დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ახალაღმოჩენილ გარემოებების თაობაზე განცხადება გააკეთა მისმა ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ. მისი თქმით, გურამ შარაძის მკვლელობის ორგანიზება მოხდა სამეგრელოში, თუმცა რუსუდან შარაძე მკვლელობის შეკვეთაში მონაწილე პირებს არ ასახალებს, რადგანაც მისი თქმით, არაერთი მათგანი დღესაც ძალოვან უწყებებში მუშაობს.
რუსუდან შარაძის თქმით, მისი მამის მკვლელობის საქმეში გამოჩნდა ახალი მოწმე, რომელიც ყოფილი პოლიციელია. კერძოდ, ეს ადამიანი სამეგრელო - ზემო-სვანეთის პოლიციის სამმართველოში მუშაობდა და სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა თენგიზ გუნავასთან, მეგის ქარდავასთან და კოხტა კოდუასთან, იყო მათი ნდობით აღჭურვილი პირი.
„მოწმემ გურამ შარაძის მკვლელობის დავალება პირადად მეგის ქარდავასგან მიიღო. დავალების მიხედვით, მოწმეს სამეგრელოდან თბილისში ძალოვანი უწყებიდან უნდა წამოეყვანა ორი კონკრეტული პირი, რომელთაც თბილისში მამაჩემი უნდა მოეკლათ. ჩემთვის ცნობილია ამ ორი პირის ვინაობა და აქვე გეტყვით, რომ ერთ-ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მეორის ადგილსამყოფელი კი ჩემთვის ცნობილია. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მოწმეს უნდა დაკავშირებოდა ე.წ. „მასტერა“, რომელიც მკვლელობის შემდგომ გეგმას გააცნობდა“, - აცხადებს რუსუდან შარაძე.
მისი თქმით, მეგის ქარდავას დავალებით, აღნიშნულ მოწმეს კონკრეტული თანხაც გადასცეს, რომლის ოდენობაც შარაძისთვის ცნობილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იგი თანხის ოდენობის დასახელებისგან თავს იკავებს. რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღს, რუსუდან შარაძის თქმით, ამ მოწმეს იარაღი პირადად კოხტა კოდუამ გადასცა, თუმცა აღნიშნულმა მოწმემ უარი განაცხადა მეგის ქარდავას დავალებაზე, ანუ გურამ შარაძის მოკვლაზე, რის გამოც ის და მისი ახლობლები სერიოზული ტერორის ქვეშ იმყოფებოდნენ.
რუსუდან შარაძის თქმით, მკვლელობის განხორციელებაზე უარის თქმის გამო, აღნიშნული მოწმე სამეგრელო - ზემო-სვანეთის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა და ახლა მსჯავრდებულმა თენგიზ გუნავამ უმოწყალოდ სცემა, მათ შორის დაზიანებები მიაყენა თავის არეში.
„მიუხედავად ამისა, ამ ადამიანმა მამაჩემზე ხელი არ ასწია, არ შეასრულა მისი მკვლელობის დავალება. ახლა უკვე ჩვენებაც მისცა გამოძიებას, რის გამოც მადლობის მეტი მისთვის არაფერი მეთქმის. მივმართავ საქართველოს პროკურატურას და მოვითხოვ, დაჩქარდეს გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიება, რათა ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს, ვინ და რა ვითარებაში მოკლა მამაჩემი. ასევე ვის დაკვეთას ასრულებდა მეგის ქარდავა. ამასთანავე, მივმართავ მოწმეებს, რომლებსაც აქამდე ამათუიმ მიზეზის გამო სიმართლე არ უთქვამთ, უმორჩილესად გთხოვთ, თქვით სიმართლე. ამით თქვენც განთავისუფლდებით და ჩვენც მადლიერები დაგრჩებით“, - ამბობს რუსუდან შარაძე.
ქალბატონო რუსუდან, ეს მასალები პროკურატურას უკვე გადაეცით?
- პროკურატურას მე კი არ გადავეცი, არამედ მან მოწმე თავად დაკითხა. ძალიან არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო და რაიმე გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვა, რის გამოც მეტ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.
თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თენგიზ გუნავა თუ არის დაკითხული?
- ამის შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემს მიერ დასახელებული მოწმის დაკითხვა მოხდა.
თქვენი ინფორმაციით, სამეგრელოდან ორი პიროვნება უნდა ჩამოეყვანათ თბილისში და ერთ-ერთმა მათგანმა ამაზე უარი თქვა?
- არა, უარი თქვა იმ მოწმემ, რომელზეც მე ვსაუბრობ. სწორედ მას უნდა წამოეყვანა სამეგრელოდან ორი კონკრეტული პირი, რომლებსაც უშუალოდ უნდა შეესრულებინათ მკვლელობა. თბილისში რომ ჩამოვიდოდნენ, მათ დაუკავშირდებოდათ „მასტერა“, რომელიც მკვლელობის შესრულების დეტალები უნდა გაეცნო მათთვის.
თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ის ადამიანები არიან, ვინც უშუალოდ შეასრულა მკვლელობა?
- იცით მე ვერაფერს დავამატებ, გარდა იმისა, რასაც მოწმე ამბობს. ახლა სწორედ ამ მოწმის ჩვენებაზე დაყრნობით გესაუბრეთ. ამ მკვლელობაში უშუალო შემსრულებლების (ანუ ქარდავას და ვიღაცეების) გარდა ამ საქმეში კიდევ სხვა მონაწილეებიც არიან, რომლებიც დღესაც ძალოვან უწყებებში მუშაობენ.
თქვენი აზრით, გამოძიება ჭიანურდება?
- ყოველ შემთხვევაში კარგი ტემპით რომ არ მიდის გამოძიება ცხადია, თუმცა ვერც ცუდს ვიტყვი და ვერც კარგს. ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება წინ წავა, მამაჩემის მკვლელობა აუცილებლად გამოძიებული იქნება, გათვალისწინებული იქნება საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის „ალდაგის“ სათვალთვალო კამერის ფირი, რომელზეც მამაჩემის მკვლელობაა ასახული და სადაც ბარათელი საერთოდ არ ჩანს.
დღეს შემიძლია ცალსახად განვაცხადო, რომ ვინაიდან მამაჩემის მკვლელობა დაიგეგმა სამეგრელოში, ეს მიძლიერებს ეჭვს (სანამ გამოძიება არ დასრულდება სიტყვა ეჭვს გამოვიყენებ, თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვამბობ), რომ მამაჩემის მკვლელობა მიხეილ სააკაშვილმა შეუკვეთა.“