12 ივლისს, დილით, სააგენტო „პირWელმა“ საქართველოში ჩატარებული კიდევ ერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგები გაავრცელა. პოლიტიკური რეიტინგების კვლევა NDI – იმ ჩაატარა, რომელმაც კვლევა კვლავაც თავის ძველ და ერთადერთ ქართველ პარტნიორს – კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს (CRRC) დაუკვეთა.
კვლევის მთავარ შეკითხვაზე – ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს, ვის დაუჭერდით მხარს, პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა - გიორგი მარგველაშვილი - 35.4%, ნინო ბურჯანაძე – 14.9%, დავით ბაქრაძე – 5.9%, შალვა ნათელაშვილი – 4.5%, სალომე ზურაბიშვილი – 2.5%, პაატა ბურჭულაძე – 1.6%, გიორგი თარგამაძე – 0.8%, ნესტან კირთაძე – 0.2%, არცერთს – 10.5%, უარი პასუხზე – 9.9%, მიჭირს პასუხის გაცემა – 9.6%.
კვლევის პირველი ნაწილის, კერძოდ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ – ეკონომიკური პროცესების მიმართ საქართველოს მოსახლეობის განწყობების კვლევის პრეზენტაცია NDI – იმ უკვე გამართა, ხოლო მეორე, პოლიტიკური რეიტინგების ნაწილის პრეზენტაციას 15 ივლისს გეგმავს. მასმედიაში პოლიტიკური რეიტინგების წინასწარი მოხვედრა ქართული სინამდვილისათვის ახალი არაა, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის მოვლენები, რომლებიც ამ შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, კვლევის შედეგები გახდა მთავარი ნიუსი თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტოსა თუ სატელევიზიო თოქ–შოუსათვის. ექსპერტები და პოლიტიკოსები მსჯელობდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა შანსებზე. მათი დიდი უმრავლესობის პროგნოზით, ძირითადი დაპირისპირება ბ–ნ გიორგი მარგველაშვილსა და ქ–ნ ნინო ბურჯანაძეს შორის გაიმართება და არც მეორე ტურია გამორიცხული.
12 ივლისის საღამოს კი საინფორმაციო სააგენტო „Newposts“ - მა, რომელსაც არასოდეს დაუმალავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სიახლოვე, გაავრცელა NDI –ს განცხადება, რომელშიც ნათქვამია – „გვსურს აღვნიშნოთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „პირWელი“-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია პოლიტიკური რეიტინგების შესახებ მცდარია და აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ მონაცემებს, რისი პრეზენტაციაც მოხდება 15 ივლისს“.
ამ განცხადებაში ე.წ. საკვანძო ფრაზას სწორედ „აბსოლუტურად არ შეესაბამება“ წარმოადგენს. მსგავსი განცხადება NDI – ს არასდროს გაუვრცელებია. ის, როგორც ყოველთვის, არც უარყოფდა და არც ადასტურებდა ხოლმე პრესაში „გაჟონილ“ მონაცემებს.
ყველაფერი თავის ადგილზე დგება, როცა ზემოთ მოყვანილ ინფორმაციას ერთ მნიშვნელოვან დეტალს დავუმატებთ. სააგენტო „პირWელის“ მიერ გავრცელებულმა რეიტინგებმა არა NDI–ის, არამედ მისი ქართველი პარტნიორის, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრიდან“ გაჟონა.
ამ ცენტრის რეპუტაცია კარგადაა ცნობილი ქართული საზოგადოებისათვის. მას წლების განმავლობაში ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან თარხნიშვილი ედგა სათავეში, ახლა კი მისი მეგობარი, კობა თურმანიძე ხელმძღვანელობს. თარხნიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სიახლოვე ყველასთვის ცნობილია. ის ნაციონალების საპარლამენტო სიაშიც კი შეიყვანეს, მაგრამ პარლამენტში მოხვედრის ოცნება ვერ აისრულა და ექსპერტის როლს დასჯერდა, რომელიც გაყალბებული არჩევნების „გაპრავების“ ნაცვლად, უკვე სატელევიზიო ეთერიდან „აპრავებს“ ნაციონალებისათვის მომგებიან ინფორმაციას.
NDI–ისგან შორს არც IRI წასულა, რომელიც მუდმივად ასევე ნაციონალებთან სიახლოვეში შემჩნეულ გოჩა ცქიტიშვილის IPN–ს უკვეთავს სოციოლოგიურ გამოკითხვებს.
თუმცა, დავუბრუნდეთ პოლიტიკური რეიტინგების თემას. როგორც უკვე ვთქვით, მასმედიაში ეს რეიტინგები „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრიდან“ გაჟონვის შედეგად მოხვდა. როგორც ამბობენ, ცენრტის ერთ–ერთმა თანამშრომელმა სააგენტო „პირWელს“ გადასცა სოციოლოგიური კვლევის ე.წ. პირველადი (რეალური) შედეგები, რომელიც განკუთვნილი იყო შემდგომი დამუშავებისა და შემდეგ NDI - სათვის გადასაცემად. თუ რა იგულისხმება „შემდგომ დამუშავებაში“ ქართველი ამომრჩევლისთვის კარგადაა ცნობილი. სწორედ ასე „ამუშავებდა“ არჩევნების შედეგებს ცესკოს მაშინდელი ხელმძღვანელი ლევან თარხნიშვილი.
მონაცემების გამოქვეყნებას დიდი აურზაური მოჰყვა როგორც „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში“, ასევე NDI-ის თბილისის ოფისში. CRRC – ის ხელმძღვანელობა ძალისხმევას არ იშურებს მასალების გაჟონვის წყაროს დასადგენად. მათივე ინიციატივით გაკეთდა NDI-ის განცხადება გავრცელებული რეიტინგების არარეალურობის შესახებ.
15 ივლისს NDI გეგმავს პოლიტიკური რეიტინგების ოფიცალურ პრეზენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მკვეთრად იქნება განსხვავებული უკვე გავრცელებული რეიტინგებისგან, NDI-ის მოუწევს სერიოზული ნაბიჯების გადადგმა შედეგების სანდოობის დასამტკიცებლად. ერთ–ერთი ასეთი ნაბიჯი უნდა გახდეს „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის სრული მონაცემების, მათ შორის, საველე სამუშაოების შედეგად მიღებული ანკეტებისა და გამოკითხვის მეთოდოლოგიის განსაჯაროება, თუმცა, უშველის თუ არა ეს NDI - ის ისედაც შერყეული რეპუტაციას, კიდევ საკითხავია...