ქართული დელეგაცია ავღანეთში ქართულ ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო (ვიდეო)

ქართული დელეგაცია ავღანეთში ქართულ ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ერთი კვირის განმავლობაში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან დოლიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ ქაბულში დისლოცირებული ოცეული და ჰელმანდის პროვინციაში განლაგებული 33-ე და 42-ე ბატალიონები მოინახულეს. სამინისტროს დელეგაცია დეტალურად გაეცნო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ქართულ ბაზებზე ჩატარებულ უკვე დასრულებულ და მიმდინარე საინჟინრო სამუშაოებს. ISAF-ის მისიაში მომსახურე სამხედროებმა მათ ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ პირადად მიაწოდეს ინფორმაცია.

ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძის თქმით, ქართველი სამხედროების მოტივაცია ძალიან მაღალია და ისინი მზად არიან მათზე დაკისრებული ამოცანა წარმატებით შეასრულონ. "ჩვენი აქ ყოფნის მთავარი მიზეზია შევამოწმოთ ჩვენი დანაყოფების მზადყოფნა როტაციისათვის. ასევე, გავეცანით საფორთიფიკაციო და საინჟინრო გაძლიერებით სამუშაოებს, რომელიც განხორციელდა ყველასთვის ცნობილი ინციდენტის შემდეგ. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ტიპის საფრთხისაგან აღნიშნული ბაზები თითქმის 100%-ით არის დაცული. თუმცა, ბაზების დამატებითი უსაფრთხოების გასაძლიერებლად კვლავ გრძელდება სამუშაოები."

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა რეგიონალური სარდლობა-სამხრეთ დასავლეთის მეთაურთან გენერალ-მაიორ ვოლტერ მილერთან, ტაქტიკური დაჯგუფება ბელავუდის მეთაურთან პოლკოვნიკ ჯეიმს სტოპასთან, მე-7 საბრძოლო პოლკის მეთაურთან პოლკოვნიკ ოსტინ რენფორდთან და შტაბის უფროს ვიცე-პოლკოვნიკ კრისტიან რანკინთან. მხარეებმა ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კოალიციის სარდლობამ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების და ჩვენი შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატოს ფარგლებში პარტნიორ სახელმწიფოებთან იზრდება და ჩვენი სამხედროები უმაღლეს დონეზე ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს. ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები გვქონდა ISAF-ის ხელმძღვანელობასთან, რათა ჩვენი სამხედრო ქვედანაყოფების დამატებითი უსაფრთხოებისათვის ყველა საჭირო ზომა იქნას მიღებული"- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ ლევან დოლიძემ.

სამშვიდობო მისიას ავღანეთში 1600-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე ასრულებს. ქართველი სამხედროები აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობაა.