მთავარი პროკურორი ამბობს, რომ მისი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტულ საქმედ ყოფილი პრემიერის და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის გარდაცვალების გარემოების ზუსტი და თანმიმდევრული გამოძიება რჩება, რომლის ფარგლებში გარკვეული პროგრესი არის. დაერთვება თუ არა ამ საქმეს ექსპერტიზის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის ლევან სამხარაულის მკვლელობის საქმე, მთავარი პროკურორი ამ საქმეების შესაძლო სამართლებლივ კავშირებზე კომენტარს არ აკეთებს. ლევან სამხარაულის გარდაცვალებასან დაკავშირებით შეწყვეტილი საქმე განახლდა. ჯერჯერობით, დაკითხული არავინაა, თუმცა როგორც პროკურატურაში განმარტავენ მიმდინარეობს სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
ლევან სამხარაული, რომელიც, მაშინ, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელობდა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 3 თვეში ყვარელში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა კი თავი მოიკლა. მას თავში და გულში 2 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ლევან სამხარაული ესწრებოდა იმ გამათბობლის შემოწმების პროცედურას, რომელიც გამოძიების დასაწყისშივე ჟვანიასა და უსუპოვის გარდაცვალების მიზეზად დასახელდა.
რაულ უსუპოვის მამა, იაშა უსუპოვი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი შვილი ჯერ ხელით მოახრჩვეს და შემდეგ ორგანიზმში შხამი ნემსით შეუშვეს. ისევე როგორც გარდაცვლილი პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია, იაშა უსუპოვიც ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ინსცენირების მონაწილეებად მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს და გიორგი ბარამიძეს ასახელებს.
იაშა უსუპოვი: თითქმის, ყოველ კვირა გენერალურ პროკურატურაში ვარ. ძიება ცოტა რთულად, მაგრამ აქტიურად მიმდინარეობს.
ამ შემთხვევიდან 8 წელი გავიდა. რას ფიქრობთ დღეს, ეს იყო უბედური შემთხვევა, თუ ეს იყო მკვლელობა?
- მესამე დღეს უკვე გამოვიტანე დასკვნა, რომ ისინი მოკლულები იყვნენ. გამოძიება მიმდინარეობს იმ მიმართულებით როგორ და რითი არიან მოკლულები. გაზის გაგუდვის ვერსია საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ. ეს მხოლოდ სააკაშვილს და მის მომხრეებს აწყობდათ და აწყობთ ახლაც. გაზი იმ საღამოს ბინაში არ იყო და გაზით როგორ გაიგუდნებოდნენ? ჩემს შვილს ყელზე ჰქონდა ზოლი, ძალიან წვრილად ეტყობოდა მკერდზე ნანემსარი. ჩვენ დღეს მივედით იმ დასკვნამდე, რომ სხეულში შხამი შეუშვეს.
სად ჰქონდა მას ნემსი გაკეთებული?
- ორივე მკერდის თავზე ჰქონდა წვრილი ნანემსარი. ყელზე შავი ზოლი ეტყობოდა. როგორც ჩანს, მანქანაში რომ იჯდა, უკნიდან ყელზე მოუჭირეს ხელი, ასე გათიშეს და მერე შხამი შეუშვეს მის ორგანიზმში. დანარჩენს გამოძიება გაარკვევს, მეტს ვერაფერს ამ საკითხზე ვერ გეტყვით.
როგორ ფიქრობთ, ამ მკვლელობაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები?
- რა თქმა უნდა, და მათ ვინაობას გამოძიება დაასახელებს. არის ფაქტები, მაგრამ ეს გამოძიების პრეროგატივაა. ისეთი ფაქტები დაიდება, რომ მერე ხმის ამოღებას ვერ გაბედავენ შვილო ნაციონალები. რა თქმა უნდა, მაღალი თანამდებობის პირების გარეშე მათ ვერ მოკლავდნენ. როგორ ფიქრობთ პრემიერ-მინისტრს რომ კლავდნენ ეს არ იცოდა მაღალი თანამდებობის პირებმა? რა თქმა უნდა, - იცოდნენ.
მათ შორის პრეზიდენტმაც? ან ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა?
- ყოველგვარი ექსპერტიზისა და გამოძიების გარეშე დილის 8 საათზე მერაბიშვილმა და ადეიშვილმა რატომ გამოაცხადეს, რომ ისინი თითქოსდა გაზით გაიგუდნენ?! დავუშვათ მერაბიშვილი ამბობდა ტყუილს, გვერდზე რომ ედგა უჩუმრად ადეიშვილი, ეს ნიშნავს, რომ ეთანხმებოდა ამ ვერსიას. თუნდაც, რომ არ სცოდნოდა მაინც დამნაშავეა. სიმართლე ორივემ იცოდა, მაგრამ მოიტყუეს.
ეთანხმებით ყოფილი პრემიერის ძმას იმაში, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ამ საქმეს ხელს აფარებდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ სიმართლე არ დადგენილიყო?
- რა თქმა უნდა, იგივე აზრზე ვარ. რატომ და რისთვის, ამას უკვე ძიების დასრულების შემდეგ გაიგებთ. პრეზიდენტს არ უნდოდა ამ საქმის გახსნა. გოგლას შეჰპირად, რომ ამერიკიდან ჩამოიყვანდა გამომძიებლებს, მაგრამ არ ჩამოიყვანა. ან რისთვის უნდა ჩამოეყვანა, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად ხომ არ ჩამოიყვანდა? პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცოდა ყევლაფერი. 40 დღის შემდეგ ზურას საფლავზე არ მისულა პრეზიდენტი, თან ზურას თვლიდა თავის ახლო მეგობრად.
თქვენთან თუ იყვნენ მოსულები მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები?
- გიორგი ბოტკოველის გარდა არავინ არ იყო.
რაიმე სახის ზეწოლა იყო თქვენზე?
- არანაირი. მე მაშინაც ასე ვამბობდი, რომ ამ მკვლელობაში ჩართული იყვნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილი.
ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრებზე რას იტყვით?
- პირველი დამნაშავეები ესენი არიან, ეგ გამყიდველები. მათი ხელშეწყობით მოხდა ეს ყველაფერი. ყველაფერი მალე დადგინდება. დაცვის მოვალეობა იყო დაეცვა პრემიერ-მინისტრი, ამათმა კი ვერ დაიცვეს. მოკლეს კაცი, ე.ი. ვერ შეასრულეს თავიანთი მოვალეობა.
ვერ შეასრულეს თუ არ შეასრულეს?
- არ შეასრულეს. წინასწარ არ მინდა ამაზე ლაპარაკი, შეიძლება თვითონაც მონაწილეობდნენ ამ მკვლელობაში.
მაინც და მაინც თქვენი შვილზე რატომ შეჩერდა არჩევანი? ყოფილ პრემიერთან რაული არ იყო დაახლოებული პირი...
- ალბათ, იმიტომ, რომ აზერბაიჯანელი იყო. ერთ რამეს გეტყვით, სცენარი, რომელიც ამათმა დადგეს მკვლელობის შემდეგ, შეცდომებით იყო სავსე. ხან ძეხვი დადეს სუფრაზე... თურმე ერთი ჭიქით სვამდა ორი კაცი და ა.შ. რაული უფრო ადვილად მოატყუეს, ვიდრე ბარამიძე ან მაჭავარიანი მოტყუვდებოდა. რაულის რომ არ ჩაერთო ტელეფონი და არ წასულიყო, იმ საღამოს ხომ სხვას წაიყვანდნენ?! ეს იყო დადგმული წინასწარ. სატელეფონო საუბრებიდან ჩანს, რომ რაულის დილიდანვე ურეკავდნენ ძაძამიას ტელეფონიდან, ამოწმებდნენ იყო თუ არა ადგილზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი. მერე მოიფიქრეს უკვე სახელის დაბინძურება. ხალხი რომ არ გამოსულიყო ქუჩაში ამიტომ ჩირქი მოსცხეს პრემიერის და ჩემი შვილის სახელს.
გამოძიებით კმაყოფილი ვარ. ბევრი რამე ვიცი, მარგამ ამის გახმოვანების უფლება არ მაქვს. არ მინდა ხელი შევუშალო გამოძიებას და მოვლენებს გავუსწრო. ყოველ კვირა, თითქმის, პროკურატურაში ვარ. ეს საქმე გაუხსნელი არ დარჩება. დარწმუნებული ვარ, რომ მალე გაიგებს საზოგადოება მკვლელობის მიზეზებს. ვინც არ უნდა იყოს ამ მკვლელობის შემკვეთი, უნდა დაისაჯოს, არ აქვს მნიშვნელობა პრეზიდენტია, შს მინისტრი თუ გენერალური პროკურორი. არავის არ უნდა შერჩეს ეს მკვლელობა. როცა ხელისუფლების წარმომადგენელი სჩადის დანაშაულს, ის ორმაგად უნდა დაისაჯოს.