4 ივლისს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება N04/07/01 საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ, რომლის საფუძველზეც საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2013 წლის 27 ოქტომბერი განისაზღვრა.
საქართველოს კანონმდებლობა სამხედრო მოსამსახურეებსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე არჩევნებთან მიმართებით რამდენიმე მნიშვნელოვან უფლებასა და შეზღუდვას ადგენს. ქვემოთ საარჩევნო კანონმდებლობის ის მუხლებია მოცემული, რომელთა ცოდნაც სამხედრო მოსამსახურეებსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს საარჩევნო წესების და მათი ხმების ფარულობის დაცვაში დაეხმარება.
თავდაცვის სამინისტრო პატივს სცემს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაიცავს თითოეული სამხედრო მოსამსახურის და სამინისტროს თანამშრომლის თავისუფალი არჩევანის და ხმის მიცემის ფარულობის უფლებას.
შეზღუდვები:
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს არა აქვს უფლება, იყოს საარჩევნო კომისიის წევრი (მუხლი 24, პუნქტი 5თ).
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს არა აქვს უფლება, იყოს დამკვირვებელი საარჩევნო კომისიაში ან საარჩევნო უბანზე (მუხლი 39, პუნქტი 4ვ).
თავდაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეებს არა აქვთ უფლება, გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია ან მონაწილეობა მიიღონ აგიტაციაში (მუხლი 45, პუნქტი 4გ). წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით იწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით (მუხლი 79).
აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება სამხედრო ნაწილებში (მუხლი 45, პუნქტი 5გ). კამპანიის წარმოება სამხედრო ნაწილში ან უფლებამოსილი პირის მიერ ამ ნებართვის გაცემა იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით (მუხლი 81).
აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა სამხედრო შენაერთების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში (მუხლი 46, პუნქტი 2).
ამომრჩეველთა მოსყიდვა
არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (სააგიტაციო მასალის გარდა) მიწოდება ან გავრცელება, ან დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მუხლი 47, პუნქტი 1ა).
ხმის მიცემის ადგილი
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო მოსამსახურეები ხმას აძლევენ სამხედრო შენაერთის დისლოკაციის ადგილის მიხედვით ამომრჩეველთა სპეციალური სიით. თუ ამ ამომრჩეველს ხმის მიცემა უნდა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მან არჩევნებამდე არა უგვიანეს 16 დღისა უნდა მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანის მოთხოვნით (მუხლი 32, პუნქტი 7).
თუ სამხედრო მოსამსახურე მსახურობს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი (იმის გამო, რომ ნაწილში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა არ აღემატება 50-ს), ის ხმას აძლევს გადასატანი ყუთის საშუალებით (მუხლი 33, პუნქტი 1).
კენჭისყრა
კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში არჩევნების დღის 8 საათიდან 20 საათამდე (მუხლი 60, პუნქტი 1).
ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისთვის საჭირო დროის განმავლობაში (მუხლი 60, პუნქტი 5).
საარჩევნო უბანში გამოკრულია ინფორმაცია ხმის მიცემის პროცედურების, მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესის შესახებ (მუხლი 58, პუნქტი 4).
კენჭისყრის დღეს სამხედრო ნაწილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში კენჭისყრა დამთავრებულად ცხადდება 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეყვანილმა ყველა ამომრჩეველმა (მუხლი 60, პუნქტი 6).
კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა ან კენჭისყრის შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა (მუხლი 60, პუნქტი 2).
საარჩევნო უბანზე წესრიგის დაცვა
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მასზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე (მუხლი 59, პუნქტი 1).
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა შენობაში მყოფი ყველა უფლებამოსილი პირისა და ამომრჩევლისთვის (მუხლი 59, პუნქტი 2).
მარკირება
ყველა საარჩევნო უბანში ხორციელდება ამომრჩეველთა მარკირება, რაც ითვალისწინებს თვალით უხილავი და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე (მუხლი 64, პუნქტი 1).
მარკირება არ გამოიყენება გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე პირთა მიმართ (მუხლი 64, პუნქტი 5).
მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არა აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. მასზე საარჩევნო ბიულეტენი არ გაიცემა (მუხლი 64, პუნქტი 3).
ამომრჩეველს, რომელმაც გაიარა მარკირების პროცედურა და მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში, არა აქვს უფლება, იმავე ან სხვა საარჩევნო უბანში ხელახლა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. ამ აკრძალვის დამრღვევ პირს ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა (მუხლი 64, პუნქტი 6 და პუნქტი 7).
დამკვირვებლები
არჩევნების დღეს კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების მიმდინარეობას აკვირდებიან დამკვირვებლები.
დამკვირვებელს უფლება აქვს, კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერ ადგილიდან (მუხლი 41, პუნქტი 1ბ).
დამკვირვებელს უფლება აქვს, მოსთხოვოს ამომრჩეველს, აჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში (მუხლი 41, პუნქტი 1ლ). დამკვირვებლის კანონით დადგენილი უფლების შეზღუდვა ან მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (მუხლი 91).
დამკვირვებელს არა აქვს უფლება, გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე (მუხლი 41, პუნქტი 2ბ) ან აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ (მუხლი 41, პუნქტი 2გ).
ხმის მიცემის ფარულობა
ხმის მიცემა ფარულია. აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას და კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე (მუხლი 3, პუნქტი დ.ა,. დ.ბ.).
კენჭისყრის შენობაში ფარული კენჭისყრისთვის ეწყობა სპეციალური კაბინები. კაბინის ერთი მხარე ღიაა მისი სიმაღლის ნახევრამდე, ხოლო ზედა ნახევარი ფარდით არის დაფარული (მუხლი 58, პუნქტი 4). ამომრჩეველი ხმას აძლევს ფარული კენჭისყრის კაბინაში. ის ბიულეტენზე ნიშნავს მისთვის სასურველ კანდიდატს, კეცავს მას ისე, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა და დაკეცილ ბიულეტენს თავად ათავსებს სპეციალურ კონვერტში (მუხლი 65, პუნქტი 2ბ და პუნქტი 2დ). საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება (მუხლი 65, პუნქტი 3). არავის აქვს უფლება, გახსნას ამომრჩევლის მიერ შევსებული საარჩევნო ბიულეტენი ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა (მუხლი 65, პუნქტი 2დ).
დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად (მუხლი 65, პუნქტი 1). არჩევნების დროს სხვისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ყალბი დოკუმენტის საფუძველზე ხმის მიცემა, ასევე, არაერთგზის ხმის მიცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 2 პრიმა).
კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია (მუხლი 58, პუნქტი 6).
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 164).
სამხედრო ნაწილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში კენჭისყრა ტარდება ზოგადი პროცედურების დაცვით, თუმცა ხმები ამ საარჩევნო უბნებში არ ითვლება. სამხედრო ნაწილში კენჭისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს საარჩევნო ყუთს და საარჩევნო დოკუმენტაციას და დაუყოვნებლივ გადასცეს მათ სხვა (ძირითად) საარჩევნო უბანს, სადაც სამხედრო ნაწილის საარჩევნო ბიულეტენები ამ უბნის საარჩევნო ბიულეტენებს ერევა და ისე ითვლება (მუხლი 67, პუნქტი 6). ძირითადი საარჩევნო უბნისა და სამხედრო უბნის შედეგები ფორმდება ერთი შემაჯამებელი ოქმით. შემაჯამებელ ოქმში (მუხლი 77, პუნქტი 3ბ). ეს შეუძლებელს ხდის იმის დადგენას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი სამხედრო უბნის ამომრჩეველთა უმრავლესობამ.