ამერიკის ეროვნულ - დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა 12-დან 26 ივნისის პერიოდშია ჩატარებული და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2 338 ადამიანი გამოიკითხა.
NDI - საქართველოს ოფისის დირექტორის, ლუის ნავაროს თქმით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.
„საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტები არ შეცვლილა და უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვენლოვან ცვლილებებს ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინა კვლევასთან შედარებით იკლო იმ ადამიანთა პროცენტულმა მაჩვენებელმა, ვინც მიიჩნევდა, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა, გამოკითხულთა უმეტესობა პოზიტიურად არის განწყობილი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ“, - აღნიშნავს ნავარო.
კვლევის თანახმად, ეროვნულ საკითხებს შორის მოსახლეობისთვის კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურეობა, სიღარიბე და ა.შ. ხოლო როდესაც ეროვნულ საკითხებს შორის მხოლოდ სამი პასუხია მისაღები, ასეთ კითხვაზე გამოკითხულთა უმეტესობისთვის მნიშვნელოვანია ნატოში გაწევრიანება, სამართლიანი არჩევნები, სიტყვის თავისუფლება.
გამოკითხულთა 41% თვლის, რომ გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა პენსიებთან დაკავშირებით, 39%-ის აზრით - ციხეებში პატიმრების მდგომარეობის მიმართულებით, 38%-ი მიიჩნევს, რომ სამართლიანი არჩევნების კუთხით, 37%-ის აზრით - სიტყვის თავისუფლების მიმართულებით, 27%-ის აზრით - სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის კუთხით.
გამოკითხულთა 74% თვლის, რომ ვითარება გაუარესდა, ტეროტორიული მთლიანობის კუთხით, 73%-ის აზრით, ნატოში გაწევრიანების მიმართულებით, 72%-ის აზრით - ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, 66%-ის აზრით - სამუშაო ადგილებისა და ინფლაციის მიმართულებით. ამასთანავე, კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობა მაინც მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები არსებულ პრობლემებს სათანადოდ განიხილავენ.
ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად გამოკითხულთა უმეტესობა (44%) კომუნალური მომსახურების ღირებულებას მიიჩნევს, თუმცა წინა კვლევებთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია. ასევე ამ პრობლემებს შორის არის გზების საკითხი, გაზმომარაგება, ადგილობრივი სამედიცინო მომსახურების არსებობა, ტრანსპორტის ღირებულება.
გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ადგილობრივ საკითხებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვითარება უკეთესობისკენ არ შეცვლილა და მხოლოდ რამდენიმე სფეროშია ამ მხრივ ცვლილებები. ესენია კომუნალური მომსახურების ღირებულება (32%), სახელმძღვანელოების ღირებულება (26%).
გამოკითხულთა 68% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა კვლევასთან შედარებით შემცირებულია და გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს დასაქმებულად მიიჩნევს (28-დან 32%-მდე). დაუსაქმებელთა 44% ეძებს სამსახურს, 20% პენსიონერია და სამსახურით დაინტერესებული არ არის, ხოლო 12% დიასახლისია.
კვლევაში მონაწილეთა 45% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 30%-ის აზრით, ქვეყანა საერთოდ არ იცვლება. წინა კვლევის შედეგების მიხედვით კი ეს მაჩვენებლები ასე იყო გადანაწილებული - 58% თვლიდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 18% მიიჩნევდა, რომ საერთოდ არ იცვლება.
გამოკითხულთა 46% თვლის, რომ ამჟამად საქართველოში დემოკრატია არ არის, ხოლო 38% მიიჩნევს, რომ არის. 33%-ის აზრით, საქართველო დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებებს, 32%-ის აზრით კი საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ამ მიმართულებით ვითარდება. 56%-ისთვის დემოკრატია არის სიტყვის თავისუფლება, 40%-ისთვის კანონის წინაშე თანასწორობა, 33%-ისთვის კი ადამიანის უფლებების დაცვა.
გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. კითხვაზე - როდესაც ფიქრობთ უმცირესობის ჯგუფებზე, რომელი ჯგუფები გახსენდებათ პირველ რიგში? გამოკითხულთა 22% პასუხობს, რომ ახსენდება რელიგიური უმცირესობები, 21%-ს - ეთნიკური უმცირესობები, 20%-ს - სექსუალური უმცირესობები, 19%-ს იძულებით გადაადგილებული პირები, ხოლო 15%-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით გამოკითხულთა უმრავლესობა (შესაბამისად 54% და 57%) მიიჩნევს, რომ მათი უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, ხოლო სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით მხოლოდ 16% ფიქრობს ასე, სამაგიეროდ 52% მიიჩნევს, რომ მათი უფლებების დაცვა უმნიშვნელოა.
კითხვაზე - რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას: საპარლამენტო ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში იყოს, ის თქვენთვის აუცილებელ ცვლილებებს განახორციელებდა? გამოკითხულთა 22% დადებითად პასუხობს, ხოლო 51% - უარყოფითად.
გამოკითხულთა 48% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა ჯანდაცვის რეფორმა, 31%-ის აზრით - სოფლის მეურნეობის რეფორმა, 30% ის აზრით - განათლების რეფორმა, ხოლო 28%-ის აზრით - შრომის კოდექსის რეფორმა, თუმცა უახლოეს 6 თვეში ამ რეფორმების განხორციელებას გამოკითხულთა გაცილებით ნაკლები პროცენტი ელის.
კვლევაში მონაწილეთა 26% მიიჩნევს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარების ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორია ამომრჩევლის მოსყიდვა, 21%-ის აზრით - ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები, ხოლო 20%-ის აზრით - ამომრჩეველთა შევიწროვება.
გამოკითხულთა 96%-ისთვის ცნობილია, რომ ვანო მერაბიშვილი დაკავებულია და მათ შორის 51% მიიჩნევს, რომ მისი დაკავება მიუკერძოებელი გამოძიების შედეგია, ხოლო 18%-ის აზრით დაკავების მოტივი პოლიტიკურია.
კვლევაში მონაწილეთა 83%-ისთვის (თბილისში კი 92%-ისთვის) ცნობილია, რომ 17 მაისს ჩატარდა აქცია, რომელიც სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციას აპროტესტებდა, 79% ამ აქციის ჩატარებას არ ამართლებს, სამაგიეროდ 52% ამართლებს კონტრაქციის ჩატარებას. 71%-ისთვის ცნობილია, რომ კონტრაქციის წევრებმა პოლიციის მიერ ორ ჯგუფს შორის გაკეთებული კორდონი გაარღვიეს და 46% (თბილისში 58%) ამ ქმედებას არ ამართლებს, მას მხოლოდ 30% მიიჩნევს გამართლებულად. გამოკითხულთა 70%-ისთვის ცნობილია, რომ კონტრაქციის მონაწილეებმა სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერთა წინააღმდეგ გარკვეული ქმედებები განახორციელეს და დემონსტრანტებს და პოლიციელებს დაზიანებები მიაყენეს. ამ ქმედებას 49% (თბილისში 58%) არ ამართლებს და მხოლოდ 25% მიიჩნევს გამართლებულად. 74%-ისთვის ცნობილია, რომ კონტრაქციის წევრებზე, მათ შორის მღვდლებზე პროკურატურამ ამის გამო გამოძიება დაიწყო და 46% (თბილისში 54%) ხელისუფლების მიერ გამოძიების დაწყებას ამართლებს. 51% კი მიიჩნევს, რომ კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, მათ შორის მღვდლებმა.
კითხვაზე - პირადად თქვენ იცნობთ თუ არა ვინმეს, ვინც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სახელმწიფო სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო დაითხოვეს? გამოკითხულთა 75% ამბობს, რომ არა და მხოლოდ 16%-ს აქვს დადებითი პასუხი.
გამოკითხულთა 37%-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, 34% მიიჩნევს, რომ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია, ხოლო 20%-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. 63%-ს საქართველოს რუსეთთან ამჟამინდელი ურთიერთობა არ მოსწონს. გამოკითხულთა უმეტესობისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი (79%) და ნატოს წევრი (73%), ასევე 61% რუსეთთან აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის მომხრეა. გამოკითხულთა უმეტესობამ (51% არ იცის, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი, 10% თვლის, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ხოლო 23%-ის აზრით, ეს 2016 წლის შემდეგ მოხდება.
რაც შეეხება მედიას, გამოკითხულთა უმეტესობა (87%) კვლავ აცხადებს, რომ პოლიტიკის და მიმდინარე მოვლენების შესახებ ტელევიზიის მეშვეობით იღებს ინფორმაციას, თუმცა გარკვეული ცვლილებაა ინტერნეტის მეშვეობით მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მიმღებთა რაოდენობაში. კერძოდ, თუ მათი რიცხვი წინა კვლევის დროს (მარტში) 4% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 8%-მდეა გაზრდილი. ყველაზე მეტი ადამიანი პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას კვლავ ტელეკომპანიების „რუსთავი2“ (85%) და „იმედი“ (84%) იღებენ ინფორმაციას. ასევე წინა კვლევასთან შედარებით გაიზარდა ამ კატეგორიაში „მაესტროს“ მაყურებელთა რიცხვი (40-დან 48%-მდე), ხოლო „პირველ არხისა“ და „მეცხრე არხის“ შესაბამისი მაჩვენებელი შემცირდა. გამოკითხულთა უმეტესობა (47%) მიიჩნევს, რომ „რუსთავი2“ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს გამოხატავს, 38%-ის აზრით, „იმედი“ არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს არ ემსახურება, 18%-ის აზრით, პირველი არხი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს გამოხატავს და 29%-ის აზრით, „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ „ქართული ოცნების“ ინტერესებს გამოხატავენ.
გამოკითხულთა უმეტესობა პოლიტიკაზე ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და მეზობლებთა საუბრობს და ასევე ამ მხრივ აქტუალურია საუბრები ე.წ. „ბირჟაზე“ და სუფრასთან.
გამოკითხულთა 88% აცხადებს, რომ ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში რელიგიური მრწამსი მნიშვნელოვანია, თუმცა მათგან მხოლოდ 18% ესწრება რელიგიურ მსახურებას კვირაში ერთხელ, 22% თვეში ერთხელ მაინც, ხოლო 21% - მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულებზე.