ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში ძალიან ჩამოცხა. აუტანელ „დუღილის ტემპერატურას“ გამძაფრებული პოლიტიკური ვნებათაღელვაც ემატება. სიმართლე გითხრათ, ადგილობრივი ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებს უკვე ერთგვარი ბოიკოტი გამოვუცხადე და ახალ ამბებს მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით ვეცნობი, ისიც დღეში რამდენიმე წუთით.
დღეს კვირაა და ჩვენი ვებ-გვერდის მკითხველებთან მორიგი შეხვედრა მელის. პოლიტიკური მოვლენებით ისედაც დახუნძლულები გახლავართ და შევეცდები ამ „ციებ-ცხელებიდან“ რამდენიმე წუთით გაგათავისუფლოთ.
ამ დღეებში სრულიად საქართველოში მორიგი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. არაერთი თქვენგანის ახლობელი სტუდენტთა რიგებში მოხვედრას ცდილობს. ზოგს ბედი გაუმართლებს, ზოგიერთი კი ამ რთული მისიის ასრულებას ერთი წლით გადადებს.
სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში განათლებული ადამიანების დიდი დეფიციტია. ამ მწარე რეალობას ვერ გავექცევით, რადგან ბოლო 20-25 წლის განმავლობაში თავს დატეხილმა პოლიტიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა ახალგაზრდობა სწავლის მიმართ გულცივი გახადა. არაერთი ნაცნობი დაჯერებით მიმტკიცებს რომ ინტერნეტის განვითარებამ ახალგაზრდა თაობის ზოგადი განათლების შემცირება გამოიწვია. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები, რადგან ადამიანს თავად უნდა ჰქონდეს სურვილი ხელში წიგნი აიღოს და იგივე „ტომ სოიერის თავგადასავალი“, „სამი მუშკეტერი“, „დავით აღმაშენებელი“ ან თუნდაც „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ წაიკითხოს.
გაუნათლებელი ადამიანები მოგვიანებით ინსტიტუტებს ამთავრებენ, ხალხში გამოდიან და პროფესიულ საქმიანობას იწყებენ. ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ წარმატებული პოლიტიკოსის სახელსაც იმკვიდრებს. სამწუხაროდ არაერთი ცნობილი ადამიანი მინახავს ბალზაკისა ან მარკ ტვენის სახელები რომ არ გაუგიათ და ვერც კონსტანტინე გამსახურდიასა და ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებს დაგისახელებენ.
დღევანდელ წერილში გამოცდებზე დაფიქსირებულ რამდენიმე კურიოზს შემოგთავაზებთ. ამ შემთხვევების „გმირები“ დღეს შეიძლება წარმატებული ადამიანები გახლავან და ქვეყნის მმართველობის მაღალ ეშელონებშიც იმყოფებიან.
თავდაპირველად ლევან იზორიას ორ მოგონებას გაგაცნობთ. ერთი პერიოდი ბატონი ლევანი პოლიციის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე მუშაობდა და თანამდებობის გამო გამოცდებს ხშირად ესწრებოდა.
ლევან იზორია: „საპატრულო პოლიციაში მოხვედრის სურვილი ბევრს აქვს. სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეები მოდიან და ცოდნის ხარისხიც განსხვავებული აქვთ. ერთ დღეს, ერთი რეგიონიდან ჩამოსულ კანდიდატებთან იყო გასაუბრება. პირველი გამოსაცდელია და ვეკითხები:
- ხელისუფლების რამდენი შტოა? პასუხი შემდეგი გახლდათ: ოთხი. - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ბადრი პატარკაციშვილი.
ზუსტად იგივე პასუხი გამცეს დანარჩენებმაც. ეტყობა, ავტობუსით მგზავრობისას გაიარეს ერთობლივი მომზადება.
- ბოლო პასუხი ვინ გასწავლათ? - ვეკითხები ერთ-ერთს.
- მძღოლმა თქვა, პატარკაციშვილი პირველი კაცია, მაგის ხელშია მთელი მასმედიაო.“
ალბათ გაინტერესებთ ვინ გახლავთ საქართველოს კონსტიტუციის ავტორი. ამ კითხვაზე პასუხს ბატონი ლევანი გაგვცემს:
„შეიძლება, გამოცდაზე პროვოკაციული შეკითხვაც დასვა, რომელზეც პასუზის გაცემა ძნელია. მე უფრო კანდიდატთა ზოგადი ცოდნის დონე მაინტერესებდა-ხოლმე.
გამოდის ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელი და შეკითხვას ვაძლევ:
- აბა, კონსტიტუციის ავტორი ვინ არის?
კანდიდატი დაიბნა, ჩაფიქრდა, აქეთ-იქით იყურება და უცებ თვალგაბრწყინებული მპასუხობს:
- ოლგა პაპავა!
გასაუბრებას კომისიის წევრებიც ესწრებოდნენ სამინისტროდან და გაოცებული სახეებით გადახედეს ერთმანეთს.
- რაო, ვინ არისო? - ყურებს არ დავუჯერე. პასუხად იგივე გვარი მივიღე.
ჩავფიქრდი, კაცო! ასეთი სახელისა და გვარის არც მეცნიერი გამიგია, არც იურისტი და საიდან მოიტანა ვერ ვხვდები.
- კი, მაგრამ მაინც ვინ არის ეგ ოლგა პაპავა? - დამაინტერესა.
- აბა, ბატონო და გაგვანათლე, - მივაჩერდი.
- ჩემი მასწავლებელია, აკადემიაში ორთვიან მოსამზადებელ კურსებზე რომ დავდიოდი, კონსტიტუციის კონსპექტებს მაძლევდა, ჩემი შედგენილიაო.“
ჩვენი მომდევნო რესპოდენტი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იზო მაღრაძე იქნება. ქალბატონი იზო ერთ „საინტერესო“ და ამავე დროს დამაფიქრებელ შემთხვევას მოგვიყვება.
იზო მაღრაძე: „ზვიად გამსახურდიას დროს პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებლები რომ ჩამოყალიბდა, ერთ ასეთ უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის მისაღებ გამოცდაზე მოვხვდი ჩემს კოლეგა მერი ჟუჟუნაშვილთან ერთად.
ზეპირ გამოცდაზე შემოვიდა უკანასკნელ მოდაზე ჩაცმული შესანიშნავი გარეგნობის ჭაბუკი, როცა ბილეთში დასმულ ვერც ერთ კითხვაზე ხმა ვერ ამოიღო, მერი შეეკითხა:
- აბა, გვითხარით, ვისი დაწერილია „დიდოსტატის მარჯვენა“?
პასუხად კვლავ დუმილი მივიღეთ.
- კარგად დაფიქრდით, დაწერილია გა-გა-გამ... - ეშველება ჩემი კოლეგა. ისევ დუმილი. - გა... გამ... გამსა... გამსახ...
- ა, ზვიად გამსახურდია, პატივცემულო! - თქვა ყმაწვილმა აღფრთოვანებით და გაბრწყინებული თვალები შემოგვანათა.
- ზვიადი თუ?... არ ეშვება ისევ მერი. - ზვიადი თუ, კო... კონ... კო... სტ...
- ა, დიახ, მერაბ კოსტავა, რამ დამავიწყвა, ასე ვიბნევი ხოლმე, პატივცემულო! - თქვა ისევ აღფრთოვანებით ყმაწვილმა და სახე გაებადრა.
მე ვეღარ მოვითმინე და აღშფოთებულმა ორი დავუწერე. გამოცდის შედეგები რომ ნახა რექტორმა, გადაირია, - რას მიშვებით, ორებს იმათ უწერთ, ვინც ნამდვილად ფულს შემოიტანს და სწავლის საფასურს გადაიხდის? არ დამანახოთ ეს კუდიანი ორები და სასწრაფოდ ჩაასწორეთ ნიშნები, თორემ ამ სასწავლებელს დახურვა არ ასცდებაო.
ასე ჩავასწორეთ ნიშნები და მერე რა „უმაღლესდამთავრებულებიც“ მივიღეთ, ყველამ კარგად ვიცით“.