„ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა 29% ფიქრობს, რომ  ხელისუფლება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა 29% ფიქრობს, რომ ხელისუფლება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს

დღეს ამერიკის „ერონულ - დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების ის ნაწილი წარმოადგინა, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს ასახავს. კვლევა 12-დან 26 ივნისის პერიოდშია ჩატარებული და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2 338 ადამიანი გამოიკითხა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92%-ს მოსწონს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე. ამ რეიტინგში მეორე ადგილზეა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გამოკითხულთა 69%-ს მოსწონს, თუმცა წინა კვლევის დროს (მარტში) ეს მაჩვენებელი ივანიშვილთან დაკავშირებით 75%-ს შეადგენდა. ბიძინა ივანიშვილს ამ რეიტინგში მოსდევს დავით უსუფაშვილი 61%-ით, თუმცა მისი მოწონების მაჩვენებელიც წინა კვლევასთან შედარებით ხუთი პროცენტით არის შემცირებული. გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს ეკა ბესელია, 51%-ს - თინა ხიდაშელი (წინა კვლევაში 59%), 46%-ს დავით ბაქრაძე, 46%-ს ზვიად ძიძიგური, 45%-ს გიორგი მარგველაშვილი, 42%-ს კობა დავითაშვილი, 41%-ს მანანა კობახიძე, 39%-ს დავით ბერძენიშვილი, 38%-ს სალომე ზურაბიშვილი, 33% - ზაქარია ქუცნაშვილი, 32% - გიორგი თარგამაძე, 32% - დავით საგანელიძე, 29% - გოგი თოფაძე, 28% - კახა კუკავა, 26% - გუბაზ სანიკიძე, 25% - ზურაბ აბაშიძე, 25% - გიგი უგულავა, 23% - მიხეილ სააკაშვილი (წინა კვლევაში 25%), 21% - ნინო ბურჯანაძე (წინა კვლევაში 16%), 17% - ვანო მერაბიშვილი (წინა კვლევაში 26%), 14% - ლევან ვასაძე.

გამოკითხულთა 87%-ს მოსწონს პატრიარქის საქმიანობა, 55%-ს ბიძინა ივანიშვილის, 36%-ს დავით უსუფაშვილის, 23%-ს არჩილ კბილაშვილის, 26%-ს დავით ბაქრაძის, 17%-ს დავით საგანელიძის, 12%-ს უჩა ნანუაშვილის, 6%-ს ზურაბ ხარატიშვილის, 11%-ს მიხეილ სააკაშვილის, 11%-ს გიგი უგულავას, 5%-ს გიგა ბოკერიასი.

მინისტრების საქმიანობის შეფასება კი ასე გამოიყურება: 43% დადებითად აფასებს ირაკლი ალასანიას და თეა წულუკიანის მოღვაწეობას, 40% - ირაკლი ღარიბაშვილის, 30% - გიორგი მარგველაშვილის, 30% - კახი კალაძის, 28% - მაია ფანჯიკიძის, 28% - სოზარ სუბარის, 25% -  ნოდარ ხადურის, 23% - დავით სარგეენკო, 17% - დავით ნარმანია, 16% - ალექსი პეტრიაშვილი, 17% - პაატა ზაქარეიშვილი, 15% - დავით დარახველიძე.

კვლევაში მონაწილეთა 59%-ს მოსწონს საქართველოს ჯარის საქმიანობა, 55%-ს - ქართული პოლიციის საქმიანობა, 45%-ს კოალიცია „ქართული ოცნების“, 24%-ს - მთავარი პროკურატურის, 26%-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, 23%-ს პარლამენტის, 17%-ს სახალხო დამცველის აპარატის, 18%-ს სასამართლოების, 13%-ს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, 11%-ს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, 8%-ს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, 6%-ს პროფკავშირების, 9%-ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“.

კითხვაზე - როგორ აფასებთ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას შემდეგ სფეროებთან მიმართებაში? გამოკითხულთა 39%-ს მოსწონს მისი საქმიანობა სოფლის მეურნეობის სფეროში, 36%-ს ციხეებთან მიმართებაში, 35%-ს განათლების სფეროში, 28%-ს ადამიანის უფლებათა სფეროში, 30%-ს ჯანდაცვის, 29%-ს პენსიების, 27%-ს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, 21%-ს ეროვნული უსაფრთხოების, 21%-ს გადასახადების, 19%-ს კრიმინოგენური მდგომარეობის, 18%-ს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, თუმცა პრემიერის საქმიანობის უარყოფითად შემფასებელთა რაოდენობა ამ სფეროებში უფრო მეტია.

მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ არსებულ პრობლემებს მმართველი გუნდი მოაგვარებს ყველაზე უკეთესად.  

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 17% აცხადებს, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ის და მისი ოჯახი უკეთესად არის, ხოლო 70% მიიჩნევს, რომ იგივე მდგომარეობაშია. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 64% ამბობს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ისევ იგივე მდგომარეობაშია, ხოლო 3%-ის თქმით, უკეთესად არის. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 62% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება (წინა კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებელი 74%-ს შეადგენდა), „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა 13% თვლის, რომ საქართველოს სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 61%-ის აზრით - არასწორი მიმართულებით.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 45% თვლის, რომ საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია, 40% კი მიიჩნევს, რომ დემოკრატია არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა მხოლოდ 24% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, 63% კი - არა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 58%-ის აზრით, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია უმცირესობების უფლებების დაცვა. იგივე პოზიციას იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 57%.

„ქართული ოცნების“ მომხრეების 77% თვლის, რომ არსებული ხელისუფლება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა 29%-იც ასე ფიქრობს, ხოლო მათი 46%-ის აზრით, ეს ასე არ არის.

გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციის არსებობს მნიშვნელოვანია, ასევე ფიქრობს თბილისელთა 84%. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 74%-ის აზრითაც ქვეყანაში აუცილებელია ძლიერი ოპოზიციის არსებობა, ასე ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 86%-იც და 75% იმ ადამიანებისა, რომლებიც არც ერთი პარტიის მხარდამჭერები არ არიან.

მმართველი ძალის მომხრეების 79% არ იცნობს ისეთ ადამიანს, ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო დაითხოვეს, 14% კი ასეთ ადამიანებს იცნობს. ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 34% იცნობს ასეთ ადამიანებს, ხოლო 56% - არ იცნობს. „ქართული ოცნების“ მომხრეების 29% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმომადგენს და ასევე ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების 56%, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 41%-ის აზრით, რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია და ამავე აზრზეა „ნაცმოძრაობის“ მომხრეთა 21%.

მმართველი გუნდის მომხრეთა 57%-ს რუსეთთან საქართველოს ახლანდელი ურთიერთობა არ მოსწონს, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა 78%-ს და 69%-ს იმ ადამიანებისა, ვინც არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ არის.

კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? გამოკითხულთა 52% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს (წინა კლვევის თანახმად, 60%), 15% ამბობს, რომ არც ერთი პარტია, ხოლო 10% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს. გამოკითხულთა 47%-ის აზრით ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად „ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევს, 4% - დემოკრატიულ მოძრაობას, 3-3% აქვთ „ლეიბორისტულ პარტიას“, „თავისუფალ საქართველოსა“ და „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“.

ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას? ამ კითხვაზე დადებითად პასუხობს გამოკითხულთა 73%, ხოლო კითხვაზე - ყველაზე მეტად ვის ისურვებით საქართველოს მომავალ პრეზიდენტად? გამოკითხულთა 29% გიორგი მარგველაშვილს ასახელებს, 26%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს, 10% „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს უჭერს მხარს, 5% - ნინო ბურჯანაძეს, 4% - გიორგი თარგამაძეს, 3-3% - შალვა ნათელაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს.

გამოკითხულთა 70% დადებითად პასუხობს კითხვაზე - ხვალ რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას? მათგან 54% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 19%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს, 10% - „ნაციონალურ მოძრაობას“, 3-3% „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“, 2% კი სხვა პარტიებს.