ბოლო დროს აქტუალური გახდა პრეზიდენტისთვის სახელმწიფო ქონების 1 ლარად გასხვისების უფლების ჩამორთმევა, რადგან სააკაშვილი ბოროტად იყენებს ამ პრივილეგიას. სულ ახლახანს ასეთი მოთხოვნა წამოაყენა „თავისუფალმა საქართველომ“, რომელიც საკანონმდებლო წინადადებით გამოვიდა, რომ სახელმწიფო ქონების გასხვისება მოხდეს მხოლოდ აუქციონისა და კონკურსის წესით, ხოლო პრეზიდენტს და პრემიერ - მინისტრს აეკრძალოთ პირდაპირი მიყიდვის წესით და 1 ლარად სახელმწიფო საკუთრების გასხვისება. ხოლო ყველა იმ პირს, რომელმაც პრეზიდენტისგან 1 ლარად მიიღო საჩუქარი, უნდა ჩამოერთვას ეს ქონება და სახელმწიფოს დაუბრუნდეს.
ერთ ლარად ქონების გასხვისების პრაქტიკა შევარდნაძის დროსაც მოქმედებდა. არც სააკაშვილს შეუცვლია ეს მანკიერი კანონი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ინფორმაციაში, პრეზიდენტის მიერ 2007-2012 წლებში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გასხვისებასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ ერთ ლარად გაცემული ათობით ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობის და დიდი ოდენობით მოძრავი ქონების მიმღებთა შორის არიან ცნობილი პიროვნებები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს ქონების 1 ლარად გასხვისების პრიორიტეტი. თუმცა ერთი კია, ხშირ შემთხვევაში, სააკაშვილი ბოროტად იყენებდა ამ უფლებას.
ეკა გიგაური იზიარებს მოსაზრებას, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ინვესტორთა მოზიდვა მნიშვნელოვანია და, რიგ შემთხვევაში, თუკი ინვესტორი ძალიან დიდ ინვესტიციას ჩადებს რომელიღაც საწარმოში, შეიძლება გამართლებულიც კი იყოს საწარმოს სიმბოლურ ფასად გადაცემა, მაგრამ მთავარია, შემდგომში ყურადღება მივაქციოთ, შეასრულებს თუ არა ინვესტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.
მაგალითად, წინასაარჩევნოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ბათუმთან მიმართებითაც იკვლევდა ქონების ერთ ლარად გადაცემის ფაქტებს. თუმცა გაირკვა, რომ საწარმოების 80%-ის შემთხვევაში, ინვესტორებს არ ჰქონდათ შესრულებული საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. ამიტომ ეჭვი დღესაც არსებობს, რომ არც სხვა შემთხვევები იქნება გამონაკლისი.
ჩვენ დავინტერესდით, სააკაშვილმა მხოლოდ 2007 წლიდან მოყოლებული ისარგებლა ამ უფლებით? რადგან აღნიშნულ კვლევაში მხოლოდ ამ პერიოდის მონაცემებია დაფიქსირებული. ამის შესახებ ეკა გიგაური აცხადებს, რომ, უბრალოდ, ეს არის ეკონომიკის სამინისტროსგან მოწოდებული მონაცემები და მათთვის ცნობილი არაა, ყველა ადამიანი არის თუ არა ამ სიაში, რომელთაც ქონება ერთ ლარად გადაეცათ. ამიტომ ეკა გიგაურის აზრით, უნდა არსებობდეს ამ მონაცემების გადამოწმების მექანიზმი.
„თუკი პრეზიდენტმა ეს უფლება ბოროტად გამოიყენა, პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. თორემ ასე შეიძლება, ყველა ადამიანს ჩამოვართვათ ყველანაირი უფლება იმის შიშით, რომ ბოროტად არ ისარგებლოს ამ უფლებით. ჩვენს მასალაში საუბარია არა მხოლოდ კონკრეტულ პირებზე, არამედ ორგანიზაციებზეც. გამოიკვეთა კონტრდაზვერვის თანამშრომელთა გვარებიც, რომელთაც ქონება სიმბოლურ ფასად გადასცეს. გასაგებია, პრეზიდენტს აქვს უფლება, წაახალისოს კონკრეტული ადამიანები განსაკუთრებული საქმიანობისთვის. თუმცა, საეჭვოა, კუდის თანამშრომელს იმხელა დამსახურება ჰქონოდეს ქვეყნის წინაშე, რომ მათ ამხელა ქონება გადაეცეთ“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.
მისივე განმარტებით, პრობლემაა ისიც, საშემოსავლო აქვთ თუ არა ამ პირებს გადახდილი. მით უფრო, რომ ყველასთვის ცნობილია, როცა ნინო ბურჯანაძეს ერთ ლარად გადასცეს აგარაკი, პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ მას მოსთხოვეს საშემოსავლოს გადახდა და ამის გამო ჩამოართვეს ქონება. ამიტომ, ეკა გიგაურს აინტერესებს, კუდის თანამშრომლებს და სხვა პირებს გადახდილი აქვთ თუ არა საშემოსავლო? თუმცა ამის შესახებ პასუხი შემოსავლების სამსახურში ვერ გაარკვიეს.
ახლა კი, გთავაზობთ იმ პირთა ძირითად ნუსხას, ვისაც 1 ლარად გადასცა პრეზიდენტმა სახელმწიფო ქონება 2007-2012 წლებში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პრეზიდენტის დიდსულოვნება ორ კატეგორიაზე ვრცელდებოდა: კერძო პირებზე სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება და საინვესტიციო პირობის სანაცვლოდ სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება.
სახელმწიფო ქონების მიმღებთა შორის არიან თბილისის მერის -გიგი უგულავას ძმის ირაკლი უგულავას კომპანია შპს „ჯეო ლენდი“, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ბეჟან ფარცვანია, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსის, მეგის ქარდავას ძმა, ლევან ქარდავა (კოჯორში მდებარე 2 501 კვ.მ. არასასოფლო.-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); ბიზნესმენ თეიმურაზ უგულავას კომპანია შპს ქროსვეისი, შპს „Avante Hospital Management Group“, რომლის წილის 25%-ს ფლობს ყოფილი დეპუტატი გია ნაცვლიშვილი, ამავე კომპანიის დირექტორია ივანე ყაჭიური, რომელიც ჯანდაცვის სამინსტროს სსიპ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის დირექტორი იყო. სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცა შპს „ახალ ოფისს“, რომლის დამფუძნებელიც კომპანია „სილქ როუდ ბიზნეს ცენტრია“. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კომპანია ცნობილ ქართველ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ეკუთვნის.
უკვე 2008 წელს მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა 19 მაისის გახმაურებული ბრძანება, რომლითაც სიმბოლურ ფასად ნინო ბურჯანაძეს საკუთრებაში გადაეცა დაბა წყნეთში, სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები (571 მ2) და მათზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (31 696 მ2), ასევე, აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული მოძრავი ქონება (ინვენტარი), რომელიც მას მოგვიანებით, მისი პოლიტიკურად გააქტიურების შემდეგ, ჩამოერთვა ქონების გადასახადის გადაუხდელობის გამო.
ამ ჩამონათვალში მოხვდა, ასევე, საქართველოს საპატრიარქო, რომელმაც ერთ ლარად მიიღო თბილისში, სიონის ქ. N 13/40-ში მდებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 4 971.44 მ2 და მასზე დამაგრებული 2272 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამავე წელს საპატრიარქომ ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კინოთეატრ ,,ხულოს შენობა მიიღო, 486.1 მ2 საერთო სასარგებლო ფართობით და მასზე დამაგრებული 462 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და სხვა.
2010 წლიდან, პრეზიდენტის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა დიდ დიღომში მდებარე ბინა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ბეჟან ფარცვანიას.
2010 წელს სახელწიფო ქონება (გარდაბანში, სოფელ თელეთში მდებარე 21 მიწის ნაკვეთი) საპრივატიზაციო პირობის გარეშე, ერთ ლარად მიიღო ააიპ „თელეთი 2009“-მ.
ხოლო საინვესტიციო პირობით 2010 წელს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ქუთაისში, აკაკი ხორავას ქუჩა N1-ში შენობა ფართობით 1,127.64 მ2 და 22,518 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა.
მოგვიანებით, 2011 წელს დაუდგენელი მიზეზებითა და მიზნით სახელმწიფო ქონება პრეზიდენტის განკარგულებით ერთ ლარად გადაეცათ გარკვეულ ფიზიკურ პირებს. მაგალითად, ჰამესტ აპოიანს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მდებარე 10001კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); არტიუშ აპოიანს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მდებარე 239265 კვ.მ სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); მურთაზ კუპრეიშვილს (სენაკის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალსოფელში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 386 161 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); კობა ახვლედიანს (ქ.თბილისი, ყიფშიძის ქ. N3ბ-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მე-4 სართულზე არსებული ბინა N12 (საერთო ფართობით 78.50კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); ზურაბ შამათავას (ქ.თბილისი, ყიფშიძის ქ. N 3ბ-ში მდებარე მშენებარე შენობა-ნაგებობის მე-5 სართულზე არსებული ბინა N 43(საერთო ფართობით 132კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) და მარინა კუპატაძეს (ქ. ბორჯომში, ფიროსმანის ქ. N 5-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე არსებული 325 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი).
ასევე, ყველაზე საინტერესო - სახელწიფო ქონება ყოველგვარი საინვესტიციო პირობის გარეშე ერთ ლარად გადაეცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსს, მეგის ქარდავას ძმას, ლევან ქარდავას
2012 წელს საინვესტიციო პირობის გარეშე სახელწიფო ქონება გადაეცა: შპს „Hospital Digomi“ (თბილისი, ლუბლიანას ქუჩის N 5-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N 7, ფართობით 206.89კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე 4,283.3 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი); კავკასიის სამთო ჯგუფი (ბოლნისში, აღმაშენებლის ქ. N 2-ში მდებარე 29813 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); „გოდაკო +“ (ყვარელში (ილიას ტბა) მდებარე 520 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); „ლოპოტა ტურ სერვისი“ (თელავში, სოფელ ნაფარეულში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი); „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ქობულეთის“ ქ. 3/15 (თბილისში, ქობულეთის ქ.N 15-ში მდებარე 387კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N 1 და N 2 შენობა-ნაგებობები); სს ინტერ ბიზნეს სერვისი (თბილისში, იუმაშევის ქ.N 23-ში მდებარე 13 15კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 1685კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); შპს კავკასუს როუდ პროჯექტი (ყვარელში, კუდიგორაზე მდებარე 1312 კვ.მ არასასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი).
გარდა ამისა, სიმბოლურ ფასად, საინვესტიციო პირობით, ქონება გადაეცათ: შპს „განმუხურის სასტუმროს”, შპს „ქროსვეისს”, შპს „ველაჯიოს”, შპს „ახალ ოფისს“, სს „ლიბერთი ბანკს“, აიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიას“, შპს „ჯემედის“, შპს „საქართველოს მეტროპოლიის ცენტრს“, სს „თიბისი ბანკს“, სს „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციას“ და სხვა იურიდიულ პირებს.