პროექტის წარუმატებლობის ერთ–ერთ მიზეზად ხელაძე საზოგადოების ჩაურთველობას და პროცესების გაუმჭვირვალობას ასახელებს და ამბობს, რომ ამ მიზეზით არავინ იცის, რა გაკეთდა რეალურად. ის პროექტში მონაწილეებს „თაღლითებადაც“ კი მოიხსენიებს, რასაც, მისივე თქმით, შედეგიც ადასტურებს.
კოალიციის კიდევ ერთი წევრი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი, ნოდარ ჯიქიაც თავდაპირველი გათვლების უზუსტობაზე საუბრობს. ის ეჭვქვეშ აყენებს „წყალკანალის“ „დასავლეთის წყლისათვის“ დაქვემდებარების კანონიერებასაც. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის უცნობია, ვინ ითვლება „წყალკანალისა“ და „დასავლეთის წყლის“ სამართალმემკვიდრედ. მონიტორინგის პროცესში, „ასასთან“ თანამშრომლობა არ ისურვა არც ფონდმა და არც ფოთის თვითმმართველობამ და „წყალკანალმა“. „გასულ წელს, ფოთის საკრებულოს პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ვთხოვეთ. მიუხედავად დაპირებისა, დღემდე არაფერი მიგვიღია. სამწუხაროდ, ჩვენ, ვერ ვიხილეთ ერთად თავმოყრილი ყველა დოკუმენტი, რათა სრულყოფილი შეფასება და ანლიზი გაგვეკეთებინა,” – განაცხადა ჯიქიამ.
რაში დაიხარჯება დამატებით გამოყოფილი 20 მილიონი?
სანამ ექსპერტები ”განხორციელებულად” გამოცხადებული პროექტის დეტალებს მოიკვლევენ, მთავრობა ქალაქის შიდა ქსელის რეაბილიტაციისა და მოსახლეობის გამრიცხველიანების ახალ, 20 მილიონიან პროექტს იწყებს. მთავრობის სხდომაზე, სადაც პირველად ითქვა ამის შესახებ, არავინ დაინტერესებულა, რატომ უნდა დაიხარჯოს დამატებითი თანხა, როცა ქალაქის შიდა ქსელის რეაბილიტაცია გათვალისწინებული იყო წინა პროექტშიც ან რატომ არ შესრულდა სამუშაო?
ცნობილია, რომ ახალი პროექტისათვის თანხის 80%–ს აზიის ბანკი გამოყოფს, აქედან 15% – სესხია, რომელიც ფოთის თვითმმართველობამ ბიუჯეტიდან, ანუ კვლავ ფოთელების გადახდილი გადასახადებიდან უნდა დაფაროს, დარჩენილ 20-%-ს კი თითქმის 2.5 მილიონს თანამონაწილეობის სახით ფოთის თვითმმართველობა ბიუჯეტიდან ანუ ისევ მოსახლეობის ფულით დაფარავს.
ათეულობით მილიონი ლარის დახარჯვის შემდეგ, ფოთში ვითარება უცვლელია: მოსახლეობას წყალი კვლავ სამ დღეში ერთხელ, რამდენიმე საათით მიეწოდება. ონკანში ხშირად მღვრიე და ნალექიანი წყალი მოდის, ხშირად წყალს უცნაური სუნი და გემო აქვს. არის წყლით დაინფიცირების შემთხვევებიც. ფოთელები კი 2007 წლიდან მოყოლებული, 27 მილიონიანი პროექტის წყალობით, ამ ყველაფერში გაზრდილ ტარიფს იხდიან.
რაში დაიხარჯება დამატებით გამოყოფილი 20 მილიონი, რომლის პროცენტებიც ისევ ფოთელების ჯიბიდან დაიხარჯება, ამ კითხვას პასუხი 18 თვეში, ანუ ახალი პროექტის დასრულების შემდეგ გაეცემა.