დავით მაღრაძეს და ნიკუშა შენგელაიას  ორდენი გადაეცემათ

დავით მაღრაძეს და ნიკუშა შენგელაიას ორდენი გადაეცემათ

13 ივლისს, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ქართველ პოეტს, დავით მაღრაძეს და მხატვარს, ნიკუშა შენგელაიას საქართველოს მეფე დავით ბაგრატიონი გადასცემს - საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენს. აღსანიშნავია, რომ ორდენი დავით მაღრაძეს და ნიკუშა შენგელაიას  თავისუფლებისათვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისათვის გადაეცემათ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაციონალებთან ბრძოლაში ცალკეული ხელოვანები კონფორმისტობას არჩევდნენ და თავს იმართლებდნენ, პოლიტიკაში არ ვერევითო, დავით მაღრაძეს და ნიკუშა შენგელაიას არაერთ საპროტესტო აქციაზე დაუფიქსირებიათ თავიანთი აზრი იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდებოდა.

უფრო მეტიც, ერთი პერიოდი დავით მაღრაძე მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ედგა სათავეში და საქართველოს გადასარჩენად რეკომენდაციებს საზოგადოებასა და ექსპერტებს უზიარებდა. მის გეგმას კი „ახალი ქართული კონსერვატიზმი“ ერქვა, რაც ევროპულ კლასიკურ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს ეფუძნებოდა.

იმ დროს დავით მაღრაძე აცხადებდა, რომ კლასიკური ევროპული ტრადიცია სამ სიმბოლურ ქალაქზე დგას - 1. ათენი, როგორც ცოდნის კლასიკური გამოხატულება; 2. იერუსალიმი, როგორც რწმენა და 3. რომი, როგორც რწმენისა და ცოდნის უნივერსალური სინთეზი და, ამავე დროს, როგორც კლასიკური სამართლის სივრცე. მისი თქმით, ქართულ კულტურულ სივრცეში  სწორედ ამ სამი სიმბოლური ქალაქის -ათენის, იერუსალიმისა და რომის -სიმფონია-ჰარმონიზაცია იყო წარმოდგენილი და ამ ჰარმონიის გამოხატულებას გელათი წარმოადგენდა. ახალი ქართული კონსერვატიზმის კრედო კი ასეთნაირად შეიძლება გამოიხატოს: ანტიკური სიბრძნე, ქრისტიანული ზნეობა, კლასიკური განათლება და თავისუფალი პიროვნება.

დღეს დავით მაღრაძე  For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მან, ისევე, როგორც ნიკუშა შენგელაიამ, მოკრძალებული წვლილი შეიტანეს რეჟიმთან ბრძოლაში და ეს რეჟიმი არჩევნების გზით დამარცხდა.

„ზოგადად ეს იყო უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, თანაც ისეთ დესპოტურ რეჟიმთან, როგორიც იყო „ნაციონალური მოძრაობა“. ათასობით წამების ფაქტი, ალბათ, ყველამ იხილა და, რასაკვირველია, ბაგრატიონთა სამეფო სახლმაც სამართლიანობისთვის ბრძოლაში ქართველ ხალხს უთანაგრძნეს და ეს ორდენებიც ამის გამოხატულებაა. მათ ბრძოლას უთანაგრძნეს და არა - ერთ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას. ეს იყო ჩვენი მოკრძალებული წვლილი, რომელმაც გამოხატულება ჰპოვა ბაგრატიონების სახლიდან“, - აღნიშნა დავით მაღრაძემ.  

მისივე თქმით, პირადად მას სამეფო სახლთან ურთიერთობის მცირეოდენი გამოცდილება ადრეც ჰქონია, რადგან იგი ბურბონების წმინდა გიორგის ორდენის კავალერია. კერძოდ, სამეფო სახლის მეთაურმა უგო კარლოს ბურბონმა, რომელიც მაშინ ცოცხალი იყო, პირადად დავით მაღრაძეს გადასცა წმინდა გიორგის ორდენი და რაინდთა პირველი ხარისხის ტიტული ლიტერატურაში შეტანილი ღვაწლისთვის. ამ ცერემონიალს კარდინალებიც ესწრებოდნენ.

ამჟამად კი, პოეტის თქმით, სამეფო სახლმა, სასულიერო პირებმა, გლეხმა, ექიმმა თუ პედაგოგმა, ყველამ აღიარა, რომ ჩვენ მოძალადე რეჟიმის პირობებში გვიწევდა ცხოვრება. ამდენად, დავით მაღრაძე მიიჩნევს, რომ ესპანერთში რეალურად იცოდნენ, რაც ხდებოდა საქართველოში და რა რეჟიმიც მოვიშორეთ. აღნიშნული ორდენის გადაცემის ფაქტიც ამას მიუთითებს.

დავით მაღრაძე აცხადებს, რომ, სურვილის მიუხედავად, პირადად იგი ვერ დაესწრება დაჯილდოვების ცერემონიალს. თუმცა, მას გამოუგზავნიან ამ საპატიო მედალს. ნიკოლოზ შენგელაია კი ვალენსიაში უშუალოდ მიიღებს ცერემონიალში მონაწილეობას.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ დავით ბაგრატიონიც თანაუგრძნობს არა მხოლოდ ოპოზიციას, რომლებიც იბრძოდნენ ნაციონალების რეჟიმის მოსაშორებლად, არამედ „ქართულ ოცნებასაც“ და, თუ არის იმის ნიშნები, რომ ისიც ჩამოვიდეს საქართველოში?! ამის შესახებ დავით მაღრაძე აცხადებს, რომ დავით ბაგრატიონის მიზნების შესახებ მან არ იცის და ვერც იმას დააზუსტებს, კონკრეტულად „ქართულ ოცნებას“ თანაუგრძნობს თუ არა დავით ბაგრატიონი. თუმცა იგი აცხადებს, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ წევრები არც თავად არის და არც ნიკუშა შენგელაია.