მამუკა მიქაუტაძის მეუღლის ზიზი ეძგვერაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მას არ აქვს საფუძველი შს სამინისტროს გამოძიების პირველად შედეგებსა და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში ეჭვი შეიტანოს. ამის შესახებ „Front News“–ს ზიზი ეძგვერაძემ განუცხადა.
„გავეცანი შს სამინისტროს პირველად დასკვნას და ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაქვს საფუძველი, მასში ეჭვი შევიტანო. იმედი მაქვს გამოძიება სამართლიანად გაგრძერლდება. სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებიც ვნახე და ის ნამდვილად ჩემი მეუღლეა“,– განუცხადა „Front News“–ს ეძგვერაძემ.
შს სამინისტროს გენინსპექციამ დაადგინა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მამუკა მიქაუტაძეზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ განცხადება შს სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გააკეთა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიების ამ ეტაპზე ვაქვეყნებთ პირველად შედეგებს მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე. ამასთან, საქმესთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარეგნული დათვალიერების და შინაგანი გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ მამუკა მიქაუტაძეს სხეულზე, კისრის არეში დაზიანების გარდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, სხვა ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის სხეულზე გამოხატულია მხოლოდ გვამური ლაქები.
გარდა ამისა, ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები; დაიკითხა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, თბილისის მთავარი სამმართველოს საკონტროლო-გამშვები პუნქტის 5 ჯარისკაცი და მათი მეთაური, ასევე ის ექიმი-ნარკოლოგები და ექსპერტები, რომლებმაც მამუკა მიქაუტაძეს ნარკოლოგიური შემოწმება და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ჩაუტარეს. ასევე დაკითხულია - მამუკა მიქაუტაძის მეგობრები, თანამშრომლები და მისი მეუღლე ზიზი ეძგვერაძე,
გამოძიების პროცესში მოწმის სახით და ადვოკატის თანდასწრებით დაიკითხა გელა მანჯავიძეც, რომლის საქმესთან დაკავშირებითაც მამუკა მიქაუტაძე, 5 ივლისს, თავად იყო მოწმის სახით დაკითხული. მანჯავიძემ გამოძიებას განუცხადა, რომ საქმეში ნახსენები ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა მას ეკუთვნოდა. მისივე ჩვენებით, აღნიშნული ნარკოტიკი მან 5 ივლისს, მამუკა მიქაუტაძეს საჩუქრად შესთავაზა, თუმცა მიქაუტაძისგან უარი მიიღო. გელა მანჯავიძის ჩვენებიდან ასევე დგინდება, რომ დაკავების მომენტში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მისი, ან მამუკა მიქაუტაძის მიმართ რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. გელა მანჯავიძის ჩვენებით ირკვევა, რომ ის და მამუკა მიქაუტაძე თბილისის მთავარი სამმართველოს შენობის საერთო ფლიგელში ერთად იმყოფებოდნენ, დაკითხვის დროს კი მიქაუტაძე მის მოპირდაპირე მხარეს იჯდა. გელა მანჯავიძის ჩვენებით, მამუკა მიქაუტაძის დაკითხვის პროცესში ამ უკანასკნელის მიმართ გამომძიებლის ან პოლიციის სხვა თანამშრომლების მხრიდან, რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონდა.ამის გარდა, გამოძიების პროცესში, შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან ამოღებულია ქალაქის მთავარი სამმართველოს შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელშიც ასახულია 2013 წლის 5 ივლისს, თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მამუკა მიქაუტაძის შეყვანისა და გამოყვანის დრო და გარემოებები. ვიდეო-მასალიდან ნათლად ჩანს, რომ მამუკა მიქაუტაძეს ვიზუალური დაკვირვებით არ ეტყობა ფიზიკური დაზიანება, იგი თავისუფლად გადაადგილდება. ტექნიკური პრობლემის გამო, მიქაუტაძე საგუშაგოსთან დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. საგუშაგოს ჯარისკაცები თავიანთ ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ მას რაიმე სახის ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ასევე, საქმეზე გამოძიების პროცესში, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოდან მიღებულია მამუკა მიქაუტაძის მიმართ ნარკოლოგიური გამოკვლევის დროს შედგენილი დოკუმენტები და ფოტომასალა. ფოტომასალის დათვალიერების შედეგად ნათლად ჩანს, რომ მამუკა მიქაუტაძეს სახის არეში რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება.
ამრიგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაადგინა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მამუკა მიქაუტაძის მიმართ ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს ვალდებულად თვლის მედიას გადასცეს საქმეში არსებული მასალები, მათ შორის ფოტო და ვიდეო კადრები, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმესთან დაკავშირებით შსს-ს გენერალური ინსპექცია გამოძიებას აგრძელებს“,– განაცხადა გიორგობიანმა.