მამუკა ხვედელიანმა ბორჯომი დატოვა

მამუკა ხვედელიანმა ბორჯომი დატოვა

ბორჯომის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, მამუკა ხვედელიანმა რომელსაც ბრალი ედებოდათ სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში, ბორჯომი დატოვა, ის ამჟამად თბილისში იმყოფება. ბორჯომში კი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ისინი ახალციხის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით ხვედელიანს პატიმრობა არ შეეფარდება, მასშტაბურ აქციებს ყოველდღე გამართავენ.

2009 წლის 1 იანვარს დაბა ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის გამო ადგილობრივმა პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, რომლებიც ბორჯომის პოლიციის სამმართველოს უფროსმა მამუკა ხვედელიანმა ბორჯომის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა. სამმართველოში მისვლისას დაკავებულ პირებს მამუკა ხვედელიანის ბრძანებით მოხსნეს ხელბორკილები, აიყვანეს მეორე სართულზე, განათავსეს ცალ-ცალკე ოთახებში, სცემეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათ ცემაში მონაწილეობდნენ მამუკა ხვედელიანი და პოლიციელები სერგო სამსონიძე, ალექსანდრე ბლიაძე და გიორგი ბლიაძე.

ერთ-ერთ დაზარალებულს დაუჭირეს ხელები, ჩაუწიეს შარვალი, საჯდომზე მიადეს პლასტმასის ბოთლი და გადაუღეს სურათები როგორც სახეზე, ასევე საჯდომზე. სურათებს მობილური ტელეფონით იღებდა სერგო სამსონიძე. ვინაიდან ცემის გამო მსხვერპლს სახიდან მოსდიოდა სისხლი, იგი პერიოდულად გაჰყავდათ საპირფარეშოში, სადაც ეს უკანასკნელი იბანდა სისხლიან სახეს. ცემისას ალექსანდრე ბლიაძემ მსხვერპლს მარცხენა ყურზე დაადო ანთებული სიგარეტი და ყური დაუწვა. 

ამის შემდეგ ნაცემი დაზარალებული პოლიციის ორმა თანამშრომელმა მიიყვანეს მაგიდასთან, გადახარეს და გიორგი ბლიაძეს უთხრეს, რომ მასთან დაემყარებინა სექსუალური კავშირი, რის საპასუხოდაც გიორგი ბლიაძემ აიღო რკინის სკამი და სკამის ფეხი მსხვერპლს უკანა ტანში შეუყვანა. გაუპატიურების შემდეგ კი მსხვერპლი იატაკზე დააგდეს. ამის შემდეგ მამუკა ხვედელიანმა მსხვერპლს უთხრა, რომ გადაღებულ სურათებს ბაკურიანის ცენტრში გამოუქვეყნებდა თუკი ჭკუით არ იქნებოდა. 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ამ ხუთი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარდგენილ ბრალდებაში გამართლდნენ, შსს-ს ბორჯომის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი და ამავე სამმართველოს ოთხი ყოფილი თანამშრომელი. უზენაესი სასამართლოს მტკიცებით, საქმის არსებითი განხილვისას, არც ერთმა ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო.

მამუკა ხვედელიანის ადვოკატი ზაზა მარიდაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი კლიენტის წინააღმდეგ პროკურატურას არ ჰქონდა არგუმენტი იმისა, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა.

ზაზა მარიდაშვილი: პროკურატურა ზოგადი ხასიათის საუბრებს, ალბათ, მორჩება, როდესაც განაჩენი გამოქვეყნდება. განაჩენში ეწერება ჩვენი არგუმენტები. ბრალდების მხარეს არ ჰქონია არგუმენტები, არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ამ პიროვნებებმა ჩაიდინეს დანაშაული. დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, ურთიერთგამომრიცხავი იყო სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებისა. მოსამართლეს გულით რომ სდომოდა განაჩენი დაეყენებინა, ვერ დააყენებდა, ამის სამართლებლივი საფუძველი არ ჰქონდა.

მამუკა ხვედელიანს ბრალი ედებოდა ღისრების შემლახავ მოპყრობაში, კერძოდ, ადამიანის სკამის ფეხით გაუპატიურება. თუ ეს ადამიანი იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას, მაშინ რატომ არ მიმართეთ გამოძიებას ცრუ ჩვენებისთვის პირის დაკავებაზე? მითუმეტეს, რომ ქართული კანონმდებლობა იცნობს ამ მუხლს...

- ჯერ სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გამოიტანოს დასაბუთებული განაჩენი და ამის შემდეგ ჩვენ მივმართავთ შესაბამის ორგანოს იმისთვის, რომ დაიწყოს გამოძიება მის მიერ მიცემული ჩვენების ირგვლივ. იმიტომ, რომ მის მიერ მიცემული ჩვენება არის არარეალური და თავისთავად ცხადია, ასეთ რამეს ადამიანი რომ დაგაბრალებს, არ შეიძლება ეს უპასუხოდ დატოვო.

რა ინტერესი უნდა ჰქონოდა დაზარალებულს, რომ ბრალი დაედო პოლიციის უფროსისთვის? წარმოუდგენელია ადამიანმა და მითუმეტეს მამაკაცმა დაიბრალოს, რომ ის გააუპატიურეს...

- თქვენი მსჯელობა რეალობას მოკლებული არაა. სამართლებლივი შეფასების იქით, ჩარჩოებს მე ვერ გავსცდები, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ, რომ რაზეც იყო საუბარი, ანუ ბრალდება სკამის ფეხით გაუპატიურებასთან დაკავშირებით, ფაქტიურად ვერც ერთი დეტალი ვერ დადასტურდა. რა ვითარებაშიც პიროვნება გადმოსცემდა, რომ ასეთ ვითარებაში მე სკამის ფეხით გამაუპატიურესო და საუბარია რკინაზე, ჩვენ თვითონ ჩავატარეთ ექსპერტიზა, სასამართლო პროცესზე მოვიწვიეთ ექსპერტები, რომლებმაც ჩვენებითაც და დასკვნითაც დაადასტურეს, რომ თუ ასეთ ქმედებას ექნებოდა ადგილი, იგი კარგა ხნის გარდაცვლილი იქნებოდა.

ის ამბობს, რომ გაუპატიურების შემდეგ იატაკზე დააგდო უშუალოდ ხვედელიანმა და ამის შემდეგ უთხრა, რომ მას გადაღებული აქვს ფოტოები, რომელიც გამოიფინება ბაკურიანის ცენტრში, თუ გაახმაურებდა ამ საქმეს, ამ ნაწილშიც იტყუება მსხვერპლი?

- თუ ფაქტს არ ჰქონია ადგილი და ვერ დადასტურდა რასაც ამბობს, მაშინ როგორ შეიძლება ეს გავიზიაროთ? როდესაც ე.წ. დაზარალებული ისეთ რაღაცას ამბობს, რომელიც ფაქტიურად შეუძლებელია მომხდარიყო, მისივე ჩვენებიდან გამომდინარე. ეს პიროვნება ასევე აცხადებს, რომ ერთ-ერთმა პიროვნებამ ყურზე ჩაუქრო ანთებული სიაგარეტი. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ თუ ასეთს ექნებოდა ადგილი, მაშინ მას ყურზე უნდა ჰქონდეს ნიშანი, რომელიც მას არა აქვს და არც არავის უნახავს.

რატომ დაადანაშაულეს მაშინ ხვედელიანი და არა სხვა? ახალციხის მოსახლეობის მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა ხმაური, ისინი ღიად აცხადებდნენ, რომ მამუკა ხვედელიანი არის მოძალადე და მკვლელი...

- სამართლებლივი შეფასების ფარგლებს ნუ გავცდებით, მეტს ნამდვილად ვერ გიპასუხებთ. ვინ რა უწოდა და რატომ გამოვიდა მოსახლეობა, ეს იმათი საქმეა. ვიღაცას თუ რაიმე პრეტენზია აქვს, ამაზე მე ნამდვილად პასუხს ვერ გაგცემთ. როცა დაუკავშირდებით ბატონო მამუკას, ის გაგცემთ პასუხს.

იქნებ გამცეთ პასუხი კითხვაზე, მაშინ ვის ინტერესეში შედიოდა ხვედელიანისთვის ბრალი დაედოთ ახალგაზრდა მამაკაცის გაუპატიურებაში?

- პიროვნება გამოცხადდა და წერს განცხადებას, რომ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი 4 წლის წინ და მე არავისთვის არ მითქვამს, არავის არ უნახივარ არც დამწვარი და ა.შ. გამოძიებამ დროულად არ ჩაატარა ექსპერტიზა. ჯერ დაიჭირეს მამუკა ხვედელიანი და ამის შემდეგ დანიშნეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომ შეემოწმებინათ მილერი გელაშვილი. რატომ დაუჯერეს მილერი გელაშვილს?

გამოცხადდა პირი და გეუბნება, რომ ასეთი რაღაცა მოხდა, იქნებ ეს ადამიანი ფსიქიურად გაუწონასწორებელია, ხომ უნდა გადაამოწმო ჰქონდა თუ არა ამას ადგილი? ჩვენ შევთავაზეთ, მოდით, ჩავატაროთ ექსპერტიზა, მონაწილეობა მიიღოს ექიმმა პროქტოლოგმა და დადასტურდება ჰქონდა თუ არა ამ ფაქტს ადგილი, მაგრამ ეს არავის არ აინტერესებდა. მე არ მაინტერესებს ვის ინტერესებში შედიოდა, ჩემს ინტერესში შედიოდა, რომ დადასტურებულიყო ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი ასეთ ფაქტს.

პროკურატურა ამბობს, რომ საქმეში არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მათ ჩაიდინეს სექსუალური ძალადობა დაკავებულის მიმართ...

- ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს. მომავალ კვირას გამოქვეყნდება განაჩენი.

ამ განაჩენს პროკურატურა გაასაჩივრებს სააპელაციო წესით. როგორ ფიქრობთ სააპელაციო სასამართლო იქნება ადეკვატური, იმ გადაწყვეტილების რომელიც მიიღო ახალციხის სასამართლომ?

- ჩვენ რა მტკიცებულებები და არგუმენტები გაგვაჩნდა, ეს ყველაფერი არის საქმეში და იგივე მტკიცებულებებზე გვექნება საუბარი. ნორმალური იურისტი ამ საქმეზე განაჩენს არ დააყენებს.

უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომ საქმის არსებითი განხილვისას არცერთმა ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ თქვენ სააპელაციო სასამართლოშიც გზა თავისუფალი გაქვთ? უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჰქონდა ამ განცხადების გაკეთების უფლება, ვინაიდან ამ საქმეს აქვს გასაჩივრების ვადები?

- ეს ინფორმაცია არ მომისმენია და ვერ დავადასტურებ. ინფორმაცია იყო საჯარო. ყველამ ძალიან კარგად იცოდა რაც ხდებოდა სასამართლო პროცესებზე. თუ ვინმემ თავისი თვალით ნახა და მერე განაცხადა იმის შესახებ, რომ პირებმა თავი დამნაშავედ არ სცნეს, ეს რომ სასამართლოს თავმჯდომარეს სცოდნოდა მერე რა?

კუბლაშვილის მხრიდან ეს არის თუ არა სასამართლოზე ზეწოლა?

- სასამართლოში და შემდეგ ინსტანციებში რა მოხდება არ ვიცით. რატომ გვაქვს გზა ხსნილი არც ეგ ვიცით. მე მიამჩნია, რომ ვარ მართალი და ამიტომ მაქვს გზა ხსნილი.

მოითხოვეთ, რომ მომხდარიყო მილერი გელაშვილის ფსიქიატრიული შემოწმება?

- გამოძიებას მოვთხოვეთ ჩაეტარებინათ კომისიური სახის ექსპერტიზა, სადაც მონაწილეობას მიიღებდა ექიმი პროქტოლოგი. მისი მონაწილეობით დადგინდებოდა რეალურად ასეთ ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი, მაგრამ გამოძიებამ გვითხა უარი, არ გვინდა და არ ვატარებთო.

ბატონო ზაზა, ვინ გითხრათ ეს და ზუსტად გადმოსცემთ გამოძიების პოზიციას?

- დაახლოებით ასეთი ფორმით ითქვა. ზუსტად აქიდან გამომდინარე ვაკეთებდი შეფასებას - რატომ არ გინდა და რატომ არ უნდა გაინტერესებდეს ეს, რადგან სხვანაირად ვერ დაადგენ ამას?!

პრეტენზიები არის უამრავი, არის ქალბატონი რომელიც აცხადებს, რომ სწორედ ხვედელიანმა მოუკლა მას შვილი 4 ტყვიით...

- მამუკა ხვედელიანს არაფერი დასაცავი არ აქვს, იმიტომ, რომ მისთვის ამ საქმეში ბრალი არ წაუყენებიათ, ამ საქმეზე რამდენიმე წელი მიმდინარეობდა გამოძიება და ახლაც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს გამოძიება.

თავად მამუკა ხვედელიანი რატომ არ აკეთებს ამ საკითხზე კომენტარს?

- ვერ გეტყვით. ის ახლა თბილისშია.

საინტერესოა, რატომ არ დარჩა ბორჯომში?

- ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს.