რეგისტრაციიდან მოხსნილი 97 000-მდე ამომრჩეველი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ესენი ის ამომრჩევლები არიან, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით გარკვეულ მისამართზე რეგისტრაცია გაუუქმდათ.
მართალია, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის პარლამენტის და 2013 წლის 27 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ამ ამომრჩევლებს საშუალება ჰქონდათ, არჩევნებში მონაწილეობა მათი ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიეღოთ, მაგრამ ამჟამად ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი კომისიის 7-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო იყო ხმათა 2/3 ანუ 9 ხმა. ეს კი ნიშნავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
ცესკო-ს მონაცემებით, ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა 97 000 აღემატება, მათ შორის, 70 000-ზე მეტი თბილისშია. პარლამენტის ბოლო არჩევნებზე ამგვარ ამომრჩეველთაგან დაახლოებით ნახევარმა მიიღო მონაწილეობა.
ცესკო-ს საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების უფროსი ეკატერინე აზარაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების საკითხი დარეგულირებული იყო საარჩევნო კოდექსის გარდამავალი დებულებების ნაწილით. იმ დროს არსებობდა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია და მათი გადაწყვეტილებით, რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები ასახულნი იყვნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
27 აპრილის შუალედურ არჩევნებზეც ცესკო-მ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, ასეთი ამომრჩევლები, მათი ბოლო რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, მონაწილეობას იღებდნენ არჩევნებში.
„წელსაც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცესკო-ს სხდომაზე დღის წესრიგში დადგა იგივე საკითხი, თუმცა, სამწუხაროდ, შედეგად მივიღეთ, რომ არჩევნების მსვლელობისას ადამიანები, რომლებიც წინა არჩევნებზე ხმას აძლევდნენ, ახლაც მივლენ თავ-თავიანთ საარჩევნო უბნებზე (სადაც წინა არჩევნებზე მისცეს ხმა) და არ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ეს კი გამოიწვევს გაუგებრობას და აჟიოტაჟს. ერთადერთი საშუალება, რაც ამას დაარეგულირებს, პარლამენტის გადაწყვეტილებაა. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანომ უნდა შეიტანოს ცვლილება საარჩევნო კოდექსში და საკანონმდებლო კუთხით უნდა მოხდეს რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების საკითხის გადაწყვეტა. თუმცა ჯერ ჩვენ არ ვიცით, რას აპირებენ პარლამენტარები“, _ აღნიშნა ეკატერინე აზარაშვილმა.
მანვე დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალ პარტიებს ცესკო-ს კომისიაში თავიანთი წევრები ჰყავთ და სწორედ ისინი იყვნენ ამ დადგენილების მიღების წინააღმდეგნი. ამიტომაც რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები არ იქნებიან სიაში ასახულნი და ისინი ხმას ვერ მისცემენ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ 97 ათასი ამომრჩეველი ძალიან სოლიდური რიცხვია და მათგან 70 ათასზე მეტი თბილისშია რეგისტრირებული, საინტერესოა, რატომ თქვა უარი „ქართულმა ოცნებამ“ ამ ამომრჩევლებზე? მით უფრო, რომ არჩევნების დროს თბილისი ყოველთვის ითვლებოდა ნაციონალების მოწინააღმდეგეთა დასაყრდენად.
ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე გია ზესაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ, თავისთავად, ეს რიცხვი შემაშფოთებელია. უფრო მეტიც, რეგისტრაციიდან არ უნდა იყოს მოხსნილი 97 ათასი ამომრჩეველი და ეს კანონმდებლობითაა მოსაგვარებელი. თუმცა გია ზესაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ 97 ათას ამომრჩეველში სოლიდურად იყვნენ წარმოჩენილნი მკვდარი სულები, არარსებული ამომრჩევლები. ამიტომ მისთვის „ქართული ოცნების“ წევრთა სავარაუდო პოზიცია სრულიად გასაგებია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ საეჭვო ამომრჩეველთა არჩევნებიდან მოხსნას.
„ზეპირად ვერავინ იტყვის, 97 ათასი კაციდან ვინ მოქმედებს სხვისი სახელით, ვის რა პირადობის მოწმობა აქვს და ვინ არის მკვდარი სული. ამ სიაში რეალური ადამიანებიც იქნებიან. შესაძლოა, პროკურატურაში შეისწავლონ ეს საკითხი და ამ 97 ათასი ამომრჩევლის მიღმა სერიოზული დარღვევები გამოვლინდეს. თუ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ფიზიკურად ცოცხლები არიან, რა თქმა უნდა, მათ უნდა მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ოღონდ არა იმ უბანზე, რომელზეც არის საუბარი და, სადაც ისინი იყვნენ მიბმულები, არამედ სპეციალურად ცენტრალური საარჩევნო კომისია ყოველთვის საზღვრავდა ხოლმე ერთ უბანს მისამართის გარეშე რეგისტრირებული ამომრჩევლებისთვის. ამ საკითხის გადაწყვეტა ისევე შეიძლება, როგორც ეს ლტოლვილებთან მიმართებით, როცა მათთვის ბიომეტრიული პირადობის მოწმობები გაიცა“, - გვითხრა გია ზესაშვილმა და განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში, ამ ადამიანების ხმები არც დაიკარგება, არც გაყალბდება და არც კარუსელები დატრიალდება.
მისივე თქმით, ყველა დასახლებულ პუნქტსა თუ ცენტრში ყოველთვის იყო ისეთი ამომრჩეველი, რომელსაც რეგისტრაცია არ ჰქონდა. 90-იანი წლებიდან დაწყებული, რეგისტრაციის არმქონე ადამიანს შეეძლო დასახლებულ პუნქტში ერთ-ერთ გამოყოფილ უბანზე მისვლა, მათთვის სპევიალური სია კეთდებოდა და იქ აძლევდნენ ხმას.
„ეჭვი მაქვს, ეს არის ის ხალხი, რომელთაც სუფთა დოკუმენტაცია არ აქვთ და, რომელთაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა. ეს მიწერილი ხალხი თვითონ სახლის მეპატრონეებმა ამოწერეს სიიდან, რადგან საერთოდ არ იცნობდნენ ამ ადამიანებს. სპეციალურად გაყალბებული პასპორტით ადამიანმა რატომ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა? ძველი წესი ცუდი იყო და მათ არ უნდა მისცემოდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ვფიქრობ, საარჩევნო ადმინისტრაციას წინა არჩევნებზე შეეშალა“, - მიიჩნევს გია ზესაშვილი.