წინა კვირის ქართული სპორტული ცხოვრების მთავარი მოვლენა მოსკოვის „დინამოს“ თბილისში ჩამოსვლა გახლდათ. რასაკვირველია ერთი ჩვეულებრივი კლუბის სტუმრობა დიდ აჟიოტაჟს არ გამოიწვევდა, რომ არა პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავის კრიშტიანო რონალდოს მოულოდნელი გამოჩენა.
კრიშტიანო მშვენიერ ირინა შეიკთან ერთად გვესტუმრა, თბილისის „დინამოს“ საკლუბო აკადემიის საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღო, შემდეგ კი ორი „დინამოს“ ამხანაგურ შეხვედრასაც დაესწრო. სხვათაშორის ერთ-ერთმა ადგილობრივმა მას-მედიის საშუალებამ ქალაქ ჩელიაბინსკში დაბადებული ქალბატონი შეიკი ფეხბურთელის მეუღლედ მონათლა.
ამ მატჩის დასრულების შემდეგ ახალგაზრდობის რამდენიმე წარმომადგენელსა და სამართალდამცავებს შორის კონფლიქტიც დაფიქსირდა, მაგრამ ამ უსიამოვნო ფაქტზე ბევრი დაიწერა და ითქვა. სამაგიეროდ ერთ კითხვაზე პასუხი დღემდე ვერ მივიღეთ - რა დაჯდა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლა და ვინ დააფინანსა ეს ვიზიტი?
თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადებით, პორტუგალიელის ჩამოყვანაში დიდი თანხა არ გადაიხადა. ამის მიუხედავად მის დასახელებაზე უარი განაცხადა. რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარი ნაცნობების მეშვეობით ამ საკითხს გულდასმით ვიძიებდი და „ძიების პროცესში“ არაერთ ჟურნალისტსა და „დინამოსთან“ დაახლოებულ გულშემატკივარს ვესაუბრე. რამდენიმე პიროვნების მტკიცებით კრიშტიანოს ჩამოყვანა სულ რაღაც 150 ათასი ევრო დაჯდა. რასაკვირველია ამ თანხაში არ შედის ფეხბურთელისა და პირმშვენიერი ირინეს თბილისში ცხოვრების, ჩამოფრენისა და გაფრენის ხარჯები. არ ვიცი ზემოთ დასახელებული თანხა სიმართლეს შეეფერება თუ არა, ფაქტია რომ ის არაერთმა კომპეტენტურმა ადამიანმა დამისახელა.
გავარკვიე ისიც რომ თბილისის „დინამოს“ პორტუგალიელი ვარსკვლავთბიჭუნას სტუმრობა არც ერთი კაპიკი არ დაჯდომია, რადგან ეს ხარჯი მთლიანად რუსულმა „ვი-თი-ბი“ ბანკმა გაიღო. უფრო მეტიც. ეს სოლიდური ორგანიზაცია მომავალში თბილისის „დინამოს“ სპონსორობას აპირებს და გუნდისთვის რამდენიმე მილიონი დოლარისა თუ ევროს გადარიცხვას გეგმავს. ალბათ უცნაურია, რომ იმ დროს როდესაც რუსული გუნდის სტუმრობას ხალხის ნაწილი აპროტესტებდა, ბატონი ფიფია მომავალში „ვი-თი-ბი“ ბანკთან თანამშრომლობას აპირებს. „დინამო“ სრულიად საქართველოს კუთვნილებაა და ხალხში დიდი სიყვარულით სარგებლობს. ჩვენს მოსახლეობაში 2008 წლის აგვისტოს ომის კვალი ჯერ არ წაშლილა და რამდენად მორალური იქნება ხალხის აზრის გაუთვალისწინებლად რუსებთან საქმის დაჭერა.
წინა კვირას საჩხერეს „ჩიხურამ“ და ქუთაისის „ტორპედომ“ ევროთასებზე განმეორებითი მატჩები გამართეს. საბედნიეროდ „ჩიხურამ“ პირველი ბარიერის გადალახვა შეძლო. „ვადუცი“ ევროპული ფეხბურთის მაჩანჩალათა რიგებს მიეკუთვნება და დასუსტებულ „ჩიხურას“ მისი წინააღმდეგობის დაძლევა არ უნდა გასჭირვებოდა. რაც შეეხება „ტორპედოს“. 17-19 წლის მოთამაშეებით დაკომპლექტებული კლუბის მიმართ ბოლო პერიოდში კრიტიკის ნიაღვარი წამოვიდა, მაგრამ სლოვაკეთში ამ ჭაბუკებმა დაამტკიცეს რომ მათი ჩამოწერა ჯერ ნაადრევია.
„ტორპედოს“ გულშემატკივრების მიმართ ერთი თხოვნა მექნებოდა. ამ ბიჭებს მხარში დაუდგნენ და სტადიონის ტრიბუნებიდან მათ მიმართ აგრესია არ გამოავლინონ. ეს ყმაწვილები ქართულ ფეხბურთში თავიანთ სიტყვას აუცილებლად იტყვიან და საკუთარ გულშემატკივრებს მალე სიამაყის გრძნობას დაუბრუნებენ. მათი ბრალი არ არის რომ „ვისოლის“ ხელმძღვანელობამ „ტორპედოს“ ქომაგების აზრის გაუთვალისწინებლად ძველი გუნდის ერთ დღეში დაშლა მოისურვა.
რადგან სიტყვამ „ვისოლი“ მოიტანა ბატონი ლევან ფხაკაძის ერთ განცხადებას გაგაცნობთ, რომელიც ერთ-ერთ ვებ-გვერდზე მოვიძიე.
„ქუთაისის "ტორპედოს" ახალი შემადგენლობა დაკომპლექტებულია ჩვენი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებით. კლუბის მენეჯმენტი განაგრძობს ზრუნვას სელექციის გზით გუნდის გაძლიერებისათვის და დარწმუნებული ვართ, უახლოეს მომავალში ვიხილავთ იმ თამაშს, რომელიც ქუთაისის „ტორპედოს" ეკადრება", - აცხადებს ქუთაისის „ტორპედოს" პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.
წინა კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ის გახლდათ, რომ თბილისის მერიამ ფუტზალის გუნდის „იბერია-სტარის“ გადარჩენა და დაფინანსება გადაწყვიტა. რასაკვირველია დადებითი ამბავია, ერთი ნიუანსი რომ არა. კორუფციის ჭაობში ჩაფლული ეს ორგანიზაცია რამდენად შეძლებს ამ დაპირების ასრულებას. საქმე იქითკენ მიდის, რომ გიგი უგულავა და მისი კოლეგები ალბათ მალე საბრალდებულო სკამზე აღმოჩნდებიან და „იბერია-სტარის“ დაფინანსება კი არა, საკუთარი ტყავების გადარჩენაზე ზრუნვა მოუწევთ. მიმაჩნია რომ გუნდი ადგილობრივმა ბიზნესწრეებმა უნდა დააფინანსონ. ეს საკითხი სასწრაფოდ მოსაგვარებელია, რადგან შემოდგომაზე „იბერიას“ ევროპის ჩემპიონთა თასზე ასპარეზობა მოუწევს.
რუსეთის ქალაქ ყაზანში კი მსოფლიო უნივერსიადა გრძელდება. სამწუხაროდ საქართველო კვლავ კინკილა მედლის გარეშეა დარჩენილი. ჩვენი ქვეყნის დელეგაციის შემადგენლობაში 100 ადამიანამდე ირიცხება. მაინტერესებს აქედან რამდენია სპორტსმენი და რამდენი „ხელისმომკიდე“. ამას უახლოეს დღეებში გავარკვევ და მომდევნო კვირას აუცილებლად მოგახსენებთ. ალბათ გახსოვთ ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებული საქართველოს სპორტული დელეგაციები, სადაც გარეშე პიროვნებები სპორტსმენებს აღემატებოდნენ. მაინტერესებს დღევანდელ რეალობაში ეს მახინჯი „ტრადიცია“ გრძელდება თუ არა.
დღევანდელი სპორტული ფიქრების დასასრულს თბილისისა და მოსკოველ თანაკლუბელთა ამხანაგური შეხვედრის დასრულების შემდეგ დაკავებულ ახალგაზრდებს ერთგვარ სოლიდარობას გამოვუცხადებ და ერთ მოგონებას შემოგთავაზებთ. რუსები ქართველ სპორტსმენებს მუდმივად ავიწროებდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. ალბათ გახსოვთ წინა საუკუნის 70-იან წლებში მოასპარეზე ქართველი ტანმოვარჯიშე პაატა შამუგია. თუ წინა კვირას ქართველთა ნაწილი შოვინისტი რუსი დეპუტატების სტუმრობას აპროტესტებდა, პაატამ ერთხელ ტანვარჯიშში საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლეონიდ არკაევი გაასილაქა.
1975 წელს ლონდონში, ტანმოვარჯიშეთა პირველი მსოფლიო თასის შეჯიბრება ჩატარდა და ამ ასპარეზობაში მაშინ პაატა შამუგიამ იმარჯვა.
იმ დროს შამუგია შესანიშნავ სპორტულ ფორმაში იმყოფებოდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლებოდა. ლონდონში გამართულ ბანკეტზე მისმა მეგობარმა და თანაგუნდელმა ანდრიანოვმა წინადადება წამოაყენა, რომ ქართველისათვის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭებინათ. ამაზე ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა იური ტიტოვმა განაცხადა, რომ შამუგიას თავდაპირველად მონრეალის ოლიმპიური თამაშები მოეგო და დამსახურებული ოსტატის ტიტულს შემდეგ უბოძებდნენ.
მომავალ წელს საბჭოთა ნაკრები საჩვენებელი გამოსვლების ჩასატარებლად ავსტრალიას ეწვია. ერთ-ერთ ბანკეტზე მთელი დელეგაცია გამოთვრა და ამ ფაქტმა პაატა შამუგიას მომავალ სპორტულ კარიერაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. თავად შამუგია იმ ინციდენტს მოგვიანებით ასე იხსენებდა:
„ბანკეტის შემდეგ სასტუმროში ნაკრების მწვრთნელი ლეონიდ არკაევი მოვიდა ჩემთან და აგდებულად დამელაპარაკა. მეწყინა, მაგრამ პირველად გადავყლაპე. ჩემმა გარეგნულმა სიმშვიდემ ეტყობა მეტად გააღიზიანა და უფრო ხმამაღლა და უფრო შეურაცხმყოფელი ტონით იგივე გამიმეორა. აღარ მეყო მოთმინება. რა მექნა. ის, რაც რუსს ხილად უჩანს, ჩემთვის დედის გინებაა, დედაჩემის აუგად ხსენება კი დღემდე არავისთვის შემირჩენია. არც არკაევი იყო გამონაკლისი. რაც შევძელი იმ წუთას სამაგიერო გადავუხადე, სიტყვითაც და საქმითაც. ამის შემდეგ ამითვალწუნა და აღარ გამახარა“.
ოლიმპიურ თამაშებზე შვიდი სპორტსმენი უნდა გამოსულიყო. წინასწარი შედეგების მიხედვით შამუგია მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა და რა გაეწყობოდა, მონრეალში წაიყვანეს. სამწუხაროდ უშუალოდ შეჯიბრების წინ არკაევმა შამუგიას ნაცვლად ნაკრებში საშა კრისინი დააყენა. ოლიმპიური თამაშების გუნდური პარველობის გამარჯვებულები იაპონელები გახდნენ. თავდაპირველად საბჭოელები დაწინაურდნენ, მაგრამ ბჯენით ხტომებში იაპონელებთან იმდენი ქულა წააგეს, რომ დანაკლისი შემდეგ ვეღარ აინაზღაურეს, ბჯენითი ხტომები კი პაატა შამუგიას საყვარელი ვარჯიში იყო და ამ სახეობაში განსაკუთრებული სიძლიერით გამოირჩეოდა.