სამოქალაქო სექტორი საქართველოს პარლამენტს მიმართავს, რომ დაიწყონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი. თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და როგორც ჩანს, არც დადგება. კანონის მიხედვით პარლამენტის ერთმა მესამედმა უნდა აღძრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი და თუ არსებობს ამის საფუძველი, უმრავლესობით შეუძლიათ გადააყენონ კოტე კუბლაშვილი. იურისტი ლია მუხაშავრია დარწმუნებულია, რომ პარლამენტში კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხი არ დადგება.
„ჩვენი უმარვლესობა ხელს აფარებს კუბლაშვილს. როგორც ჩანს, ჩვენს ზურგს უკან, ჩვენს საწინააღდეგოდ უმრავლესობასა და კუბლაშვილს შორის დაიდო გარიგება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრიამ.
სამართალმცოდნე კახი კახიშვილი თვლის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხი არ დააყენონ პარლამენტის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი კოალიციის წევრები ადასტურებენ, რომ არსებობდა ყველა პირობა იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის საკითხი დაეწყო, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. მეტიც, ამის მცდელობაც კი არ ჰქონიათ უმრავლესობაში. მმართველი უმრავლესობა დღეს უკვე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
გადაცემა „მთავარ ფაქტორში“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საკამაოდ ბევრი და მძიმე ბრალდება არსებობს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის მიმართ, რაც მთლიანობაში ქმნის კუბლაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს. თუმცა ამ საკითხზე ეკა ბესელიამ for.ge-სთან საუბარი არ ისურვა.
„არ მინდა ამ თემის განვრცობა. ამ საკითხზე შიდა კონსულტაციები უნდა გაიმართოს“, - ასეთია დღეს ეკა ბესელიას კომენტარი.
ლია მუხაშავრია დარწმუნებულია, რომ პარლამენტში კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხი არ დადგება, ვინაიდან ასეთი უნიათო და დამოკიდებული სასამართლო ახალ ხელისუფლებას და მის უმრავლესობასაც სჭირდება.
„როგორც ჩანს, ბატონ კუბლაშვილთან გარიგებაში შევიდნენ, ამიტომ, უმრავლესობა აღარ საჭიროებს არც კუბლაშვილის იმპიჩმენტს, არც ახალი მოსამართლეების დანიშვნას იქ, სადაც ვაკანსიები აქვს და არც იმ მოსამართლეების შეცვლას, ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი და შეიძლება გამოძიებამ დაადასტუროს ეს დანაშაული.
ამ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ სასამართლო ნამდვილად გახდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ჩვენი უმარვლესობა ხელს აფარებს კუბლაშვილს, როგორც ჩანს ჩვენს ზურგს უკან, ჩვენს საწინააღდეგოდ რაღაცა გარიგებაა დადებული უმრავლესობასა და კუბლაშვილს შორის“, - აცხადებს მუხაშავრია.
მისივე თქმით, უზენაეს სასამართლოში ამ დროისთვის ვაკანტურია 24 შტატი, შესაბამისად პარლამენტის პირდაპირი მოვალეობაა, რომ ამ ვაკანტურ ადგილას წარადგინოს კვალიფიციური მოსამართლე, თუმცა როგორც მუხაშავრია ამბობს, პარლამენტი ამ უფლებას არ იყენებს.
„მე შევთავაზე ქალბატონ ეკა ბესელიას უკეთესი გამოსავალი. უზენაესი სასამართლოს 34 წევრიდან დღეს უზენაეს სასამართლოს ჰყავს 14 მოსამართლე. 24 შტატი ვაკანტურია. მათ შეუძლიათ აღადგინონ ძველი მოსამართლეები, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ განთავისუფლდნენ თავის დროზე, ეს 5 მოსამართლე შეიყვანონ სასამართლოში და დარჩენილ 19 ვაკანტურ ადგილიდან ახალი მოსამართლეები გაამწესონ უზენაეს სასამართლოში. ეს არის პარლამენტის უშუალო და პირდაპირი საქმე.
თქვენ წარმოგიდგენიათ თუნდაც დარჩეს კუბლაშვილი ამ თანამდებობაზე, 24 კვალიფიციური მოსამართლე უზენაეს სასამართლოში რამხელა ცვლილებას გამოიწვევს მთელი მართლმსაჯულების სისტემაში?! ეს არის სრულიად უმტკივნეულო და სრულიად კანონიერი გზა იმისთვის, რომ სასამართლოში მოხდეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. რატომ არ უნდათ ამის გაკეთება, ვერ გეტყვით. არის ეს შტატი და მითუმეტეს, არის ამ შტატების დაფინასება“, - აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული საფუძვლები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის დასაწყებად, კახი კახიშვილი მოვლენათა ასე განვითარებით რეალისტურ შედეგეს ვერ ხედავს.
„არ მგონია საპრეზიდენტო არჩევნებამდე ეს საკითხი დადგეს. როგორც ჩანს, ჩვენს პარლამენტს, პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ეს საკითხი არ დააყენონ. ჩემთვის გაუგებარია, მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ აღმასრულებელი ხელისუფლების ყოფილი თანამდებობის პირების მხრიდან გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნებზე, როდესაც 200 პოლიტპატიმარია ქვეყანაში, როდესაც ამდენი უკანონო პატიმარი იყო, ეს ყველაფერი ხომ სასამართლოს უკავშირდება?! რომ არა სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება ეს დანაშაულები შეიძლება არც მომხდარიყო.
ოდნავ ნეიტრალური რომ ყოფილიყო სასამართლო, რომ არ ყოფილიყო იმ სისტემის ნაწილი, ან რომ ყოფილიყვნენ გამორჩეული მოსამართლეები, რომლებიც გაბედავდნენ ეთქვათ, რომ მე ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, ბევრი დანაშაული არ მოხდებოდა და ბევრი ოჯახი არ გამწარდებოდა. მოსამართლეები რომლებიც ცდილობდნენ ნამდვილად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება განეხორციელებინათ, ყველა გაანთავისუფლეს“, - აცხადებს კახიშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა მინიმუმ უნდა დაიწყოს იმ მოსამართლეების საკითხის განხილვა, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ კოტე კუბლაშვილი აიძულებდა ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, როგორიც უნდოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას.
„ამის შესახებ პირდაპირ ხმამაღლა საუბრობენ. მგონია, რომ ამის განხილვა მინიმუმ საჭიროა. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ისევ დასავლეთის რეაქციებიდან გამომდინარე თავს იაკავებენ. ერთი მხრივ ვსაუბრობთ დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობაზე და ამავდროულად, ის ადამიანია ისევ სასამართლო სისტემის თავში, ვინც 9 წელი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ სასამართლო არასოდეს ყოფილიყო დამოუკიდებელი.
ამიტომ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია როგორ შეიძლება ამ სასამართლოს ხელმძღვანელის პირობებში ვისაუბროთ დამოუკიდებელ სასამართლოსა და რეფორმების ჩატარებაზე. ძალიან ბევრი ფაქტია იმისა, რის გამოც აუცილებელია, რომ დადგეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი, ჩემთვის გაუგებარია რატომ არ აყენებენ ამ საკითხს პარლამენტში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილი.
ადვოაკტთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი რომელიც უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელს მოსამართლეთა ზეწოლაში ადანაშაულებდა, აცხადებს, რომ პარლამენტი კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხს არ დააყენებს.
„ეს საკითხი არ დადგება და ეს არის ლიტონი განცხადებები. იცით რატომ არ დადგება? დღეს მთელი სამართალდაცვითი ორგანოების მუშაობა ბევრად უარესია, ვიდრე სასამართლოსი. კუბლაშვილის იმპიჩმეტის საკითხი დააყენონ, ხოლო ღარიბაშვილი და ნაცვლიშვილი დატოვონ თანამდებობაზე, რომლებიც კუბლაშვილზე უარესები არიან, ამას ვერ გააკეთებენ“, - აცხადებს for.ge-სთან ზაზა ხატიაშვილი.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი კუბლაშვილის ბოლო მსხვერპლია. მას მოსამართლის მანტია იმიტომ გახადა, რომ კუბლაშვილის მიერ ნაკარნახევი გადაწყვეტილება არ მიიღო.
„მიმაჩნია, რომ უკვე დაგვიანებულია. ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ეს საკითხი დიდი ხნით ადრე დადგებოდა. ის პროცესები, რასაც ადგილი ჰქონდა სასამართლოში, არის საფუძველი იმისა, რომ დადგეს იმპიჩმენტის საკითხი“, - ამბობს ყოფილი მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი.