პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში არჩევნებამდე მილიარდობით რუსული ფული შემოვიდა, რაც ევროინტეგრაციის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არჩევნებამდე მილიარდობით რუსული ფული შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, სიტუაცია კი, რომელიც შეიქმნა, არის ის, რომ საქართველომ გზიდან გადაუხვიოს არა პოლიტიკური განცხადებებით, არამედ იმ ფაქტის დემონსტრირებით, რომ ქვეყანაში არის შიდა პრობლემები. ეს კი აბრკოლებს ევროინტეგრაციას, რაც პირადად ჩემთვის ტრაგიკულია, რადგან ბევრი რამ მაქვს ამ პროცესში ჩადებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოს პრობლემები გასული წლის შემდეგ შეექმნა, რაც სამწუხაროა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ ეს დროებითია და დიდხანს არ გაგრძელდება.
„ეს არა მხოლოდ შიდა პრობლემების ბრალია, არამედ იმის, რაც ხდება რეგიონში. რუსეთმა გამოიყენა ყველა საშუალება - ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო. ომისა და ემბარგოს შემდეგ, ზეგავლენის ახალი მცდელობა იყო ქართულ პოლიტიკაში დემოკრატიული გზით მოხვედრა. ეს მოხდა ჩემს ქვეყანაში, მანამდე კი უკრაინაში. ვფიქრობ, ამ რისკის წინაშე დგანან ჩემი მოლდოველი მეგობრებიც. ვფიქრობ, საუკეთესო რეცეპტი იქნება ის, რომ რაც უნდა გააკეთონ მათ, წავიდეთ წინ, მოვახდინოთ ინტეგრაცია, შევქმნათ დემოკრატია, გავაძლიეროთ ახალგაზრდობა და აღარ მოვიხედოთ უკან. ვინც წარსულისკენ ცდილობს ჩვენს წაყვანას, თავად არ აქვს მომავალი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ მისი ეს განცხადებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკომისრის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულეს პოზიციასთან, რომელიც მან ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაზე დააფიქსირა.
ფულეს თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით არის ორი მითი. პირველი მითი არის ის, რომ საქართველოს წარმატების შანსები ვილნიუსში ძალიან დაბალია და, რომ საქართველო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არ აგრძელებს მის განსაზღვრულ გზას - ევროპულ და დემოკრატიულ რეფორმებზე ორიენტირებულ გზას.
„ეს არის მითი და საჭიროა ამ მითის დანგრევა. მეორე მითი არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო წარსულის მემკვიდრეობაზე და, რომ ევროკავშირი არ არის საკმაოდ აქტიური და არ აღიქვამს იმ პროცესებს, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ეს არ არის სიმართლე, რადგან ჩვენ ვაკვირდებით ყველა საქმიანობას საქართველოში. ყველა პროცესი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. სტანდარტები და ღირებულებები უნდა იყოს შესრულებული, რათა ერთად მივაღწიოთ წარმატებას. ორი მიზანი - საქართველოს ვილნიუსის სამიტზე წარმატება და მის მემკვიდრეობასთან გამკლავება, არ უნდა იყოს წინააღმდეგობაში ერთმანეთთან. ესეც, ჩემი თვალსაზრისით, მითი იქნებოდა“, - განაცხადა შტეფან ფულემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად კვაჭანტირაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მორიგ ტყუილს უწოდებს, როგორებსაც მისგან საზოგადოება წლების განმავლობაში უკვე შეჩვეულია. თუმცა, აქვე დეპუტატი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ამ ტყუილებს და საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით ატეხილ მითქმა-მოთქმას და ჭორებს საბოლოოდ წერტილი დაუსვა ევროკომისარ ფულეს მიერ დღეს გაკეთებულმა განცხადებამ.
„შტეფან ფულემ თქვა, რომ ეს მითებია და არ არსებობს საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის არანაირი დამაბრკოლებელი გარემოებები. არანაირი რუსული ფული საქართველოში არ შემოსულა. ეს ფული რომ შემოსულიყო, შეიძლება დღეს რუსეთთან ურთიერთობებში რაღაც სერიოზული პროგრესი გვქონოდა. საქართველოს მოსახლეობას დავპირდით, რომ რუსეთთან ურთიერთობას დავალაგებთ და ეს ქართველი ხალხის სურვილიცაა. ამიტომ ჩვენ ამ დანაპირებს აუცილებლად შევასრულებთ“, - ამბობს ზვიად კვაჭანტირაძე.
თუმცა მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის კურსს გადაუხვევს. დეპუტატი ამბობს, რომ სააკაშვილი ცდილობს კალენდარი შეცვალოს, რადგან ცდილობს ვილნიუსის სამიტზე პრეზიდენტის რანგში მოხვედრას, მაგრამ რეალობას ვერსად გაექცევა, ამ დროისთვის საქართველოს უკვე ახალი პრეზიდენტი ეყოლება და ქვეყანა განვითარებისკენ წავა. კვაჭანტირაძის თქმით, კოაბიტაცია სააკაშვილთან ვერანაირად ვერ ხერხდება და ის დღევანდელ მთავრობას საქმიანობაში ხელს უშლის. პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას დეპუტატი სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ ამ გამოსვლით სააკაშვილმა ქვეყანას სერიოზული ზიანი მიაყენა, თუმცა ზვიად კვაჭანტირაძე აღნიშნავს, რომ ბათუმში მიმდინარე კონფერენცია ევროპაში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იყო და ეს ყველა გამომსვლელმა (ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა) აღნიშნა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრი, გია ვოლსკი for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ძალიან უნდა, ვილნიუსის სამიტზე პრეზიდენტის რანგში ჩავიდეს, მაგრამ ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩიხშია შესული. დეპუტატმა ჩამოთვალა ის თემები, რომელთა გამოც სააკაშვილი სერიოზულ სკანდალშია გახვეული. ესენია გაეროს ანგარიში, სადაც საქართველო ნარკოტრანზიტის ქვეყნად დასახელდა (რაც ქვეყნისათვის თავისმომჭრელია), ასევე სამეგრელოში აღმოჩენილი ფარული ჩანაწერები, სადაც დეპუტატის თქმით, სააკაშვილის ხელიც იგრძნობა, ციხის ცნობილი კადრები და ა.შ. ამიტომ ვოლსკის თქმით, ერთადერთი, რაც სააკაშვილს დარჩა, ეს არის ტყუილები.
„ასეთ დროს სააკაშვილი ქვეყანაზე არ ფიქრობს, არ ფიქრობს იმაზე, რომ საქართველოს რენომეს ზიანს აყენებს. ვინმემ რომ დაიჯეროს და გადაწყვიტოს, რომ ქვეყანაში მართლაც ასეთი სიტუაციაა შექმნილი? - მაგრამ ის ამაზე არ ფიქრობს, მისი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ვილნიუსის სამიტი იყოს მისი სამარცხვინო პოლიტიკური კარიერის დასასრული“, - აღნიშნავს გია ვოლსკი.
მისი თქმით, ვინაიდან სააკაშვილის კარიერა სრულდება, ხდება მისი ქმედებების შეფასება, განსაკუთრებით საპრეზიდენტო კარიერის ბოლო პერიოდისა. დეპუტატი ამბობს, რომ, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს საქართველოსათვის ზიანის მიყენება სურს, მაგრამ დასავლეთში მის პოზიციებს არ იზიარებენ, იქ სულ სხვაგვარი განწყობებია და ამიტომ პრეზიდენტი ასეთი გამოსვლებით მიზანს ვერ მიაღწევს.
პარლამენტის საგარეო ურთერთობათა კომიტეტის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც სააკაშვილმა თქვა, რომ ვილნსიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულება დღის წერსიგში აღარ დგას. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ავიწყდება, რომ იგი უკვე აღარ დგას საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგში. ამიტომ, იგი ვეღარ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და მით უმეტეს იმაზე, თუ რა ტემპებით მოახდენს ჩვენი ქვეყანა ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას.
„მიხეილ სააკაშვილი დღეს არის დაკავებული ელემენტარული პროვოკაციით, სიცრუის გავრცელებით და საერთაშორისო დონეზე ჭორაობით, რადგან მას არავითარი საფუძველი არ აქვს, თქვას, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეჩერებულია. უფრო მეტიც, დღეს კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ ევროკომისარმა შტეფან ფულემ თქვა, რომ გაქარწყლდა მითი იმის შესახებ, თითქოს, საქართველო ევროპას დაშორდა. ეს თქვა ადამიანმა, რომელიც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი“, - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.