„გიორგი მარგველაშვილი, არის უალტერნატივო“

„გიორგი მარგველაშვილი, არის უალტერნატივო“

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, იუსტიციის მინისტრის წარდგინების შემთხვევაში, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩილ კბილაშვილის გადაყენებისა და მისი შემცვლელის დანიშვნის საკითხი დააკმაყოფილოს. პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის გადაყენების საკითხი არც მისი და არც პრეზიდენტის პრეროგატივაა. პრემიერი ამბობს, რომ ეს იუსტიციის მინისტრის პრეროგატივაა და აქვე აცხადებს, რომ მთავარ პროკურორს კანონი არ დაურღვევია. პრემიერმა სამწუხარო უწოდა პრეზიდენტის განცხადებას და აღნიშნა, რომ მან ვერ გაიგო, რომ არ იმართება და არ უნდა მოიმართოს ქვეყანა ისე, როგორც ის მართავდა.

კოალიცია „ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საფუძველი იმისა, რომ გენერალური პროკური გადადგეს, არ არსებობს.

გადაწყვეტილება, რომელიც არჩილ კბილაშვილმა მიიღო შედიოდა მის უფლებამოსილებაში. თუმცა პრეზიდენტმა უკვე მოუწოდა მთავრობას, რომ წარუდგინონ გენერალური პროკურორის გადაყენების საკითხი ხელმოსაწერად.

დადგება თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო კბილაშვილის პასუხსიმგებლობის საკითხი?

- გეთანხმებით, რომ პროცედურულად ის გადაწყვეტილება, რომელიც არჩილ კბილაშვილმა მიიღო შედიოდა მის უფლებამოსილებაში. მეორე საკითხია ამის პოლიტიკური შეფასება და როგორ შეიძლება ეს იქნეს აღქმული. ადამიანებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, მათ შორის უმაღლესი ხელისუსფლების წარმომადგენლებმა, ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ ის არ იზიარებს იმ მიდგომას, რა მიდგომაც გააჩნდა გენერალურ პროკურორს. პოლიტიკური თვალსაზრისით შეფასებები გაკეთდა. სამართლებლივი თვალსაზრისით კბილაშვილმა საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენა. აქ არც კანონდარღვევასთან გვაქს საქმე და მითუმეტეს არც საბოტაჟთან.

პრეზიდენტის მოწოდება იმის თაობაზე, რომ პროკურორი უნდა გადადგეს, ამის საფუძველი არ არსებობს. ეს არის პრეზიდენტის მხრიდან მცდელობა იმისა, რომ კაპიტალიზაცია მოახდინოს იმ საკითხზე, რომელიც აქტუალური გახდა საზოგადოებაში. მას ძალიან ცოტა რამ დარჩა, რაზეც შეიძლება გამოთქვას საკუთარი აზრი. მისი მხრიდან არასერიოზულია ამაზე საუბარი, ვინაიდან მის პირობებში შეიქმნა ასეთი სისტემა. ეს ყველაფერი მარტო გისოსებს მიღმა არ ხდებოდა, არამედ ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი და ეს ხდებოდა გისოსებს გარეთაც. ასეთი ძალადობა მიმდინარეობდა თავისუფლებაში მყოფ ადამიანებზეც.

აქვე მინდა შეგახსენოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარშემო არსებული ვითარება. მამუკა ივანიაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ზეწოლა, იძულებითი წესით აღიარებითი ჩვენების მიცემა, დეპარტამენტის დირექტოტრის თუ მისი მოადგილის სტუმრობა პატიმართან და იძულება ჩვენების მიცემაზე, .. მაყურებელი, პროკურორის ვიზიტები ღამის სააათებში, ანუ ეს მახინჯი სტილი ქართულ ციხეში ისევ ძალაშია...

- ის ჩვენებები, რა ჩვენებებიც ცნობილი იქნა საზოგადოებისთვის, არის ამაზრზენი. მითუმეტეს, როცა ჩვენ საქმე გვაქვს ამდენად ანგაჟირებულ და ამდენად ხმაურიან საქმეზე. ამ ხელისუფლებისთვის ეს იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული დარტყმა, როდესაც ეს ფაქტი იქნა მხილებული და ადამიანები იქნენ დაკავებულები. ამ ფაქტმა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიიპყრო დიდი ყურადრება, ვინაიდან, ყველასათვის საინტერესოა დადგეს სწორი და რეალური შედეგი, მიუხედავად იმისა, რა იქნება ეს შედეგი. თუ ვინმე დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს, მაგრამ თუ ვინმე დამნაშავე არაა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს იმის თქმა, რომ ის დამნაშავე არაა.

ზოგადად სისიტემას რაც შეეხება, მე გონია, რომ არც თქვენ და არც მე არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს სისტემა რამდენიმე თვეში რადიკალურად და დიამეტრულად შეიცვლებოდა. უდიდესი სისტემური პრობლემის მემკვიდრეები გავხდით ჩვენ, მაგრამ დამეთანხმეთ, ის რეფორმები რომელიც გატარდა პენიტენციალურ სისტემაში, ის მოქმედებები, რომლითაც ახლა აპელირებს პროკურატურა აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან რაც იყო. ეს განგრძნობადი პროცესია, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ნორმალური ევროპული ტიპის პროკურატურა და სასაჯელაღსრულების სისტემა, რომელიც მიმართული იქნება არა ადამიანების სიცოცხლის დანგრევაზე, არამედ რეალურად მათ გამოსწორებაზე.

თენგიზ გუნავას დაკავებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასება უმცირესობის მხრიდან, ისინი თვლიან, რომ პრემიერის განცხადება, - საპრეზიდენტო არჩევნებამდე ყველა პოლიტიკური პირის მიმართ სამართლებლივი დევნა შეწყდებოდა, - საპირისპირო მოხდა. მათი შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პრემიერის სიტყვას ფასი არ აქვს და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დევნა საპრეზიდენტო არჩევნებამდეც გრძელდება...

- პრემიერმა თქვა, რომ როდესაც სამართალდამცავები დაიწყებენ კონკერტული საქმეების შესწავლას, მაქსიმალურად შეეცადნონ უფრო ლიბერალური მიდგომები გამოიყენონ. გუნავას საქმის განხილვა მიმდინარეობდა, სასამართლო განხილვა პრაქტიკულად დასრულებული იყო და საბოლოო სხდომაზე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. ამ ორი მაგალითის ერთმანეთთან შედარება შეუძლებელია.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, უკვე ცნობილია საპრეზიდენტო კანდიდატები, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ნინო ბურჯანაძე, ნესტან კირთაძე, გიორგი თარგამაძე, შალვა ნათელაშვილი. რამდენად კონკურეტუნარიანი იქნება ეს არჩევნები და ელოდებით თუ არა მეორე ტურს?

- არჩევნები რომელიც ოქტომბერში ჩატარდება ძალიან საინტერესო იქნება, ასეთი არჩევნები, ჯერჯერობით, არ ყოფილა. ეს ახალი ხელისუფლების პირველი არჩევნებია. ჩვენ ნათლად გვაქვს გაცხადებული, რომ ეს იქნება თავისუფალი არჩევნები, რომელიც საშუალებას მისცემს აბსოლუტურად ყველას, რომ გამოხატოს თავისი პოზიცია, ესაუბროს ამომრჩეველს და თავისუფალ გარემოში ჩაატაროს საარჩევნო კამპანია. გამოყენებული არ იქნება ადმინსტრაციული რესურსი და არ მოხდება პოლიციის ჩარევა. ეს ამ ხელისუფლებისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, ვინაიდან, ეს არის პირველი დიდი არჩევნები, რომელის ჩატარება ჩვენ გვიწევს.

თვითონ კონკურეტუნარიანობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მიკერძოებული ვიქნები ჩემს შეფასებაში, ვინაიდან მე წარმოვადგენ კონკრეტულ პოლიტიკურ კოალიციას, მაგრამ მაინც მგონია, ეჭვგარეშეა და კითხვებს არ იწვევს ის, რომ კანდიდატი რომელიც ჰყავს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ - გიორგი მარგველაშვილი, არის უალტერნატივო კანდიდატი. რაც შეეხება მეორე ტურს, დასახელებული კანდიდატებიდან არამგონია, რომ საერთო ჯამში, მათ შეძლონ 50%-ზე მეტის აღება.

ფაქტია, რომ ამომრჩეველთა სიები ძალიან გაბერილია. მეტიც საარჩევნო კოდექსი სრულყოფილებისგან შორსაა. მოქმედი საარჩევნო კოდექსის პირობებში სამაგალითო არჩევნების ჩატარებას შეძლებს კოალიცია?

- სიის გამოსწორებას რაც შეეხება, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი. რა თქმა უნდა, ეს არაა ის სიები, რომელიც შეიძლება ჩვენ გვქონოდა, ანუ საუბარი მაქვს ბიომეტრიულ სიებზე. ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის ეს ბიომეტრიული სიები რეალურად მოქმედებდეს. საპრეზიდენტო არჩევნებს რაც შეეხება, გეტყვით, რომ არის გაუმჯობესებები. ელემენტარულად თვალს თუ გადავავლებთ სატელევიზიო მაუწყებლებს, უკვე შევამჩნევთ, რომ განსხვავებული ვითარებაა. ყველა არხზე არის პოლიტიკური თოქ-შოუ, არის პოლიტიკური დებატები, გაცილებით თავისუფლად და ღიად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, როგორც წინა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, ასევე, რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების მიმართ.

როგორ ფიქრობთ, სიების უზუსტობის გამო საპრეზიდენტო არჩევნებს ჩრდილი ხომ არ მიადგება, თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან?

- რა თქმა უნდა, საარჩევნო სიები ყოველთვის იყო საქართველოს საარჩევნო პროცესის აქილევსის ქუსლი, მაგრამ, საერთო ჯამში, არჩევნები არაა მხოლოდ სიები, არჩევნები არაა მხოლოდ არჩევნების დღე, არჩევნები არაა მხოლოდ საარჩევნო კამპანია, არჩევნები არის ამ ყველაფრის ერთობლიობა. აქიდან გამომდინარე ამ ერთობლობაში მე რეალურად ვხედავ, რომ ჩვენ მივიღებთ გაცილებით უფრო სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს.