შეხვედრა ჟურნალისტებთან

შეხვედრა ჟურნალისტებთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ირაკლი ალასანიამ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებზე და უწყებაში გამჭვირვალობისა და სამოქალაქო კონტროლის გაზრდის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. მინისტრი თავდაცვის სამინისტროს სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებსაც შეეხო, როგორიცაა ადამიანური რესურსებისა და პერსონალის მენეჯმენტის სისტემა, ინფრასტრუქტურის განახლება, სამხედრო მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფა, შეარაღებული ძალების განვითარების გეგმები და შტაბის სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებები. თავდაცვის მინისტრმა დღესვე ისაუბრა ავღანეთის მისიაში სამხედრო ბაზებზე უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარის შემცველ ვიდეო რგოლსა და დაღუპული გმირების ოჯახების სოციალურ უზრუნველყოფაზე.

შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ჟურნალისტების კითხვებს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პასუხობდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას რეგიონული და უცხოური მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

”პირველ რიგში დავიწყებ იმ ნაბიჯებით, რასაც თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები დგამს ნატოსთან თავსებადობის კუთხით, რადგან თქვენ გახსოვთ უახლოეს პერიოდში რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი იყო საქართველოში, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური საბჭოსი, გენერალური მდივნის. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის ტრანსფორმაციის გეგმა თავიდან ბოლომდე გაგვევლო სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთანაც. მინდა გითხრათ, რომ ამ კუთხით საკმაოდ დამაჯერებელი პროგრესი გვაქვს. განსაკუთრებული ყურადღება ჩვენს მიერ ამ შეხვედრებზე დაეთმო გამჭვირვალობას და სამოქალაქო კონტროლის საკითხებს. თქვენ იცით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უკვე შეიქმნა და ამუშავდა სამი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგანაც არის დაკომპლექტებული, რომელიც უწევს ზედამხედველობას თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სამ მიმართულებას. ეს არის თავდაცვის ტრანსფორმაციის ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად მუშაობს სწორედ იმ ცვლილებებზე, რაც დაგეგმილია ჩვენი გეგმით სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტთან ერთად. ასევე, მეორე ჯგუფი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვასა და გამჭვირვალობაზე მუშაობს და მესამე არის ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით. სამივე ჯგუფი ამოქმედდა და ახლა იგეგმება გრძელვადიანი გეგმა, თუ რა ფორმებში და როგორ განხორციელდება ეს შეხვედრები და მზადდება თანამშრომლობის მემორანდუმი.

გარდა ამისა, მინდა ავღნიშნო, რომ ამოქმედდა შესყიდვების ელექტრონული სისტემა, თვითონ შესყიდვების დეპარტამენტში, რაც შესაძლებლობას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს ელექტრონულ რეჟიმში დააკვირდნენ თუ როგორ მიმდინარეობს გამჭვირვალე ტენდერები, ვინ იმარჯვებს ამ ტენდერებში, როგორ მიმდინარეობს თვითონ პროცესი და სატენდერო კომისიის სხდომებზე მოწვეული არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

მიმდინარეობს მუშაობა უკვე გრძელვადიანი პროგრამის ბიუჯეტზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის ამოცანები, რაც დასახული აქვს შეიარაღებულ ძალებს ტრანსფორმაციის კუთხით, გრძელვადიან ბიუჯეტს, გათვლებს, პროგნოზებს დაეყრდნოს და არ იყოს მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი გეგმა . აქედან გამომდინარე, ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია ჩვენს უწყებში.

მთავარი ასევე, რაზეც იყო გამახვილებული ყურადღება, ეს არის ადამიანური რესურსების და პერსონალის მენეჯმენტის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. მე პირადად დავესწარი, ზედამხედველობა გავუწიე რამდენიმე შერჩევითი საბჭოს სხდომას. სამი შერჩევითი საბჭო არსებობს ჩვენთან, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს დაწინაურებაზე, პროფესიულ წინსვლაზე, საგანმანათლებლო კუთხით რომელიმე ჩვენი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნაზე. პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი პირადი გადაწყვეტილებები. კოლექტიურად, წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით ხდება ამ გადაწყვეტილებების მიღება.

მე მინდა მოკლედ შემოგთავაზოთ თუნდაც სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც უკვე შეიარაღებულ ძალებში დაახლოებით 430-მა ადამიანმა გაიარა ეს შერჩევის საბჭო და თანამდებობებზე ან საგანმანათლებლო ინსტიტუტში გაგზავნილ იქნა სწორედ ასეთი გადაწყვეტილებებით.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. თქვენ იცით, რაზეც თავიდან გავამახვილეთ ყურადღება იყო ის დიდი დეფიციტი და აცდენა, რაც დაგვხვდა თვითონ სურვილებში , როგორ უნდა ყოფილიყო ჩვენი ინფრასტრუქტურა მოწყობილი და რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. ამ წუთისთვის მიმდინარეობს დაახლოებით 29 მშენებლობა, რომლის აღმოსავლეთ საქართველოს პრაქტიკულად ყველა ნაწილი მოვინახულე. პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი და 22 დაგეგმილი მშენებლობა უნდა დაიწყოს უახლოეს პერიოდში. ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს ჩვენი შიარაღებული ძალების ჯარისკაცების კვებითი უზრუნველყოფის და საყოფაცხოვრებო პირობებს. წლის ბოლომდე ყველა ამ პროექტის დასრულების დრო და ვადა გაწერილია და ეს იქნება შესრულებული.

გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების კვებით უზრუნველყოფა არის უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენთვის. ჩვენ ვექცევით ჩვენი ჯარის კვებას ისევე, როგორც ჩვენი საკუთარი ოჯახის და შვილის მომარაგებას კვებით. აქედან გამომდინარე, როდესაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული მაისის თვეში ნორმირებულ კვებაზე გადასვლის, ჩვენმა გენერალურმა ინსპექციამ შემოწმება და კვლევა ჩაატარა ჩვენს შეიარაღებულ ძალებში და აშკარად გამოჩნდა, რომ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის თუ ჯარისკაცებისთვის ეს იყო მიუღებელი. აქედან გამომდინარე შესაბამისი გამოძიებაც დაიწყო და ჩვენ შევცვალეთ და გადავიყვანეთ ჯარი ისევ არანორმირებულ კვებაზე. აქედან გამომდინარე, ისევ აგრძელებს შეიარაღებული ძალების კვებას ”ქართული კვება” უკვე ახალ ფორმატში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯარისაკაცი, რომლებთან ერთადაც უკვე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მე თავად დავაგემოვნე ის საკვები, რითაც იკვებებიან, ბევრად, გაცილებით უკეთესია.

რაც შეეხება ჩვენი შეიარღებული ძალების განვითარებას. მიმდინარეობს სრული სამზადისი 2017 წლისთვის, რომ შეიარაღებული ძალები გადავიდეს სრულად პროფესიულ ჯარზე. ამასთან დაკავშირებით ფინანსური გათვლები მიმდინარეობს. ჩვენ ბუნებრივია დამოკიდებული ვიქნებით იმაზეც, თუ როგორ განვითარდება ეკონომიკა და როგორი შემოსავლები ექნება ჩვენს ბიუჯეტს, რათა დაფინანსდეს ეს ტრანსფორმაციის გეგმა. აქედან გამომდინარე, ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან და საბიუჯეტო გათვლები კეთდება.
მინდა ასევე ავღნიშნო რამდენიმე სიახლე, რომელიც გაჩნდა შეიარაღებულ ძალებში, გაერთიანებული შტაბის სტრუქტურაში. ეს არის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამსახური, რომელიც რატომღაც ადრე ექვემდებარებოდა სამხედრო პოლიციას და ასრულებდა პოლიტიკური პოლიციის ფუნქციებს. დღეს ეს გამოყოფილია და ასეთი ფუნქცია არ აქვს სამხედრო პოლიციას, ის გადავიდა გაერთიანებულ შტაბში და მისი ფუნქცია იქნება საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება ჩვენს შეიარაღებულ ძალებში. ასევე, შეიქმნა ძალიან სწორი უფლებამოსილების გამიჯვნის სისტემა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალების გაერთიანებულ შტაბს შორის. ჩვენ ვიღებთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, შექმნილია გადაწყვეტილებების მიმღები კომისია, ხოლო ოპერატიულ-ტაქტიკური დონის სამხედრო გადაწყვეტილებების შემუშავებაში და განხორციელებაში ჩვენ არ ვერევით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორი სამოქალაქო კონტროლი იყოს დაწესებული შეიარაღებულ ძალებზე და სამხედროებს, პროფესიონალებს ქონდეთ სრული უფლება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვიტონ ტაქტიკური და ოპერატიული საკითხები. ესეც ძალიან მნიშვნელოვან წინსვლად ჩათვალეს ჩვენმა ნატოელმა პარტნიორებმა.

ბოლოს მინდა გავამახვილო ყურადღება ჩვენს მისიაზე ავღანეთში. გუშინწინ დაბრუნდა ამ პერიოდის განმავლობაში ბოლო მივლენილი დელეგაცია გენერალი კაპანაძის და ჩემი მოადგილის თაოსნობით ავღანეთში. შემოწმდა, თუ როგორ შესრულდა ის შეთანხმებები, რომელიც მიღწეული იქნა ერთი თვის წინ ჩემი ვიზიტისას ავღანეთში, როდესაც შევხვდი ნატოს გაერთიანებულ სარდლობას. მე მომახსენეს, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო უკვე შესრულებულია. ის ორი ბაზა, რომელიც უნდა დახურულიყო დაიხურა, ჩვენი ჯარისკაცები გადასულები არიან სხვა დისლოკაციის ადგილზე, ყველა საინჟინრო თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც დაგეგმილი იყო უკე დასრულებულია და ბევრად უფრო ახალ უსაფრთხოების გარემოში უწევთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მისიის შესრულება. ადამიანური შესაძლებლობის მაქსიმუმი გაკეთდა, რომ უზრუნველგვეყო არსებულ უსაფრთხოების ვითარებაში ჩვენი ჯარისკაცების მისიის უსაფრთხო წარმოება. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ნატოსთან ერთად გაანალიზებულ იქნა ის ვიდეო რგოლი, რომელიც ატვირთულ იქნა საქართველოში და შეიცავდა მუქარას ჩვენი სახელმწიფოს და შეიარაღებული ძალების მიმართ. პირველი შეიძლება ითქვას, რომ ამ მოვლენასა და თავდასხმებს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს, რომელიც განხორციელდა შეიარაღებულ ძალებზე ავღანეთში. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ, შეიარარებული ძალები, თითოეული ჯარისკაცი და მე, როგორც მინისტრი, ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით ამ გამოძიების მიმდინარეობას. მე მქონდა არაერთხელ საუბარი და შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან. ჩვენ გვაიმედებენ, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეული პროგრესი იქნება ამ გამოძიებაში. ჩვენი ამოცანაა, ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საქმეა, ყველა დეტალი ამ ამორალური, სულმოკლე ადამიანების მიერ დაგეგმილი დანაშაულის უნდა იყოს გამოძიებული, დადგენილი როგორც შემკვეთები, ასევე, აღმსრულებლები და სამაგალითოდ დასჯილი. ეს არის ჩვენი ამოცანა, როგორც სახელმწიფოსი და შეიარაღებული ძალების. ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ოპერატიული სადაზვერვო საშუალებებითაც ჩავერთოთ ამ გამოძიების წარმატებით დასრულებაში.

რაც შეეხება ჩვენი ჯარისაკაცების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას ისტორიული გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული ამ ბოლო პერიოდში. თქვენ იცით, რომ მთავრობის თავმჯდომარის და მთლიანად კაბინეტის გადაწყვეტილებით, დაენიშნათ ერთჯერადი დახმარება საერთაშორისო ოპერაციებში გარდაცვლილთა ოჯახებს ასი ათასის ოდენობით. დაახლოებით 28 სამხედრო გმირის ოჯახმა მიიღო ეს თანხა. დანარჩენებთან მიმდინარეობს დაზუსტება საბუთების და ისიც გაცემული იქნება უახლოეს პერიოდში. გამოიყო დამატებითი სახსრები და მიმართული იქნება ის ჩვენი დაჭრილი და ამპუტირებული ჯარისკაცების სოციალურ და მათ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელთა ნაწილი არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნაწილი - დაბრუნებული. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და პარლამენტში მეორე მოსმენით ეს კანონი უკვე გასულია და უახლოეს პერიოდში დამტკიცდება, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურის ოჯახი, რომელიც დაიღუპა საქართველოს მთლიანობისთვის, მიიღებს 1000 ლარიან დახმარებას. 2014 წლიდან ეს იქნება 500 ლარი და 2015 წლიდან უკვე გახდება 1000 ლარი. ხაზს ვუსვამ, ყველა სამართალმემკვიდრე მიიღებს ამ თანხას. ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც ახალი მთავრობა იჩენს სამხედრო საქმისადმი, იმ ადამიანებისადმი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შეწირა ჩვენს მომავალს. ეს რა თქმა უნდა მცირეა, რადგან ადამიანის, ჯარისკაცის სიცოცხლე შეუფასებელია, მაგრამ ეს დამოკიდებულება თქვენ არ იცით რამხელა სტიმულს აძლევს ყველას, ვინც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მოდის, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას დაჭირდა თავისი ქვეყნისთვის სიცოცხლის გაღება, ეცოდინება, რომ მისი ოჯახი არ არის უპატრონო, მიტოვებული.

ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც ალბათ სექტემბრიდან შევა ძალაში, რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში და გაერთიანებულ შტაბში არსებული ვეტერანთა დეპარტამენტი გამოეყოფა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურას და ჩამოყალიბდება დამოუკიდებელ სამთავრობო ერთეულად. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ ძალაში შესვლა დამოკიდებული იქნება ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში იქნება ფორმალიზებული. აქედან გამომდინარემე უკვე მივეცი დავალება ვეტერანთა დეპარტამენტს, დაახლოებით სამი კვირის წინ, დაიწყოს სერიოზული მუშაობა, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთნ ერთად, დაზუსტდეს იმ ოჯახების რიცხვი და იდენტიფიცირებულნი იქნას ის პირები ვინც სწორედ მიიღებენ ამ ათას ლარიან დახმარებას. გარდა ამისა როცა უკვე დამოუკიდებელი გახდება ეს უწყება იქნება პასუხისმგებელი ვეტერანთა პოლიტიკის წარმოების და შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენი ვეტერანების სოციალური დაცვის პოლიტიკაზე. საბოლოო ჯამში ვიდრე გადავალთ კითხვა პასუხზე, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შეიარაღებული ძალები უკვე იქცევა, როგორც ნატოს წევრი შეიარაღებული ძალები. ასე უყურებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნატოელი პარტნიორები. მათ აქვთ სრული ნდობა ჩვენი ჯარის, ჩვენი მეომრების. მათთვის ქართელები, ჩვენი სამხედროები არიან სასურველი პარტნიორები ბრძოლაში და ისინი იზიარებენ იმ სულისკვეთებას, რაც აქვს საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, რომელმაც გამოუცხადა ამხელა ნდობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. რაც ბუნებრივია კიდევ უფრო ათმაგ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. მე ასევე მინდა შევეხოთ ერთ საკითხს და უკვე გადავალთ კითხვა პასუხზე. ველოდებით საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც, როგორც არაერთხელ აღნიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, სხვა ლიდერებმა, რომ ჩატარდება სამაგალითოდ. მე, როგორც თავდაცვის მინისტრი ვიქნები გარანტი იმისა, რომ შეიარაღებული ძალები იქნება აპოლიტიკური. განსხვავებით წინა არჩევნებისგან, ვერავინ ვერ მოთხოვს და ვერ დააძალებს ჯარისკაცებს, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მმართველ გუნდს მისცენ ხმა. ამასთნ დაკავშირებული რამდენიმე ქმედება და ინსტრუქცია უკვე გაცემულია შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაზე. ასევე ვემზადებით ჩავატაროთ არჩევნები რთულ რეგიონში, ავღანეთში, ჰელმანდის რაიონში. და მე მინდა გითხრათ, და სრული გარანტია მოგცეთ თქვენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, რომ გარანტირებული იქნება შეიარაღებული ძალების მიუკერძოებლობა, აპოლიტიკურობა. და ყველა ჯარისკაცი მისცემს ხმას საკუთარი შინაგანი ნების მიხედვით. თუკი ვინმე დააძალებს მათ - რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ, ის ადამიანი იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული. ასე რომ ამით მე დავასრულებ ჩემს ასე ვთქვათ გამხსნელ სიტყვას და ახლა მზად ვარ ნებისმიერ თქვენს შეკითხვაზე გიპასუხოთ.”