ისევ ფიქრები

ისევ ფიქრები

[ქართული აკადემია]

2010 წელს ჩვენმა სახელმწიფომ გადადგა მორიგი საბედისწერო ნაბიჯი ტოტალიტარიზმის, საზოგადოების დეჰუმანიზაციისა და გაუნათლებლობისაკენ. თევზაძე-ლომაიას “ეპოქაში” წამოწყებული საქმე, კერძოდ კი - “მოსწავლის ქცევის კოდექსში” გაცხადებული “ნულოვანი ტოლერანტობა” ე. წ. “ძნელად აღსაზრდელი” ბავშვების მიმართ, შაშკინის მინისტრობის პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. ეს “ნულოვანი ტოლერანტობა” გულისხმობს აღნიშნული კოდექსის დარღვევაში რამდენჯერმე შემჩნეული მოსწავლის გადაყვანას ალტერნატიულ სკოლებში. პირველი ასეთი “სკოლა” სამტრედიაში უკვე დაარსდა კიდეც. ადვილი წარმოსადგენია, რა სასტიკი, დაუნდობელი გარემო იქნება შექმნილი ამ დაწესებულებაში, როდესაც ჩვეულებრივი საჯარო სკოლებიც კი შაშკინმა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიებს დაამსგავსა; კოლონიებს, სადაც ვითარებას მთლიანად აკონტროლებენ მანდატურთა ინსტიტუტის სახელით ცნობილი პოლიციური ქვედანაყოფები. გარდა იმისა, რომ ყოვლისშემძლე მანდატურები უუფლებო პედაგოგებთან შედარებით ბევრად მეტ გასამრჯელოს იღებენ, სკოლის დირექტორი და პედკოლექტივი კანონის ძალით ვალდებულია გაითვალისწინოს ამ, სათანადო ცოდნის არმქონე, ხშირად კი - პრაქტიკულად გაუნათლებელი პოლიციელების რჩევა-მითითებანი.

თევზაძე-ლომაიას დროსაც ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ: მთელს ცივილიზებულ სამყაროში არსებული თანამედროვე განათლების სისტემები დაფუძნებულია ჰუმანიზმისა და ტოლერანტობის პრინციპებზე. ნათელია, რომ ჩვენი “რეფორმატორების” ეს მორიგი, პათოლოგიური წამოწყება ეწინააღმდეგება ჰუმანურ, სამართლებრივ და, უბრალოდ, ადამიანურ პრინციპებს. ალტერნატიულ სკოლაში ბავშვის გადაყვანა უეჭველად გამოიწვევს მის სოციალურ სტიგმატიზაციას, გაბოროტებას და  განათლების რეფორმატორთა მიერ ასეთი მოსწავლეების მიმართ გამოჩენილი ჩლუნგი სისასტიკე ძალიან ძვირად დაუჯდება სახელმწიფოსა და მთლიანად საზოგადოებას.

უსწავლელი მანდატურ-პოლიციელების პირდაპირი დანიშვნა საჯარო სკოლის დირექტორებად ხელისუფლების კიდევ ერთი ცინიკური და გამომწვევი ჟესტია საზოგადოების მიმართ. მთელი ეს აბსურდული დრამა მიმდინარეობს კიდევ უფრო აბსურდული და წარმოუდგენელი დევიზით: “მანდატური მოსწავლეს იცავს მასწავლებლისაგან!” შექმნილი ვითარება ბევრ მოსწავლეს აიძულებს, მანდატურებთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს და თანამშრომლობის გზები ეძიოს, ეს კი ძირითადად საკუთარი მეგობრებისა და მასწავლებლების დაბეზღებით მიიღწევა. საჯარო სკოლებში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ბავშვი პირდაპირ პროვოკაციასაც კი მიმართავს, რათა მანდატურის დასანახად გამოიწვიოს პედაგოგის აგრესიული რეაქცია, რაც ამ უკანასკნელისათვის საყვედურის გამოცხადების ან სულაც სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი ხდება. რა დიდი მიხვედრა უნდა იმას, რომ ასეთი უსინდისობის მსხვერპლი, როგორც წესი, მომთხოვნი და პრინციპული, ანუ საუკეთესო მასწავლებელი ხდება. მცოდნე და წესიერი პედაგოგი თავის გზას, ალბათ, მაინც მონახავს, მაგრამ რა პასუხს ვაძლევთ ათიათასობით ბავშვს, რომელსაც სკოლის მერხიდან სიმდაბლის, უსინდისობისა და უსულგულობისკენ ვუბიძგებთ?

ეს მახინჯი, ქვეყნის მომავლისათვის უკიდურესად სახიფათო მოვლენა ამხელს მმართველი პოლიტიკური ჯგუფის მანიაკალურ სურვილს, ტოტალური კონტროლის, თვალთვალისა და დაშინების ატმოსფერო დაამკვიდროს იმ სფეროშიც კი, სადაც, წესით, თავისუფალი აზროვნება, კულტურა და მორალური ფასეულობები უნდა ყალიბდებოდეს. ჩვენმა პედაგოგებმა გამოიარეს სიბნელის, სიცივის, შიმშილის წლები. ხშირად სრულიად უხელფასოდ, ავად თუ კარგად ისინი მაინც ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ ვალს. მაგრამ გაუძლებენ კი ისინი ამ ახალ სოციალური დამცირებას, მანდატურთა მუდმივი თვალთვალისა და დევნის ობიექტად ქცევას? ან რატომ უნდა მოუნდეს საღად მოაზროვნე, პატიოსან და კვალიფიციურ ახალგაზრდა სპეციალისტს სამუშაოდ წასვლა შაშკინის პოლიციურ ჯურღმულში, სადაც გამეფებულია დასმენისა და ძალადობის ატმოსფერო, აკრძალულია თავისუფალი აზროვნება, ხოლო კაცთმოყვარება და თანადგომა კი დანაშაულად ითვლება? ამიტომაც, ცოტა ხანში პედაგოგიურ კორპუსს ძირითადად უვარგისი, უცოდინარი და მორალური პრინციპების არმქონე ადამიანები შეავსებენ.

რატომ ვეგუებით ამას? იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მიკალათებულმა ათიოდე მანიაკმა არჩევნების დროს უფრო ეფექტურად შეძლოს პედაგოგებით, მოსწავლეებითა და მათი მშობლებით მანიპულირება და საკუთარი სკამის შენარჩუნება?

2010 წელი უმძიმესი აღმოჩნდა ქართული სამეცნიერო სკოლების, კვლევითი ინსტიტუტების, საერთოდ, ქართული მეცნიერებისათვის. ამ დროისათვის მეცნიერებათა აკადემია, როგორც კვლევითი დაწესებულებების სისტემა, უკვე გაუქმებული და დანგრეული იყო. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ინსტიტუტები სულს ღაფავდნენ და ძალების ზღვრული დაძაბვით ახერხებდნენ სამეცნიერო პოტენციალის, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრების მცირე ნაწილის შენარჩუნებას. 2010 წლისათვის მეცნიერებაში დასაქმებული მოსახლეობის პროცენტი უკვე 0.1-მდე იყო დაყვანილი, მეცნიერების სუბსიდირება კი ერთიანი შიდა პროდუქტის 0,3%-საც კი არ შეადგენდა. შედარებისათვის, ევროპული სტანდარტის მიხედვით, ქვეყანაში მეცნიერების განვითარებისათვის უნდა იხარჯებოდეს ქვეყნის სრული შიდა პროდუქტის 3%, ხოლო მეცნიერებაში უნდა მოღვაწეობდეს დასაქმებული მოსახლეობის მინიმუმ 0.5%, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება.

ზაფხულში ხელისუფლების მხრიდან დაიწყო ახალი შემოტევა - კვლევითი ინსტიტუტები აიძულეს შესულიყვნენ რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის შემადგენლობაში. საუბარია იმ უმაღლეს სასწავლებლებზე, რომლებშიც სახელმწიფომ უკვე პრაქტიკულად გააუქმა მეცნიერული კვლევების საბაზო დაფინასება, ხოლო სამეცნიერო-კვლევითი სექტორი ცალკეული (რაოდენობრივად ძალიან შეზღუდული) საგრანტო დაფინანსების ამარა დატოვა. გასაგებია, რასაც უქადის კვლევით ინსტიტუტებს ასეთი ძალადობრივი გაერთიანება უნივერსიტეტებთან.

სავალალო ის არის, რომ ამ ბარბაროსობას წინააღმდეგობა სულ რამდენიმე დაწესებულების სამეცნიერო საბჭომ და ადმინისტრაციამ გაუწია. დანარჩენებმა, ყასიდად შეპირებული ხელფასებისა და მოჩვენებითი კეთილდღეობის ხათრით, გაჩუმება არჩიეს, აკადემიკოსთა კლუბად ქცეულმა მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ კი, როგორც ყოველთვის, განზე გადგომა და პირში წყლის ჩაგუბება არჩია. რაღა გასაკვირია, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა და ფართო საზოგადოება ინდიფერენტულად შეხვდნენ ამ მომაკვდინებელ “ნოვაციას”.

სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, ისევე როგორც კვლევითი ინსტიტუტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები იყვნენ, საქართველოს კანონმდებლობა კი კრძალავს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უშუალო დაქვემდებარებას მეორისადმი (სხვათა შორის, თავის დროზე სწორედ ამ საბაბით იქნა დაშლილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, როგორც კვლევით დაწესებულებათა ერთიანი სისტემა). ამჯერად სხვა გამოსავალი მოიძებნა - პრემიერ-მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე კვლევით დაწესებულებებს გაუუქმდათ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, რაც პრაქტიკულად სხვა არაფერია, თუ არა მათი ლიკვიდაცია, ხოლო ინსტიტუტების კუთვნილი უძრავი ქონება სახელმწიფოს გადაეცა, როგორც ეს თავიდანვე იყო ჩაფიქრებული.

2010 წლის მიწურულს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კიდევ ერთი “სიურპრიზი” შემოგვთავაზა: სახელმწიფო უნივერსიტეტებისათვის დღემდე არსებული სტატუსის გაუქმება და მათი გადაკეთება კერძო სამართლის იურიდიულ პირებად, რომელთა დამფუძნებელიც სახელმწიფო იქნება. “რა უნდათ, რატომ არ არ ასვენებთ გამჩენი?” - იკითხავს კაცი. პასუხი მარტივია - საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის დანიშვნა ან გათავისუფლება, ასეთი დაწესებულების კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება ან ორგანიზაციის ლიკვიდაცია სახელმწიფოს იურიდიულად არ შეუძლია. სამაგიეროდ, კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ამის შესაძლებლობას იძლევა. ტოტალური კონტროლი, პირდაპირი მართვა და ქონების თავისი ჭკუით განკარგვა - ეს არის მთელი ამ “რეფორმის” ფილოსოფიაც, მისაღწევი მიზანიცა და სავარაუდო შედეგიც. ძნელი მისახვედრი არ არის, რა ბედი ელის კვლევითი ინსტიტუტების ნგრევას გადარჩენილ მცირერიცხოვან სამეცნიერო კადრებს, რომლებიც სრულიად გაურკვეველი სტატუსით არიან შეხიზნულნი უნივერსიტეტებში.

ამ “რევოლუციური ცვლილებების” შედეგად, საქართველომ დაკარგა ამიერკავკასიის კულტურულ-საგანამანათლებლო და სამეცნიერო ცენტრის ფუნქცია, რომელიც მას ჰქონდა შუა საუკუნეებშიც, XIX-XX საუკუნეების რუსულ იმპერიაშიც და საბჭოთა ოკუპაციის პირობებშიც. როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიის ხალხთა ინტელექტუალური ელიტა საქართველოში ხედავდა საკუთარი ეროვნული იდენტობისა და კულტურის დასაყრდენს. თუ კარგად ჩავუკვირდებით, რეგიონული ლიდერის პოზიციის დაკარგვა ჩვენთვის სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის ტოლფასია; კატასტროფისა, რომლის შედეგებსაც უკვე ვიმკით.

თუ ვინმეს აქამდე კიდევ რაიმე ილუზია გააჩნდა, ახლა ხომ მაინც ცხადია, რომ ხელისუფლების ყველა ეს “რეფორმატორული” მოქმედება სპობს საგანმანათლებლო-სამეცნიერო სისტემის თვითორგანიზებადი, სისტემური განვითარების ყოველგვარ შესაძლებლობას. ეს კი თითქმის შეუძლებელს ხდის მეცნიერული აზროვნებისა და, ზოგადად, აზროვნების კულტურის განვითარებას საქართველოში; ქართულ და დასავლურ საზოგადოებებს შორის ქმნის მენტალურ ზღუდეს; საბოლოოდ კი, უკვე საკმაოდ ახლო მომავალში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს სახელმწიფოებრივი ფუნქციობის შესაძლებლობას, ხოლო ქართველებს აქცევს უაზრო, არაკრეატიულ, პარაზიტ, მორჩილ და სხვის მომსახურე ადამიანთა მექანიკურ ერთობლიობად.

გასაოცარია, რომ განათლების სისტემასა და მეცნიერებაში შექმნილი კატასტროფული ვითარება ვერ გახდა მწვავე პოლიტიკური დებატების თემა, ფართო საზოგადოებრივი განსჯისა და დაფიქრების საგანი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენ საერთოდ არ ვფიქრობთ ჩვენი მომავალი თაობების, თითოეული ჩვენთაგანისა და, ზოგადად, ქვეყნის მომავალზე. სამაგიეროდ დაკავებულები ვართ კინკლაობით, ერთმანეთის ლაფში ამოსვრითა და ვიწრო, ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებით, რასაც დიდი სიამოვნებითა და თავგამოდებით ხელს უწყობს და აღვივებს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედია.

2010-მა წელმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა ის სავალალო, საზოგადოებისათვის უკიდურესად სახიფათო მდგომარეობა, რომელიც ქართულ მედიასივრცეში, განსაკუთრებით კი ელექტრონულ მედიაშია შექმნილი. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ე. წ. “ნაციონალურ” ტელეარხებზე დროის ნახევარი ეთმობა ნაცმოძრაობისა და პირადად სააკაშვილის აღვირახსნილ, ზღვარდაუდებელ პანეგირიკსა და პროპაგანდას, შეთქმულების თეორიებს, ფაქტების დამახინჯებას, მიჩქმალვასა და პირდაპირ სიცრუეს, ცალკეულ პოლიტიკურ თუ საზოგადო მოღვაწეთა დემონიზაციასა და სხვ.

საეთერო დროის მეორე, არანაკლებ სოლიდურ, ნაწილი კი ბედნიერი ცხოვრების ილუზიისა და აყვავებული ქვეყნის ვირტუალური სიმულაციისათვის არის განკუთვნილი. დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე ჩვენ ვხედავთ ჯანმრთელ, მომღიმარ მშენებლებს, მევენახეებს, მრეწველებს, პოლიციაზე შეყვარებულ წარჩინებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ვისმენთ და ვუყურებთ “მიშა მაგარიას”, პოლიციის ჰიმნის, “გამარჯობა, აფხაზეთო შენის” მაგვარ კლიპებს; კონცერტს კონცერტი ცვლის, პრეზენტაციას - პრეზენტაცია, ყველაფერი ლაქირებულია, პრიალა, შუშებში ჩასმული და სტერილური; ერთმანეთის მსგავს საავტორო გადაცემებში ტელეწამყვანები დაკავებულნი არიან ისეთი “აქტუალური საკითხების” განხილვით, როგორებიცაა: ქალიშვილობის ინსტიტუტი და გათხოვების პრობლემა, ვიღაციბის ოჯახური ცხოვრების პიკანტური დეტალები, “ცნობადი სახეების” საძინებლები, ძნელია თუ არა იყო ნაბიჭვარი, შელოცვის ძალა, ჯადოქრობა და სისხლიანი სტიგმატები აქამდე უცნობი “ღვთის რჩეულის” ტანზე და ა. შ. და ა. შ. - დაუსრულებლად. ჩვენს “წარმატებულ” საზოგადოებას ხომ მხოლოდ სექსუალური, ოკულტური და წვრილ-წვრილი ოჯახური პრობლემების მოგვარებაღა დარჩა სრული ბედნიერებისა და ჰარმონიის მისაღწევად!

ცხადია, ამ ტელენარკოტიკის ერთადერთი დანიშნულება (განათლების ჩვენებურ სისტემასთან ერთად) ის არის, რომ ვინმეს ღმერთი არ გაუწყრეს და შემთხვევით არ დაიწყოს ფიქრი, აზროვნება, არ მოითხოვოს ანგარიში, სად მიდის და რას ხმარდება ჩვენი ჯიბეებიდან გადასახადების, ათასგვარი ჯარიმებისა და საურავების მეშვეობით ამოცლილი უკანასკნელი გროშები, არ დასვას უხერხული კითხვები, ვთქვათ ასეთი: რატომ არ არის დახურული ზურაბ ჟვანიას ერთობ უცნაურ გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმე? რატომ გვხვდებიან თბილისის კაფეებსა და რესტორნებში სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილისა და სხვა ახალგაზრდების მკვლელები, ნაცვლად იმისა, რომ ციხეში ისხდნენ? რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სამ-ნახევარმილიონიანი საქართველოს 300 000 მოქალაქეს ან პატიმრობა აქვს გამოვლილი, ან ახლაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იმყოფება? პასუხისმგებლობის რა ნაწილი ეკისრება სააკაშვილსა და მის გარემოცვას რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ტერიტორიების ოკუპაციაში? რაზე მიუთითებს ხელისუფლების უმაღლეს პირთა ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოში სინგაპურის მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით? რას მოუტანს საქართველოს ირანთან უვიზო მიმოსვლის შემოღება ან ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარება? რატომ მშობიარობს ქალაქის მერის მეუღლე სხვა ქვეყნის დედაქალაქში და რა ფულით იქნა ნაქირავები თვითმფრინავი მის გულშემატკივართა ვენაში ჩასაყვანად და ა. შ.

ეს საკითხები ხელისუფლების მორჩილ ტელემედიას არ აინტერებს. ის ჩვენთვის განკუთვნილი ტელენარკოტიკის მორიგი ულუფის შექმნითაა დაკავებული. თუმცა ერთხელ, გაზაფხულზე, ერთ-ერთ არხს რეცეპტურა აერია და დასაშვებ დოზას გადაამეტა, როდესაც “მოდელირებული ქრონიკა” გვაჩვენა. ეს იმდენად საშიში, თავხედური და ცინიკური გამოწვევა იყო, რომ სააკაშვილის ნაბოძებ მილიონებს შეჩვეული უცხოელი ექსპერტები, ლობისტები და პიარ-ჯგუფებიც კი შეშფოთდნენ. რაკი საკითხი რუსეთ-საქართველოს ომს და რეგიონულ მშვიდობას ეხებოდა, საერთაშორისო სკანდალი ატყდა და სიმართლე მალე გაირკვა, მაგრამ ვინ იცის, რამდენ ასეთ “მოდელირებულ ქრონიკას” ვუყურებთ ყოველდღიურად და ვერ ვხვდებით, რა უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს. მოიძებნენ ისეთებიც, რომლებმაც ყველაფერი ჟურნალისტების დაბალ პროფესიულ დონეს მიაწერეს და სიტყვაც კი არ დაუძრავთ მორალის დეფიციტზე, მონურ მენტალიტეტზე და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა აბუჩად აგდებაზე.

სინამდვილეში კი სწორედ მორალის დეფიციტია ქართული მედიის, პოლიტიკური კლასისა და მთელი ჩვენი საზოგადოების პრობლემა, ყველა განსაცდელის წყარო და სათავე.

2011 წელს მრავალი ჩვენი თანამოქალაქე შეხვდა უარესი მომავლის შიშით, ოპოზიციის მიმართ გაჩენილი გაღიზიანებით, ხოლო ხელისუფლების მიმართ - უღონო გაბოროტებით, გულში ჩაგუბებული ბოღმითა და შურისძიების სურვილით. მაგრამ შიში და მრისხანება ყველაზე ცუდი მრჩევლები და მოკავშირეები არიან. ვინმეს გადასაგდებად, ან, მით უფრო, მოსასპობად წამოწყებული ბრძოლა მხოლოდ ბოროტებას ამრავლებს და აძლიერებს. გამსახურდიასა და შევარდნაძის ჩამოსაგდებად წამოწყებულმა მოძრაობებმა ეს თვალნათლივ დაგვანახვა. ამ გადატრიალებებისა თუ რევოლუციების შედეგად არც ქვეყანა გაძლიერებულა, არც ხალხი გამხდარა უფრო ბედნიერი და მდიდარი, არც კულტურა და მეცნიერება აყვავებულა და არც მომავალი თაობების განათლების დონე ამაღლებულა. სწორედაც რომ პირიქით. მაშ რა ვქნათ, რა წყალს მივცეთ თავი? 

პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული, დამცირებული და დამშეული გერმანელები ეროვნული თავმოყვარეობის აღდგენასა და შურისძიებაზე ფიქრობდნენ. და სწორედ მაშინ, ამ დიდი კულტურისა და ისტორიის მქონე ხალხმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა - თავისი ბედი და მომავალი ქარიზმატულ გმირს, მანიაკალური მიდრეკილებების ლიდერს მიანდო. ის, რაც ადოლფ ჰიტლერმა ჩაიდინა საკუთარი ხალხისა და მსოფლიოს წინაშე, ყველასთვის კარგადაა ცნობილი. მაგრამ ნანგრევებისა და ფერფლის გროვად ქცეული ქვეყანა ვერ გახდებოდა თანამედროვე, დემოკრატიული, ძლიერი და აყვავებული სახელმწიფო, გერმანელებს ისევ ახალი მესიის ძებნა რომ დაეწყოთ და შურისძიების სტიქიისათვის მიეცათ ასპარეზი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ დიდმა ერმა საკუთარი შეცდომა აღარ გაიმეორა, გარეული და შინაური მტრების ძებნა არ დაიწყო და მომხდარ ტრაგედიაში საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, პირუთვნელი შეფასება და მონანიება მოახერხა. ახალი გერმანიის შენება არ დაწყებულა ვინმეს ჯიბრზე, ვიღაცისათვის სამაგიეროს გადასახდელად ან დასათრგუნად. 

იქნებ, ჩვენც გერმანელებს მივბაძოთ და საკუთარი შეცდომებისა თუ დანაშაულის გაანალიზება-აღიარება მოვახერხოთ. ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა მიშა კი არ არის (ასეთები მრავლად მოიძებნებიან), არამედ ჩვენი ბოღმა და ცოფია, რომელიც საშუალებას აძლევს უკანასკნელ ვიგინდარას, მანიაკსა და სადისტს სათავეში მოექცეს ქვეყანას მისგან გამომდინარე ყველა შედეგით. 

პირველ რიგში, ჩვენ, მთელი საზოგადოება, თითოეული აქ მცხოვრები ადამიანი, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, თუ რისთვის, რა იდეალებისათვის, როგორი მომავლისათვის ვიბრძვით. კარგად გავიაზროთ და დავარწმუნოთ საკუთარი თავიც, დღეს ხელისუფლებაში მყოფი ხალხიც და საერთაშორისო საზოგადოებრიობაც, რომ ჩვენი ბრძოლის მიზანი არ არის ერთი უსამართლობისა და პარანოიის მეორით ჩანაცვლება; ჩვენი ბრძოლის შედეგი მჩაგვრელებსა და ჩაგრულებს შორის ადგილების უბრალო გაცვლა კი არ იქნება, არამედ ბუნებით სამართალთან თანხმობაში მყოფი კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა. ჩვენ ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ აღარ გვსურს ვიყოთ ჩაგრულები, მაგრამ ასევე მთელი გულით გვინდა, რომ არც ის იყოს მჩაგვრელის როლში, ვისაც დღეს პოლიტიკური დაკვეთისა და დანაშაულებრივი ბრძანებების აღსრულება უწევს, ჩვენ იმისთვისაც ვიბრძვით, რომ ისინი გავათავისუფლოთ ამ სამარცხვინო როლისაგან. ჩვენი ბრძოლის კიდევ ერთი (იქნებ, უმთავრესი) მიზანი კლასიკურ ევროპულ ტრადიციასთან დაბრუნებაა, რაც ანტიკური (ბერძნულ-რომაული) სიბრძნისმეტყველების, ქრისტიანული ეთიკისა და კლასიკური ლიბერალიზმის უმთავრესი ფასეულობის - ადამიანის - პიროვნული თავისუფლების სინთეზია. ეს ჩვენი ორგანული გარემო და სტიქიაა, რასაც “ვეფხისტყაოსანთან”, ვაჟა-ფშაველასთან და XIX საუკუნის კლასიკური ლიბერალიზმის მედროშის, ილია ჭავჭავაძის, ნააზრევთან მივყავართ. სასიხარულოა, რომ საზოგადოებრივ სექტორში ამ მიმართულებით ფიქრი და მუშაობა უკვე დაწყებულია. 

თუ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში სასიკეთო ცვლილება განხორციელდეს, ამისთვის, უპირველს ყოვლისა, თავი უნდა დავაღწიოთ მიმდინარე მომენტისა და კონიუნქტურის ტყვეობას, კარგად გავიაზროთ ჩვენი წარსული, ჩვენი როლი და ადგილი დღევანდელ სამყაროში, იდეალები, რომლებისთვისაც ღირს თავის გაწირვა და მაშინ საზოგადოება შეძლებს გაჯანსაღებას, გაერთიანებას, პოლიტიკური ძალებისათვის სწორი და გასაგები დაკვეთის მიცემასა და სანუკვარი მიზნის მიღწევას.