ბრიუსელი – პოლონეთს და მის ისტორიულ მტერს, რუსეთს შორის ბოლო დროს დაწყებული შერიგების პროცესი მას შემდეგ შეფერხდა, რაც პოლონეთის ლიდერი დონალდ ტუსკი დაიმუქრა, რომ სმოლენსკის ავიაკატასტროფის საერთაშორისო გამოძიებას მოაწყობდა
„თუკი მოლაპარაკებების დროს საერთო პოზიციის შემუშავება ვერ მოხერხდება, ჩვენ საერთაშორისო ინსტიტუტების დახმარებას მოვითხოვთ. იმედი მაქვს რომ საერთაშორისო არენაზე აპელაციის ეს რთული და პოტენციურად ხანგრძლივი პროცედურა არ დაგვჭირდება, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში პოლონეთის მხარე ჩიკაგოს კონვენციით გათვალისწინებულ ყველა ვარიანტს განიხილავს“ – 13 იანვარს ვარშავაში გამოსვლისას განაცხადა ტუსკიმ. სპეციალური პრეს-კონფერენციის გასამართად, მან დასვენება შეწყვიტა.
ჩიკაგოს კონვენცია 1947 წელს გაფორმდა. მასში განმარტებულია ავიაკატასტროფის შემთხვევაში ყველა დაინტერესებული მხარის ქცევის პრინციპები. კონვენციის პირობების თანახმად, რუსულმა მხარემ 2010 წელს სმოლენსკის თავზე მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზების პირველ გამოძიებაზე კონტროლი საკუთარ თავზე აიღო. სმოლენსკი რუსეთ-ბელორუსის საზღვართან იმყოფება. ავიაკატასროფაში პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და პოლონეთის სახელმწიფოს უმაღლესი მმართველობის 95 წარმომადგენელი და მათი ნათესავები დაიღუპნენ.
ოთხშაბათს, რუსეთის სახელმწიფოთაშორისმა საავიაციო კომიტეტმა გამოძიების შედეგი გამოაქვეყნა, რამაც პოლონეთში შოკი გამოიწვია, რადგან დოკუმენტის ავტორებმა მომხდარზე ბრალი სრულად პოლონელ პილოტებს დააკისრეს, ასევე განაცხადეს რომ პოლონელმა გენერალმა ანჟეი ბლასიკმა სიტუაცია კიდევ უფრო იმით გაართულა, რომ კაბინაში შევიდა და პილოტებს აიძულა დაესვათ თვითმფრინავი იმის მიუხედავად, რომ ამინდი არასახარბიელო იყო.
ბევრი პოლონელი პოლიტიკოსი და ექსპერტი, ასევე გარდაცვლილი პრეზიდენტის ძმა იაროსლავ კაჩინსკი და ქალიშვილი მარტა კაჩინსკა-დუბენეცკაია საერთაშორისო გამოძიებას კატასტროფის დღიდან ითხოვდნენ.
ტრაგედია სიმბოლურ წლისთავს დაემთხვა და სიმბოლურ ადგილზე მოხდა – კატინის მემორიალთან ახლოს, რომელიც აქ 1940 წელს საბჭოთა არმიის მიერ 20 ათასზე მეტი პოლონელი ოფიცრის მკვლელობის ხსოვნის საპატივცემულოდ აღიმართა და ამან ღრმად ფესვგადგმული შიში გააღვიძა იმის შესახებ, რომ რუსეთმა კატასტროფა შეიძლება შეგნებულადაც მოაწყო, რომ პოლონეთის ელიტისთვის უფრო მეტი ზიანი მიეყენებინა.
ამავდროულად, კრემლის მხრიდან გამოხატულმა მწუხარების არნახულმა ნიშნებმა, იმ დროს ქვეყნებს შორის მიმდინარე შერიგების პროცესს შემდგომი ბიძგი მისცა, მიუხედავად იმისა რომ მანამდე პოლონელები ათეული წლების განმავლობაში რუსებზე საბჭოთა წლების დანაშაულებების გამო ბრაზობდნენ.
„რუსეთს და პოლონეთს შორის კარგი ურთიერთობების აწყობის რთული პროცესი მრავალი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორივე მხარემ სიმამაცე გამოავლინა… კატასტროფის გამო შეიქმნა სოლიდარობის ატმოსფერო, თანაგრძნობის ტალღას მოჰყვა იმედები, რომ ასეთი საშინელი ტრაგედიაც კი შეიძლება პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძვლად იქცეს“ – განაცხადა ტუსკიმ ხუთშაბათს პრეს-კონფერენციაზე გამოსვლის დროს. „ჩვენ გვჭირდება ობიექტური ისტორია იმ მოვლენების, რასაც ტრაგედია მოჰყვა… გარემოებებს შორის და შესაძლოა მიზეზებს შორისაც კი, მაგრამ მთავარია რომ კატასტროფის გარემოებებს შორის იყო ასევე [ცუდი მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებოდა] რუსეთის აეროპორტი, დისპეჩერების საგუშაგო და დისპეჩერების ქცევა“ – დასძინა მან.
იანვარში მზად იქნება პოლონური მხარის ანგარიში, მომზადებული რუსული მხარის მიერ მოგროვებულ მონაცემებზე. ტუსკი და მისი პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ ოქტომბერში მონაწილეობას მიიღებენ საყოველთაო არჩევნებში და სმოლენსკის კატასტროფასთან დაკავშირებულ სიტუაციაში ის ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე დადის.
ერთის მხრივ ის რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ რეპუტაციას, როდესაც გათვლა რუსეთთან დაახლოვებაზე გააკეთა, თანაც არამხოლოდ თავად პოლონეთში, არამედ ევროკავშირშიც რომლის დასანახადაც პოლონეთი ცდილობს გათავისუფლდეს რუსოფობი ქვეყნის იმიჯისგან და შეუერთდეს საფრანგეთს და გერმანიას, რათა განამტკიცოს თავდაცვითი ინტეგრაცია ევროკავშირში თავმჯდომარეობის დროს, რაც მას 2011 წლის მეორე ნახევარში უწევს.
მეორეს მხრივ ტუსკი რუსეთთან შეთამაშების გამო იაროსლავ კაჩინსკის და მისი ოპოზიცური პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ თავდახმების ობიექტია და ეს განწყობა ძალიან კარგად ეხმიანება პოლონური საზოგადოების შინაგან არსს.
ხუთშაბათს ერთ-ერთი პოლონური სააგენტო იუწყებოდა, რომ კაჩინსკიმ ყურადღება გაამახვილა გენერალ ბლასიკის სავარაუდო სიმთვრალეზე. მან აღნიშნა რომ რეალური ტესტი სიმთვრალეზე ვერ ჩატარდებოდა, რადგან მისი ცხედარი კატასტროფიდან მხოლოდ მეთერთმეტე დღეს იპოვეს.
„მოკლედ არ არსებობს იმის არანაირი მტკიცებულება, რაც ჩვენ მსგავსი დასკვნების სამართლიანობაში დაგვარწმუნებს“ – განაცხადა მან – „ჩვენ ვიცნობთ რუსებს, მაგრამ ეს სხვა სახელმწიფოც რომ ყოფილიყო, როდესაც რაღაცას ამბობენ მაგრამ დოკუმენტებს არ წარმოადგენენ, ეს ნიშნავს იმას რომ ტყუიან“.
გენერლის ქვრივმა ევა ბლასიკმა რუსები იმაში დაადანაშაულა, რომ მათ ეს მომენტი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენეს. „პოლონეთის სახელმწიფომ უნდა დაიცვას პოლონელი ოფიცრების ღირსება და ჩემი მეუღლის ღირსება. მან ის განსაკუთრებულად ძლიერად უნდა დაიცვას ისინი ასეთ სიტუაციაში, როდესაც თავად მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ“ – სთქვა მან.
1008
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85