დიტო გელოვანი: რა პონტია, ვარდენ?

დიტო გელოვანი: რა პონტია, ვარდენ?

იწვა ასე, სულგანაბული. „ნამდვილი ქალი - ფიქრობდა გასუსული ბენ იჯნპალი, - აი, ერთადერთი, რაც კი ცხოვრებაში არის“. მისი შეძლების კაცს წესითა და რიგით უამრავი ცოლი უნდა ჰყოლოდა, მაგრამ სორეია ხანუმი მკაცრად აფრთხილებდა: „მოიყვან და... ცოცხალს ვეღარც მნახავ“. „არა, არა - ამშვიდებდა ბენ იჯნპალი - შენს მეტი არავინ მინდა“. სორეია მკლავებს წინ გაიშვერდა, ბენ იჯნპალიც საჩქაროდ გაშლიდა მოკლე ხელებს და მაშინვე ერთმანეთს ჩაეხუტებოდნენ. მშვენიერი, კარგი წუთები იყო – ძვირფას ხალიჩაზე იდგნენ, ერთმანეთს ჩახუტებულნი. “ულამაზესი ქალის თავდავიწყებული სიყვარული ვაჟკაცისადმი - ფიქრობდა გატრუნული ბენ იჯნპალი, - აი ერთადერთი, რაც...“ სორეია ხანუმი კი მდიდრულად მორთულ დარბაზებს გასცქეროდა და გულში იქადნიდა: „როგორ, ამ სასახლეში სხვა ქალმაც იპარპაშოს? როგორ არა, დია-ახ!“ მაგრამ სიდ ბენ იჯნპალი ყოველთვის როდი იყო ასეთი მორჩილი ნაზი.

(გურამ დოჩანაშვილი, „მხიარული ბორცვი“)

არც ვახტანგ რჩეულიშვილი იყო ყოველთვის ასეთი მორჩილი, ნაზი და დემეტრე თავდადებული. სიმართლესთან უფრო ახლოს იქნება, თუ ვიტყვით, რომ არც არასდროს ყოფილა ასეთი ოლეგ კოშევოი და ზოია კოსმოდემიანსკაია, უმალ - პირიქით. იყო ბრწყინვალე და თავხედი, ბედის რჩეული და ნებიერა, კაპიტალისტი - ცხოვრების წესით და სოციალისტი - პარტიული კუთვნილებით, ქალაქელი - დაბადებით, მაგრამ გოიმი - ქცევით. თან, თავისი ჭკუით, აქეთ რომ გვაგოიმებდა - სსრკ „აპლოტ მირა ვა ვსიომ მირე“-ო...

ერთი, რაც ტკბილად მახსოვს (და, ვაღიარებ, რომ ლამის ყველაფერს გადაიწონის) არის, ის, თუ როგორ ლამაზად ჩაუტყლაპუნა თავში ნოდარ გრიგალაშვილს ამ ათიოდე წლის წინ. ახლაც თვალწინ მიდგას ტუის ჯორდანისებური ნახტომი და სლემ-დანქი - ტყლაპ!

მაგრამ, გასულ კვირაში ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ მაია და რუსუდან არ დაიჭიროთ და... მე შევსანსლე ფულებიო, ქუჩაში უსახლკაროდ დაყრილი ადამიანების ცოდვა მე მაწევს კისერზეო... მეზარბაზნეების ამბავიც მე შევატყობინე დამპყრობლებს და, თუ სიმართლე გინდათ, „ნად ტბილისი რეეტ კრასნაია ზნამია“ - ეს დეპეშაც მე გავუგზავნე ლენინსო. დაიწყო და აღარ გაჩერდა. მეთქი, ფეხმოტეხილი ბურიაკი რომ წაიყვანა და ჯანმრთელი ყიფიანი რომ დატოვა, ეგეც ვახო იქნებოდა, ნამდვილად-მეთქი. რავი... ყველაფერი თავის თავზე აიღო და მეგონა, ბესკოვ-ლობანოვსკის ცოდვებსაც აიღებდა. არ დასცალდა. მაიცა და, კენედი ვინ მოკლა, ჰა?

რატომ არის, რომ მთელ მსოფლიოში (მაგრამ მსოფლიო მკიდია) და ჩვენთანაც, ყველაზე დახვეწილი არისტოკრატები ბოლოს ყველაზე მწარე (ჯაგა) გოიმები რომ აღმოჩნდებიან-ხოლმე? კუტურიე-ჭუჭურიეები და რამე, როგორც ჩემი ძმაკაც-ბიძაშვილი, ბ-ნი თემური იტყვის ხოლმე - ნაღები საზოგადოება კი არა, ნარწყევი საზოგადოება.

აი, კარგად მომისმინეთ და შეფასება თქვენთვის მომინდია: შარშანწინ თუ იმის წინ რომელიღაც არხზე, ქალთათვის განკუთვნილ რომელიღაც გადაცემაში მაია რჩეულიშვილს კითხეს: „როგორ ახერხებთ, რომ იყოთ მუდამ ასეთი ლამაზი და მომხიბვლელი? გაგვიზიარეთ თქვენი სილამაზის საიდუმლო“. პასუხი იყო ისეთი, როგორიც ტუის ცოლს (და არა რჩეულიშვილების რძალს) შეშვენის: „იცით... ყველაფერი ძალიან მარტივია - გულთან არაფერი მიმაქვს, ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ“.

ათიათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვო და მუდამ კარგ ხასიათზე იყო - ეს კერვალიშვილ-რჩეულიშვილებისთვის არის იოლი და მარტივი, თორემ აბა ჩვენ გვკითხე, რა ხასიათზე ვართ ხოლმე, როცა ვალერას დუქანში (რესპუბლიკურის წინ რომ იაფი ზავეძენიაა) წინა დღეს ვალად დადებული ორი-სამი თუმანი გვახსენდება. ამ დროს მართლა ცუდად გამოვიყურები, სარკეში ჩახედვა მეზარება და წვერს არ ვიპარსავ. ერთხელ უნდა ვცადო - გადავაგდებ ვალერას და იქნებ მართლა გავსიმპათიურდე.

ეჰ, ერთი კვირის წინ, ამ დროს, „მაგთიმ“ იზრუნა და, გერგეთის სამებიდან სტეფანწმინდას გადმოვყურებდი. ცენტრ-პოინტთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ მაგარი პონტი იყო და, აი, ტუიმ რომ თქვა „გიგი უგულავამ, ქალაქის მერმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქადაგიძემ გვამცნეს გადაწყვეტილება, რომელიც შეთანხმებული იყო ადეიშვილთან, წადით სახლში და თქვენს მაგივრად „დექსუსი“ იმუშავებსო. რუსუდანი, როდესაც შევიდა პარლამენტში, ისინი ელოდნენ ფულად დახმარებას და რომ დაინახეს არ მოყვა პარტიის დაფინანსება, შემდეგ დაინტერესდნენ და გახდა მიმზიდველი მათთვის კომპანია. ისეთი ლუკმა დაინახეს, რომ მისი ხელიდან გაშვება აღარ მოინდომეს და ჩამოგვაცილეს“-ო, გამიჩნდა ლეგიტიმურ-რელევანტური კითხვა - “რა პონტია, ვარდენ?“

მოკლედ, მაგას რომ კითხო, ნაცებს არ აფინანსებდნენ. სასოწარკვეთილმა ნაცებმა რუსუდანი გაადეპუტატეს, მაგრამ ვერ მოდრიკეს. შემდეგ, ვიცე-სპიკერად დანიშნეს, მაგრამ არც ამან გაჭრა, არ გავთათრდებიო - უთქვამს კერვალიშვილის ქალს და მთელი ხუთი წელი უძლებდა ადეიშვილ-მერაბიშვილისა და ქარდავა-ახალაიების წნეხს. ბოლოს ნაცები ხავსს ჩაებღაუჭნენ (აი, თქვენ კი ჩაებღაუჭეთ არმაგედონის ზანგს, თქვე მართლა გნაცებო!) და რუსუდანი თბილისის მერიის ტრანსპორტის კომპანიის გენდერულ საკითხთა უმაღლეს კომისრად დანიშნეს, მაგრამ კოვზი აქაც ნაცარში ჩაუვარდათ.

ნაციონალური მოძრაობისთვის ასეთი ლახვარი ჯერ არავის ჩაუცია და... ცენტრ-პოინტით დაზარალებულებს მივმართავ - გვერდით გადადეთ ვიწროოჯახური ინტერესები (რა პონტია, ვარდენ?) და მადლობა უთხარით კერვალიშვილ-რჩეულიშვილებს, ეროვნული იდეისთვის თქვენი ქონება რომ არ დაიშურეს.

ბოლოს ისე მოხდა, რომ ვახო, რომელიც პალასატის ჩაცმაზეც თანახმა იყო, გირაოთი უკმაყოფილო დარჩა - სად გვაქვს ამდენი ფულიო, მეუღლემ - ცოდო ვარ, ხალხო-ო... მამენტ, მართლა ცოდოები არიან, მაგრამ მე მაინც ის პროცედურა მახსენდება, ავადმყოფს ლოგინში რომ უტარებენ. არის ასეთი დაავადება - „სინდისთან მწყრალად ყოფნა და ზღვარსგადასული თავხედობა“, რომელიც არ იკურნება და რომლითაც დაავადებულებს ყურში მუდამ ჩაესმით კახური წარმოშობის დაზარალებულთა სურვილები და საქმიანი წინადადებები.

16 დეპუტატი დაუდგა თავდებში აღმაშენებელთა ოჯახს. თავიდან, თქვსმეტივეს ვაგინე, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ამ თავდებობამ ცოტათი, სულ ცოტათი, მაგრამ მაინც, მოაახლოვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. არც მე და არც თქვენ, ნაგავზე არ გვიოცნებია. ეს პარლამენტი იმ ნაგვის ბუნკერს გავს, რომელშიც 60 პროცენტი (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) საყოფაცხოვრებო ნარჩენებია, დანარჩენი 40 პროცენტი კი - ნახმარი პრეზერვატივები და გამოყენებული „პამპერსები“.

მთელ ჩემ დარჩენილ სტრიქონებს და სიცოცხლეს ცენტრ-ტუფტა-პოინტზე წერას ხომ არ მივუძღვნი?! თემის ამოწურვას ვაპირებდი, მაგრამ თვალში ერთი საინტერესო ნიუსი მომხვდა - „რუსუდან კერვალიშვილი გაკვირვებულია, რომ მისთვის ბრალის წარდგენა წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა“. გაიგეთ, რა ხდება? თემის პოლიტიზებას ცდილობს. მე თუ დამიჭერთ, ნატოში და ევროკავშირში არ მიგვიღებენო, ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღვადგენთო და, რაც მთავარია, გენდერული საკითხი გადაუწყვეტელი დარჩებაო. ნატოზე და ევროკავშირზე ვერაფერს მოგახსენებთ, რაც შეეხება გენდერული ბალანსისა და ქალთა უფლებების საკითხებს, საქმე რუსუდან კერვალიშვილის გარეშეც წინ მიიწევს. ამის დასტურია ეს:

„გორის მუნიციპალიტეტში, ხვალ, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციიდან აცნობეს, შეხვედრა შიდა ქართლში ადმინისტრაციულ სასაზღვრე ზოლთან მდებარე სოფლებში ქალთა საჭიროებებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას მიეძღვნება“.

მე ნარმანია მეცოდება, თორემ არ გავარტყი ქალთა ორგანიზაციასა (UN Women) და ყველა ეგეთ უსაქმურსა და მუქთამჭამელს?! გავარტყი, ოღონდ - საზოგადოებრივი ადგილებიდან მოშორებით, რადგან შსს-ს ინიციატივით, საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება, ამავე ადგილას ადამიანის ღირსების და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა 300 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი - 500 ლარით დასჯადი ქმედება ხდება.

სად მაქვს მე უბედურს 300 ლარი? აუ... შემიგროვეთ 300 ლარი, ბარემ 500 ლარიც მოაყოლეთ და მერე მე ვიცი და არასამთავრობო სექტორმა. მე მაგათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვაჩვენებ, სად იზამთრებენ კიბორჩხალები.

როგორც შემდეგ გაირკვა, კოცნა არ არის აკრძალული, ასე რომ - ორად გავიყოთ და ვიზასაოთ. სანამ ეს გაირკვეოდა, შეყვარებულებისთვის კარგი რაღაც მოვიფიქრე. წარმოიდგინეთ, პარკში გოგო და ბიჭი ერთმანეთს კოცნიან. დაადგათ პატრული და დაუპირა დაჯარიმება. ბიჭი: „მე გეი ვარ“. გოგო: „მე ლესბოსელი ვარ“. პატრული ბოდიშს უხდის, წარმატებებს უსურვებს და თავისი გზით მიდის. მეტი რა გზა აქვს - თუ დააჯარიმებს, მშვიდობით, ევროპავ!

ერთი ნიუსი პარლამენტარებზე და პედერასტებზე: „პარლამენტში 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნის პროექტზე მსჯელობენ. პროექტის დეტალებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. სხდომას ესწრებიან როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სასულიერო პირი და საპატრიარქოს წარმომადგენელი ლაშა ჟვანია. როგორც სხდომაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ 17 მაისს გამოვლენილი იყო ძალადობა, რომელიც დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა სექსუალური უმცირესობების მიმართ“.

მეორე ნიუსი, ოღონდ პარლამენტარების გარეშე: საზოგადოებრივი მონიტორინგის გაძლიერების მიზნით, პრევენციის ეროვნულ მექანიზმში მონაწილე ექსპერტთა სია გაფართოვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ექსპერტების შესარჩევმა სპეციალურმა კომისიამ, 206 კანდიდატიდან შეარჩია 40 ექსპერტი, რომლებიც წარმოადგენენ 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას და მედია საშუალებებს, ასევე, არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, ხოლო 27 ექსპერტი აყვანილ იქნა რეზერვში. შერჩეულმა კანდიდატებმა ტრენინგი გაიარეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა წამებასთან ბრძოლის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები; საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მოწყობა და მანდატი; სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის მეთოდოლოგია; პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტების უფლება-მოვალეობები, ასევე ქცევის წესები და პასუხისმგებლობა“.

ორმოციც გადაგვიხდია! თეა თუთბერიძე, ვახუშტი მენაბდე, ნანა ქორიძე, ნაზი ჯანეზაშვილი, არნოლდ სტეპანიანი, გიორგი მშვენიერაძე, გელა მთივლიშვილი... - ესენი უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი მონიტორინგის გაძლიერებას.

მერე, დრო რომ გექნებათ, დაიდეთ სურათები და თქვით, გიორგი მშვენიერაძე უფრო მშვენიერაძეა, თუ დავით საყვარელიძე - საყვარელიძე.

რადგან თემას შევეხეთ, ბარემ ერთი გამოკითხვა და მცირეოდენი სტატისტიკაც მოვიშველიოთ: საქართველოს მოქალაქეები სასამართლოს, მედიას და პარლამენტს ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტებად მიიჩნევენ , - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" გლობალური კორუფციის ბარომეტრის კვლევაშია ნათქვამი. ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოკითხვა 2012 წლის სექტემბერში ჩატარდა და კითხვაზე, რომელ ინსტიტუტს მიიჩნევთ ყველაზე კორუმპირებულად? რესპონდენტების 51%-მა სასამართლო დაასახელა. 42%-ით შემდეგ ადგილზეა მედია, ხოლო პარლამენტს კორუმპირებულ ინსტიტუტად გამოკითხულთა 34% მიიჩნევს“.

დალოცვილებო, გამოკითხვა სექტემბერში ჩატარდა, შედეგებს კი ერთი წლის მერე მაცნობ? სორე სკან იდეურ-პოლიტიკური დონე?! ამას მიმალავდით?! და, ამას რატომ მიმალავდით - ნაკლებად კორუმპირებულ ინსტიტუტებად დასახელდა რელიგიური ორგანიზაციები (გამოკითხულთა 81% ამბობს, რომ ეკლესია არ არის ან ნაკლებად კორუმპირებულია), ჯარი (73%) და არასამთავრობო ორგანიზაციები (71%).

ჰოოო... გამოკითხულთა 71 პროცენტის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციებს კორუფციასთან კავშირი არ ქონიათ, რაც მაფიქრებინებს, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 29 პროცენტი იყო არაენჯეოშნიკი, დანარჩენები კი რომელიმე ბედკრული არასამთავრობოს წევრები იყვნენ.

გასულ კვირაში მნიშვნელოვანი იყო ბედუკაძის საქმეც - კბილაშვილმა თავისუფლება რომ მიანიჭა. ნაციონალები გამწარებულები არიან - ბედუკაძის წყალობით, ქართველმა ხალხმა მათ ადგილი მიუჩინა პარაშასთან. მათ მხარს უჭერენ მეოცნებე პარლამენტარები - მართალია ქართველმა ხალხმა მათ პარლამენტარობა მიანიჭა, მაგრამ ქართველების შუბაც დავხიე - მთავარია კოაბიტაცია! გამწარებულები არიან ენჯეოშნიკები - შარშან ამ დროს ტკბილ ლუკმას ჩუმად შოულობდნენ. მოკლედ, ბევრია გამწარებული. ბედუკაძე გმირი არ არის, მაგრამ რომელია გმირი - ნანა ყეენიშვილი, გოგი ქავთარაძე, სოსო ჯაჭვლიანი, მწვანე გაჩეჩილაძე, ვარდისფერი ჟორჟოლიანი თუ ძილისგუდა სანიკიძე?

ნახეთ: „ეროვნული ფორუმი“ არის ქართული ინტერესების სადარაჯოზე, ფხიზლად, არასდროს ჩამოგვეძინება, განსხვავებით იმისგან, რომ შეიძლება პარლამენტშიც ჩამოგვეძინოს, თუმცა სააკაშვილს ვურჩევ, ჯობია გუბაზ სანიკიძეს ეძინოს, ვიდრე იფხიზლოს. ისე ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჯიბით დააქვს ჩემი სურათი, როგორც ჩანს რაღაც გრძნობები გაუჩნდა ჩემს მიმართ, მაგრამ ასეთივე გრძნობებს ნუ ელის ჩემგან. სასიამოვნოა ჩემთვის, რომ ჩემი სურათით დადის სააკაშვილი, შემიძლია სხვა სურათებიც მივაწოდო მას, სადაც უფრო სხვა მდგომარეობაში ვარ“.

ეს გუბაზ სანიკიძის სიტყვებია, საიდანაც ირკვევა, რომ სააკაშვილისთვის დაძინებული გუბაზი ჯობს გაღვიძებულ გუბაზს. თუ ეგრეა და, მაგის ადგილას საერთოდ არ დავიძინებდი (მაგარ ყავას მივეძალებოდი, ჩეფირზე დავჯდებოდი) და მაგას რატომ ძინავს? ალბათ იმიტომ, რომ პარლამენტში ჯდომა არ ნიშნავს ქართული ინტერესების სადარაჯოზე დგომას, რაშიც სავსებით ვეთანხმები. აიიი... რაც შეეხება... როგორ ვთქვა... მოკლედ, „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჯიბით დააქვს ჩემი სურათი, როგორც ჩანს რაღაც გრძნობები გაუჩნდა ჩემს მიმართ“-ო - გუბაზი რომ ამბობს... ვაჰ... მოკლედ, კომენტარის გაკეთება „იდენტობისთვის“ მიმინდია.

საერთოდ კი, როცა მიშა და ნაცები ოცნების საპარლამენტო დეპუტაციას ძალიან გააბრაზებენ, უსუფაშვილი უნდა წამოდგეს და ნაცებს მიმართოს: „ჩვენში გუბაზს ნუ გააღვიძებთ“.

„პარლამენტმა შეიძლება იმუშაოს თბილისში, ქუთაისშიც და სხვაგანაც, თუ ამას გადაწყვეტს. პარლამენტის მუშაობაში ჩვენ არ უნდა დავინახოთ მხოლოდ პლენარული სხდომები, არის საკომიტეტო მუშაობა, არის კომიტეტების გასვლითი სხდომები. ეს შენობა დარჩება პარლამენტის გამგებლობაში და ჩვენ, შესაძლოა, აქაც ვიმუშაოთ. ასე, რომ პარლამენტი წლის ბოლოდან თბილისშიც იმუშავებს“, - განაცხადა გასულ კვირაში უსუფაშვილმა.

ოღონდ თქვენ იმუშავეთ და რამე გააკეთეთ... ისე ვთქვი, წავიოცნებე... ისეთ ცხოვრებას რა ვუთხარი, საკუთარი ოცნების რომ შეგეშინდება!.. მაგრამ ეგეთი ქვეყანაა - უნივერსიტეტის რექტორობაზე 19 კაცი აცხადებს პრეტენზიას, გიორგი თარგამაძეს კი იმედი აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში 19 ამომრჩეველი მაინც დაუჭერს მხარს.

ვოცნებობ ისეთ საქართველოზე, სადაც 19 ადამიანი იქნება უნივერსიტეტის რექტორობის ღირსი და ისეთ საქართველოს რა ვუთხარი, გიორგი თარგამაძეს 18 ამომრჩეველზე მეტი რომ მიცემს ხმას!!!

ქვეყანა აირია, აირია, აი...

„თუ ლაშა ამირეჯიბის მიერ ჩემს მიმართ გამოთქმული ბრალდებების ერთი მომენტი მაინც დადასტურდება, მზად ვარ ჩემზე ავიღო პასუხისმგებლობა. უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ბინძური და ცრუ ბრალდებების გავრცელებისთვის დაისაჯონ. მისი განცხადებები ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, იგი ლაშა ამირეჯიბისგან გარკვეულ თანხას მოითხოვს და ეს თანხა ადეკვატური იქნება. „თანხას ჩავრიცხავ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ანგარიშზე, ამ დანაშაულის თანამონაწილე გახდა ზოგიერთი მედიასაშუალება, ამიტომ საჭიროა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ნორმები იქნეს დაცული და ჟურნალისტურმა სტანდარტმა აიწიოს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა გასულ კვირაში.

აგერ უკვე 14 წლია გია ხუხაშვილს ვიცნობ. ვიცნობ ჭკვიან კაცად. შეცდომა და იაღლიში ვის არ მოსვლია, მაგრამ ასეთი - „თანხას ჩავრიცხავ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ანგარიშზე, ამ დანაშაულის თანამონაწილე გახდა ზოგიერთი მედიასაშუალება, ამიტომ საჭიროა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ნორმები იქნეს დაცული და ჟურნალისტურმა სტანდარტმა აიწიოს“ - მგონი არსად, არავის და არასოდეს.

მიდი, გიუშ, ორი კაპიკი რომ გაგიჩნდება, დომენტი სიჭინავას გადაურიცხე, იქნებ ქართული ფეხბურთის დონემაც აიწიოს.

ვამბობთ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ და ვგულისხმობთ სიმართლეს, უანგარობას და მიუკერძოებლობას; ვამბობთ „დომენტი სიჭინავას“ და ვგულისხმობთ სიმართლეს, უანგარობას ჩემპიონთა ლიგის მოგებას; მიშა ამბობს „თენგიზ გუნავას“ და გულისხმობს 200 დიდგორელს, 9 ძმას და 300 არაგველს, ოღონდ - ერთად.

ბაბოიტარემ, გიული ბიჭო!!!

გუნავას დაკავება ერთდროულად გააპროტესტეს თბილისში, ზუგდიდში და ქუთაისში. როგორც მოგახსენეთ, თენგიზ გუნავა ერთად უდრის 509 გმირს, თუმცა მის მხარდასაჭერად სამივე ქალაქში 509 კაციც არ შეიკრიბა. თუმცა, ეს რა ვთქვი?! იქ იყო 508 კვერცხი და მხოლოდ ერთი წესიერი კაცი - ამირან ძოწენიძე. ამო ძმაა, უძღები ძმა.

კვერცხები-მეთქი და, უარესებიც ვთქვი, ძაან უარესები, უცებ მიხო გავხდი, ტვ-ში ვუცქერდი და ვამკობდი. ისე, ბიძინამ თქვა, უმრავლესობას ვთხოვე, ოპოზიციასთან დაკავშირებით უხეში გამონათქვამებისგან მაქსიმალურად შეიკავოს თავიო, მაგრამ მე ხომ უმრავლესობა არ ვარ? მე ვარ ერთადერთობა, ჩვენ ყველანი ერთადერთობები ვართ და ცალ-ცალკე ჩვენი გადასაწყვეტია, ვის დედას როგორ შევამკობთ და ვის დედას როგორ მოვეფერებით.

„ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ უცხოეთში მყოფი ქართველების უმრავლესობა მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს“ - თქვა სააკაშვილმა და ბევრ ერთადერთს ერთი და იგივე აზრი მოუვიდა თავში. ნეტავ თუ იგრძნო ეს სააკაშვილმა? დედას თუ კითხა, რა იგრძენიო?

ჰო, მინდა გითხრათ, რომ აზრი, რომელიც მაშინ მომივიდა, არ გავიდა - დაკავება იყო. ტუ, ტუ, ტუ - ასეთი ხმები ისმოდა. „ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში - თქვა ნოშრევან კუჭუხიძემ და მცირეოდენი ფიქრის შემდეგ თავი დაიმშვიდა - დედა თუ არა, შვილი ხომ მაინც მოხვდება ჩემთან“.

ტ.ტ.ტ. (ტუ, ტუ, ტუ) დილაადრიან თავის სასახლეში გავლა-გამოვლა უყვარდა ბენ იჯნპალს – მოკლე ნაბიჯით დაიარებოდა კრიალა დარბაზებში და აუარება ავლადიდებას ათვალიერებდა. ყურადღებით შესცქეროდა ოქროულს, ძვირფას თვლებს, უცხოურ ბროლსა და ფუმფულა ბეწვეულს, „ქონება - ფიქრობდა მაშინ ბენ იჯნპალი - აი, ერთადერთი, რაც კი ცხოვრებაში არის“.

(გურამ დოჩანაშვილი, „მხიარული ბორცვი“)