არჩილ კბილაშვილმა მისი წინამორბედის მხრიდან თაროზე საგულდაგულოდ შემოდებული საქმეები ჩამოიღო, მათ შორის - რამდენიმე გახმაურებული მკვლელობა. თაროდან ჩამოიღეს ბიზნესმენ კახი ასათიანის და „აირზენას“ გენერალური დირექტორის, თამაზ გაიაშვილის დისშვილის, დავით ბახტაძის მკვლელობის საქმეები, რომელსაც თბილისის პროკურატურა იძიებს.
For.ge-ს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს, რომ ყველა ამ საქმეებზე ძიება განახლდა.
გამოძიება ფაქტობრივად დასრულებულია და წინა ხელისუფლების ძალოვანი უწყების წარმომადგენლები გასული არიან მკვლელობის შემკვეთისა და შემსრულებლის კვალზე. არ არის გამორიცხული, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები საპატიმროებშიც დაიკითხონ.
ბიზნესმენის, „აირზენა საქართველოს ავიახაზების“ ვიცე-პრეზიდენტის, იმავდროულად, საქართველოში „მერსედეს-ბენცის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კახი ასათიანის მკვლელობის საქმე დახურული არ იყო, უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს საქმე, ისევე როგორც სხვა გახმაურებული მკვლელობები „თაროზე შემოდო“.
ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში სტუმრობისას მაკა ასათიანმა არ გამორიცხა, რომ ოჯახს კახი ასათიანის მკვლელობის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურისთვის მიემართა.
For.ge-ს ინფორმაციით, პროკურატურამ საქმის ძიება საკუთარი ინიციატივით განაახლა, თუმცა ოჯახმა თხოვნით მიმართა პროკურატურას, რომ ძიება დროებით შეეწყვიტათ, ვინაიდან ამ ვითარებაში, ოჯახს შიში აქვს, საქმე ისევ ე.წ „თაროზე“ არ აღმოჩნდეს. ეს ინფორმაცია ჩვენ კახი ასათიანის მეუღლემ, ლუიზა ასათიანმაც დაგვიდასტურა, თუმცა, დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო პროცედურები დაწყებულია, თუმცა, ჯერჯერობით, ასათიანის ოჯახის წევრები დაკითხულები არ არიან.
კახი ასათიანის მკვლელობის მოტივები
2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, კახი ასათიანის მანქანა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ასათიანის ცოლის დის, პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილის სახლთან გაჩერდა. ასათიანის მძღოლს ბიჭიაშვილების ოჯახისთვის მოსაწვევები უნდა გადაეცა. რამდენიმე წუთში მანქანაში დარჩენილ კახი ასათიანს უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. 16 ტყვიიდან მსხვერპლს მხოლოდ 7 მოხვდა. ასათიანი მაშინვე გარდაიცვალა.
მკვლელი აუჩქარებლად ჩაჯდა იქვე მდგომ BMV-ს მარკის ავტომანქანაში და მიიმალა...
გასროლამდე ორიოდე წუთით ადრე, გზის მოპირდაპირე მხარეს სამარშრუტო ტაქსიდან მგზავრები ჩამოვიდნენ, რომლებიც, წესით, მკვლელობას უნდა შესწრებოდნენ, მაგრამ, ფაქტია, გამოძიებას ამან „ვერ უშველა“ .
შემთხვევის ადგილზე, პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა და სპეცდანიშნულების რაზმი, დაახლოებით, ერთ საათში მივიდა. ამ დროისთვის მივიდა შემთხვევის ადგილზე სახელმწიფო მინისტრი ავთო ჯორბენაძეც. პოლიციას კი, უკვე, ჰქონდა მკვლელის აღწერილობა.
თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მკვლელი ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა იყო. დადგინდა, რომ ავტომანქანა, რომლითაც მკვლელი მოძრაობდა, სავარაუდოდ, გატაცებული იყო. პოლიციამ თბილისიდან გასასვლელი გზები გადაკეტა და ავტომანქანის ძებნა დაიწყო, მაგრამ...
მეორე დღეს საქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებას არწმუნებდა, რომ სამართალდამცავებმა სავარაუდო მკვლელის ვინაობა იცოდნენ და მისი დაკავება მხოლოდ დროის საკითხი იყო.
იმ დროისთვის მკვლელობის მოტივების რამდენიმე ვერსიაც გავრცელდა.
გამოძიება კახი ასათიანის მკვლელობას მის ბიზნესინტერესებს უკავშირებდა. სპორტის დეპარტამენტიდან წასვლის შემდეგ, კახი ასათიანმა ავიაკომპანია „აირზენას“ აქციების დიდი ნაწილი შეისყიდა. იმ პერიოდში კომპანიას მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა. იმასაც ამბობდნენ, რომ „აირზენას“ კუთვნილი თანხები რომ დაებრუნებინა, კახი ასათიანი ხმაურიან გარჩევებსაც არ ერიდებოდაო.
იმ წლებში, საქართველოში ავიაბიზნესი მსუყე ლუკმად ითვლებოდა და ის ბიზნესწრეების გარდა, კრიმინალური ავტორიტეტების ყურადღებასაც იქცევდა (ბევრს საუბრობდნენ კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის ინტერესებზე თბილისის აეროპორტსა და ავიაკომპანია „ორბში“). ამბობდნენ, რომ ონიანმა თვალი „აირზენასაც“ დაადგა და ყველა ხერხით ცდილობდა მის ხელში ჩაგდებასო.
კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობდნენ თბილისურ კულუარებში. კერძოდ, ასათიანი გახლდათ ერთ-ერთი ქართული ავიახაზის, „ეარ-ჯორჯიის“ მფლობელთაგანი და მან „ეარ-ჯორჯია“, ასე ვთქვათ, შეიტანა „აირზენა - საქართველოს ავიახაზებში“. ამის სანაცვლოდ, მიიღო გამსხვილებული ავიახაზის ვიცე - პრეზიდენტის პოსტი. ამავე ვერსიის თანახმად, აწ განსვენებულმა „აირზენას“ (ანუ ქართული საავიაციო ბიზნესის) მთლიანი კონტროლი დაისახა მიზნად. ეს კი ქვეყნის ხელისუფლებასთან დაპირისპირებას ნიშნავდა...
თუმცა, იმ დროისთვის, „აირზენას“ გენერალური დირექტორი თამაზ გაიაშვილი ირწმუნებოდა, რომ ასათიანის მკვლელობა „აირზენას“ არ უკავშირდებოდა.
„კახი ასათიანის მკვლელობა „აირზენას“ არ უკავშირდება, მას სხვა ბიზნესიც ჰქონდა, იქნებ იმათ დაუსვათ კითხვები, ვისაც ქართული ფეხბურთისა და „მერსედესის“ ხელში ჩაგდება სურდა. საერთოდ, მკვლელობის ვერსიებზე პროკურატურამ უნდა იმუშაოს... კარგი იქნება, თუ ედუარდ შევარდნაძესაც ჰკითხავთ რამეს“, - ამბობდა თამაზ გაიაშვილი, 2007 წელს.
სხვათა შორის, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლება ცდილობდა ასათიანის მკვლელობა ბადრი პატარკაციშვილის სახელთან დაეკავშირებინა.
ასათიანის მკვლელობიდან მეორე დღეს მოსკოვში, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თენგიზ კიტოვანმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა:
„მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბადრი პატარკაციშვილი კახი ასათიანს ელაპარაკა „აირზენას“ საკონტროლო პაკეტის შესყიდვის თაობაზე, რაზეც ასათიანი თანახმა არ იყო. მან შევარდნაძესაც სთხოვა, ჩარეულიყო ამ საქმეში და პრობლემის მოგვარებაში დახმარებოდა, თუმცა ამ ფაქტს შევარდნაძე რატომღაც მალავს...“
2002 წლს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა:
„კახი ასათიანის მკვლელობასთან მართლაც ვახსენე შევარდნაძის ოჯახი, მაგრამ არ მითქვამს, რომ უშუალოდ პრეზიდენტმა შეუკვეთა ეს მკვლელობა. ასეთ რამეს არც დავუშვებდი. კახი ასათიანს საავიაციო ბიზნესში კონფლიქტი ჰქონდა“.
იმ დროისთვის თავად პრეზიდენტი შევარდნაძეც შეეხო კახი ასათიანის მკვლელობას და განაცხადა: „გავიგე, რომ კახი ასათიანს პრობლემები ჰქონდა საავიაციო ბიზნესში, თუმცა დაწვრილებით არაფერი ვიცოდი, რადგან დიდი ხანია არ მინახავს. როგორც ჩანს, თავისი პრობლემებით არ უნდოდა შევეწუხებინე არც მე და არც ხელისუფლების სხვა წევრები. კახის რომ ჩემთვის მოემართა, საქმე მკვლელობამდე არ მივიდოდა“.
კიდევ ერთი მკვლელობა
ასათიანის მკვლელობას წინ უსწრებდა ერთი საინტერესო ფაქტი - ასათიანის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, 2001 წლის 29 ოქტომბერს, ღამის თორმეტის ნახევარზე, აეროპორტის დასახლებაში, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ „აირზენას“ გენერალურ დირექტორს თამაზ გაიაშვილს, თავდასხმა მკვლელობით დასრულდა, მოკლულ იქნა გაიაშვილის დისშვილი 27 წლის დავით ბახტაძე, რომელიც ბიძის მანქანას მართავდა. მას 3 ტყვია ესროლეს, აქედან 2 - საკონტროლო. თავდამსხმელებს ბახტაძე მის ბიძაში შეეშალათ.
მოგვიანებით გავრცელდა ვერსია, რომ ბახტაძის, ასათიანისა და დადიანის მკვლელობა ერთი და იგივე პირის მიერ იყო შეკვეთილი, მაგრამ ვინ იყო ეს იდუმალი მკვლელი, ამას გამოძიებამ პასუხი ვერ გასცა.
როგორც აღმოჩნდა, დაზარალებულს და მის წარმომადგენელს გამოძიების დასრულებამდე უფლება არ აქვთ სისხლის სამართლის დეტალებში ჩაიხედონ და მიიღონ ინფორმაცია.
კახი ასათიანის ოჯახის ადვოკატი დავით ხაჟალია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გამოძიება, რომელიც წლების განმავლობაში მიდიოდა ეფექტური არ იყო. შესაბამისად, მათთვის უცნობია რა ხდებოდა საქმეში და რა არსებითი გარემოება მოიპოვა გამოძებამ.
„არ ვიცით რა ხდება და რა მონაცემები აქვს გამოძიებას ამ საქმეში, ამის შესახებ ჩვენ სრულყოფილი ინფორმაცია არ გვაქვს და შესაბამისად, ვერც გვექნებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ ძიების პროცესში საქმეში ახალი დეტალები გამოჩნდეს. შესაძლოა, ისეთი ჩვენება იქნეს მიღებული, რაც ძიებას სწორ გზაზე დააყენებს“, - აცხადებს დავით ხაჟალია.
P.S. ამ გახმაურებული მკვლელობის გაუხმაურებელ დეტალებზე For.ge აგრძელებს მუშაობს, რომელსავ უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.