დაუწერელი კანონები ქართულ პენიტენციალურ სისტემაში ისევ მოქმედებს. სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანთა საქმეზე ბრალდებული მამუკა ივანიაძე ამბობს, რომ ღამის საათებში პროკურორი გიორგი დავითაშვილი მასთან შეხვედრებს მართავდა. ბრალდებულს საკანში ციხის დირექტორის მოადგილე ზურაბ მოდებაძეც ესტუმრა. გარდა ამისა, მასთან საკანში იმყოფებოდა ერთ-ერთი პატიმარი რომელიც ადმინისტრაციის დავალებით მუშაობდა. მამუკა ივანიაძემ პროკურორ გიორგი დავითაშვილის წინააღმდეგ ჩვენება უკვე მისცა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულ მამუკა ივანიაძის განცხადებით, მას დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
როგორც მამუკა ივანიაძემ for.ge-სთან საუბრისას განაცხადა, დაკავების შემდეგ მის მიმართ ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლა, საბოლოოდ კი, ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა.
„ეს იყო ერთი კონკრეტული შემთხვევა, ეს იყო პერიოდი. ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ვიყავი 14 ივნისიდან 25 ივნისამდე, რაც მთლიანად მიმართული იყო დავით კირვალიძის წინააღმდეგ. დაკავების შემდეგ ჩემზე ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლა, საბოლოოდ კი, ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დავწერე. ჩვენება მივეცი პროკურატურას, აღიძრა საქმე და ვნახოთ“, - განაცხადა მამუკა ივანიაძემ.
სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანთა საქმეზე ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ პროკურორ გიორგი დავითაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ივანიაძის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში გვიანობამდე გაგრძელდა. როგორც უწყებიდან გამოსულმა ბრალდებულმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაკითხვისას ძირითადად სასჯელაღსრულების დეპარტამენტში განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა.
უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ შესაძლოა, არჩილ კბილაშვილს პროკურორ გიორგი დავითაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის პროცედურების დაწყების რეკომენდაციით მიმართოს.
„მინდა გითხრათ, ამ პროკურორის გვარი ჩემთვის ნაცნობია. ეს ის გიორგი დავითაშვილია, რომლის მიმართ არაერთი საჩივარია პროკურატურაში შესული, რომელიც აჭარის პროკურატურაში მუშაობდა ადეიშვილის პერიოდში. მისი მხრიდან მსგავსი ქმედებები ჩემთვის ცნობილია, როგორ გაყავდა მას ღამის საათებში მოწმეები, როგორ ახდენდა მათზე ზეწოლას, როგორ აიძულებდა მათ ადვოკატის შეცვლას და რატომღაც დღემდე არ დაინტერესებულან ამ პროკურორის წინააღმდეგ შეტანილი არც ერთი საჩივირით. ჩვენ გამოვიკვლევთ ამ კონკრეტულ ფაქტს და თუ დადასტურდება მისი მხრიდან აღნიშნული უკანონო ქმედება, მე მივმართავ მთავარ პროკურორს რეკომენდაციით, პროკურორ დავითაშვილის მიმართ შესაბამისი სისხლის სამართლებრივი დევნის პროცედურები დაიწყოს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მთავარმა პროკურატურამ პროკურორ დავითაშვილის მხრიდან ჩვენების მიცემისას განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო. For.ge-ს არჩილ კბილაშვილის უწყებაში განუცხადეს, რომ შემჭიდროვებულ ვადებში გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად საქმეზე შექმნილია საგამოძიები ჯგუფი და მამუკა ივანიაძის მიერ მიცემული ჩვენების დადასტურების შემთხვევაში, მიღებული იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით კითხვები ეხებოდა მამუკა ივანიაძის მიერ გაჟღერებულ ფაქტებს, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, როცა აიძულეს, რომ ყალბი ჩვენება მიეცა. მათ შორის მამუკა ივანიაძემ ახსენა, რომ კითხვები ზეწოლის დროს იყო დავით კირვალიძესთან დაკავშირებითაც.
რა ფორმით ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა?
გელა ნიკოლეიშვილი: მასთან საკანში იმყოფებოდა ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც გაეცნო როგორც გია, რომელიც ადმინისტარციის დავალებით მუშაობდა. ის ეუბნებოდა, რომ ამას შენთვის ვაკეთებო. უბრალოდ, ადმინისტრაციასთან ვთანამშრომლობ იმიტომ, რომ დიდი ხნის პატიმარი ვარ, ვიცნობ მაგათო. გადადიოდა ადმინისტრაციულ კორპუსში, იღებდა ინსტრუქციებს ციხის დირექტორის მოადგილისგან, შემდეგ გადმოდიოდა და ეუბნებოდა რა უნდა დაეწერა.
რა უნდა დაეწერა?
- ეუბნებოდა, თუ გინდა გარეთ გახვიდე, ადვოკატებს რას უყურებ, მათ თავისი საქმე აინტერესებთო. ხომ ხედავ ცერცვაძე უკვე გავიდა, აქ ხომ არ უნდა ჩაიმარხოო. ისეთი ჩვენება უნდა მისცე, რომ ჩაშვება არ გამოგივა, ვიცი კირვალიძე რომ შენი კლასელიაო. აქ რომ დარჩე იცი რა ხდება? - ისეთ რაღაცეებს გაგიჩალიჩებენ, რომ შეიძლება საერთოდ ვერ გახვიდეო. ამ პატიმრის გარეთ გასვლის დროს შეიყვანეს სამი პატიმარი, რომლებმაც მოულოდნელად ჩხუბი დაიწყეს, მერე ერთ-ერთმა ვენები გადაიჭრა, ამის მერე ეს პატიმრები გაიყვანეს. ეს გია როგორც გითხარით იმ დროს გადასული იყო ადმინისტრაციაში, რომ შემოვიდა მოუყვა ეს ამბავი, მან კი თავი გააქნია და მითხრა, რომ შენ არაფერ შარში არ გაეხვიოო. ეს იყო მომზადებული სპექტაკლი.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უთხრეს, რომ ისინი შენზე წერენ და ახლა ბრალს დაგიმატებენო. ის ვინმე გია ეუბნებოდა, რომ შენით ისეთი ხალხია დაინტერესებული, რომ გირჩევნია ჩვენება მისცეო. ფსიქოლოგიურად ის ამზადებდა, ადვოკატებზეც უარი ათქმევინა, განცხადება დააწერინა, რომ ჩვენების მიცემა მინდაო. ორშაბათს მოდის პროკურორი დავითაშვილი რომელმაც განუცხადა, რომ შენ ჩვენების მოცემა გნდომებია და აბა გვითხარი ახლა რა გინდაო. თითქოსდა მან არაფერი იცოდა. 25 ივნისამდე 4-ჯერ შევიდა მასთან პროკურორი, ფსიქოლოგიურად ამუშავებდა, რომ მის მხარეს იყო და ჩვენებას თუ მიცემდა 2-3 დღეში გაუშვებდა.
საბოლოოდ როდის გადაწყვიტა იავანიაძემ ჩვენების მისცა?
- 25 ივნისს მასთან მივიდა პროკურორი დავითაშვილი და გამომძიებელი კოპალიანი. გამომძიებელი კითხვებს წერდა, კითხვებზე პასუხებს კარნახობდა პროკურორი, ხოლო დაკავებული თავისი ხელით წერდა. ჩვენების მიცემის შემდეგ, 2 ივლისს, 10 ათასი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.
მასთან ციხის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეც იყო შესული?
- ერთხელ თვითონ შევიდა ციხის დირექტორის უფროსის მოადგილე ზურაბ მოდებაძე.
ამ ლოგიკით გამოდის, რომ ციხეში არაფერი არ შეცვლილა? ვინაიდან როგორც ამბობთ ადმინისტრაციასთან დაახლოებული პატიმარი კონსულტაციებს სწორედ მათთან გადიოდა...
- როგორც ჩანს, ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. მართალია, პატიმარს არ აწამებენ, ადამიანური მოპყრობა, კვება და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება სახეზეა, ეს ფაქტია, მაგრამ იმ კუთხით, რაც თქვენ ახსენეთ, ფაქტია, რომ არ შეცვლილა.
მამუკა ივანიაძეს სთხოვდნენ, რომ დავით კირვალიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება?
- სთხოვდნენ კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენებას და როგორც ამბობს, რაღაცეებიც კი დამაწერინესო, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს რა ჩვენება მივეცი, ისე, მექანიკურად ვწერდი ამ ჩვენებასო. რაღაცეები კი ჩაწერეს კირვალიძის საწინააღმდეგოდ, არაპირდაპირ დანაშაულში მხილება, მაგრამ შეეძლოთ ეს გამოეყენებინათ როგორც ირიბი ჩვენება კირვალიძის წინააღმდეგო.
ჩვენება, რომელიც მან მისცა კირვალიძის წინააღმდეგ რეალურად ჩაითვლება თუ არა გამოძიებისთვის საფუძვლად იმისათვის, რომ დაიწყოს სამართლებლივი დევნა კირვალიძის წინააღმდეგ?
- არ ვიცი, იმიტომ, რომ იმ ჩვენებას მე არ ვიცნობ. მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს პირდაპირი ჩვენება მის წინააღმდეგ არ უნდა იყოს.
2 ივლისს დატოვა საპატიმრო დაწესებულება და 11 ივლისამდე რატომ არ განაცხადა ამის შესახებ?
- სხვათაშორის, ეს კითხვა მას პროკურორმაც დაუსვა. ის ამბობს, რომ ეს დღეები თავის თავს ებრძოდა. რადგან ის არაერთხელ გააფრთხილეს, რომ თუ ჩვენებას შეცვლიდა, დაემუქრნენ, რომ მას ძალიან ცუდი დღე დაადგებოდა.
ეს პროკურორმა დავითაშვილმა უთხრა?
- დიახ, სამართლიანობამ გადასძლია მაინც და გადაწყვიტა, რომ საჯაროდ ეთქვა სიმართლე.
თქვენ ითხოვთ ბათილად იქნეს ცნობილი მისი ჩვენება და დაიწყოს სისხლის სამართლებლივი დევნა პროკურორის წინააღმდეგ?
- რა თქმა უნდა, ვითხოვთ, რომ მისი ჩვენების საფუძველზე არ მოხდეს ვინმე სხვა ადამიანისთვის სასჯელის შეფარდება და არ მიიღონ ეს სწორ ჩვენებად. მისი ის ჩვენება, როგორც მტკიცებულება ვერ იქნება გამოყენებული, რადგან, ბუნებრივია, ის სასამართლოში ასეთ ჩვენებას არ მისცემს. მან პრევენცია მოახდინა, წინასწარ გააკეთა ასეთი განცხადება და ჩვენებაც მისცა პროკურატურას. ვის წინააღმდეგ აღიძრება საქმე და ვის წინააღმდეგ დაიწყება სისხლის სამართლებლივი დევნა, ეს გამოძიების გადასაწყვეტია.
გამოიკვეთა რამდენიმე დანაშაულის ნიშნები, როგორც პროკურორის, ასევე ციხის ადმინისტრაციის. პატიმარი, რომელიც ასე თავისუფლად გადადიოდა ადმინისტრაციულ კორპუსში, ღამის 11 საათზე შედიოდა პროკურორი და გამოჰყავდა საკნიდან. ამის დამტკიცება ადვილია, არსებობს კამერები. რაც მთავარია, ისინი არც მალავდნენ, რომ მისი გარეთ ყოფნა უნდოდათ იმისათვის, რომ ამას ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოეხდინა იმ სამი ასაკოვანი პროფესორისთვის, რომლებიც ამ საქმის გამო არიან დაპატიმრებულები. შემდგომ იმათ ეტყოდნენ, რომ ხომ ხედავთ კირვალიძეს თავისი ხალხი გაჰყავს გარეთ, თქვენ აქ გტოვენებო. ამით უნდოდათ, რომ ისინი ფსიქოლოგიურად მოემზადებინათ ისე, როგორც ეს გამოძიებას სჭირდებოდა.
რაც შეეხება ციხის დირექტორის მოადგილეს, ითხოვთ თუ არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებლივი დევნის დაწყებას და იმ პატიმრის ვინაობის გარკვევას, ვინც ადმინისტრაციისგან ღებულობდა დირექტივებს?
- ჩვენებით გამოიკვეთა მისი დანაშაულებრივი ქმედებაც. ეს უნდა გადამოწმდეს ვიდეოთვალის საშუალებით, უნდა დაიკითხონ ეს პირებიც. თუ გამოიკვეთა და დადასტურდა მამუკა ივანიაძის ჩვენება, ეს არის საფუძველი დაიწყოს სისხლის სამართლებლივი დევნა როგორც დირექტორის მოადგილის, ასევე პროკურორის მიმართ.