პრემიერ-მინისტრის მიმართვა და საპრეზიდენტო არჩევნები

პრემიერ-მინისტრის მიმართვა და საპრეზიდენტო არჩევნები

პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა, სადაც იგი მიმართავს როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ასევე ქართულს მედიას და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსაც. პრემიერმა გამოხატა სურვილი და მზადყოფნა, რომ საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, რომელიც ხალხის ნებას ასახავს და ამ პროცესში არ უნდა იყოს ჩართული ადმინისტრაციული რესურსი, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა ხოლმე.

პრემიერის სურვილია დადგინდეს ახალი სტანდარტები, რომლის მიხედვითაც მმართველი პოლიტიკური ძალა ჩაყენებული იქნება ზუსტად იგივე პირობებში, როგორშიც სხვა ყველა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტი და დასრულდება მრავალწლიანი ტრადიცია, როდესაც ყველაფერი ეპატიებოდა მმართველ პოლიტიკურ პარტიას, ხოლო ოპოზიციას, რომლის წინააღმდეგაც ჩართული იყო ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, არ ეძლეოდა ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება.

აღსანიშნავია, რომ პრემიერმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა დააკისრა საკუთარ გუნდს ამ არჩევნების დემოკრატიულად და თანაბარ პირობებში ჩატარებაზე და შესაბამისად, მიმართა ძალოვან სტრუქტურებს. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრი, რომლისთვისაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საკუთარი პოლიტიკური გუნდის წარმატება, პირველ რიგში აყენებს არა შედეგს, არამედ პროცესს - რამდენად გამჭირვალედ და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები.

„ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების ამბიცია და სურვილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბიცია და სურვილი - საქართველოში ჩატარდეს სამაგალითოდ სუფთა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები... უნდა დასრულდეს სახელისუფლო რესურსების გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ხელისუფლება არის ყველა მოქალაქის, ამიტომ ყველა რესურსი მიმართული იქნება არა რომელიმე კანდიდატის გასამარჯვებლად, არამედ თავისუფალი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან მიმართა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებულ და სხვა პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც წლების განმავლობაში, იყვნენ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი, რომ ამ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მმართველმა გუნდმა დაამტკიცოს, რომ სამაგიეროს გადახდა არ არის მათი პრინციპი, მათი პრინციპებია თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ოპონენტის პატივისცემა.

„მივმართავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც არ ყოფილან დანაშაულებრივი სისტემის მონაწილე, - გამოიყენეთ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც უკანონობასთან გამიჯვნისა და ღირსეული პოლიტიკური მომავლის შანსი. თქვენ საკუთარ მაგალითზე ყველაზე უკეთ შეგიძლიათ წარმოაჩინოთ, თუ როგორ იყრება წყალში ქვეყნისათვის სამსახურის ყველა მცდელობა, როდესაც იმავდროულად, ერთპიროვნული მმართველობა მკვიდრდება, ძალაუფლება კანონის ჩარჩოებს სცდება და განსხვავებული აზრი იდევნება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე მიმართა სამართალდამცავ უწყებებს – მკაფიოდ დასაბუთებული უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ დანაშაულში მხილებულ იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და დაკავებისაგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში. პრემიერის თქმით, ხელისუფლების პრიორიტეტია ყველა დამნაშავის განსასჯელის სკამზე დასმა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში, უფრო მაღალი პრიორიტეტია პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფა.

ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებსაც მიმართა - ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, ობიექტურად და მიუკერძოებლად მიაწოდონ საზოგადოებას სრული და დაბალანსებული ინფორმაცია საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ. მისი თქმით, ეს პროცესი იმასაც ნათლად დაგვანახებს, თუ რომელი ტელეკომპანია, გაზეთი თუ ჟურნალისტი ახერხებს სახელისუფლებო წნეხისაგან გათავისუფლებული მედიის სიკეთეებით სარგებლობას და ვინ ამჯობინებს პროპაგანდის იარაღად დარჩენას.

„მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, - დღეიდანვე, რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური დამკვირვებელი ჩართონ საარჩევნო პროცესის მონიტორინგში და დროულად მოგვაწოდონ მათი შენიშვნები და რეკომენდაციები“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

მისი მიმართვა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულემ შეაფასა. ფულეს თქმით, როდესაც საუბარია არჩევნებზე, აუცილებლად უნდა იყოს ნახსენები საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში გამჭვირვალედ და თავისუფლად ჩატარდა.

„ეს იყო პირველად საქართელოს ისტორიაში, როდესაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება დემოკრატიის ფარგლებში. ეჭვიც არ მეპარება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ზუსტად ასე ჩატარდება და კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოში დემოკრატია“, - განაცხადა შტეფან ფულემ.

მისი თქმით, ძალიან აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ მიმართავს, რომელიც მისი თქმით, სწორ ფოკუსს ქმნის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ერთ-ერთი დასტური არის ხოლმე საერთაშორისო საზოგადოების შეფასებები, ანუ დასავლელი პარტნიორების სიტყვა იქნება გადამწყვეტი და ამიტომ, სწორი იყო პრემიერ-მინისტრის საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვა.

„სააკაშვილი ახერხებდა იმას, რომ ეთქვა ერთი და გაეკეთებინა მეორე და რადგან მის მიერ ჩატარებული არაერთი არჩევნები ვნახეთ, ამიტომ, მისი სიტყვები სარწმუნოდ აღარ მიგვაჩნდა ხოლმე.

ვინაიდან მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ახალი ხელისუფლების მიერ ორგანიზებული პირველი არჩევნები იქნება, ამიტომ ამ არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება იმის დასტური იქნება, რომ მმართველ გუნდს მართლაც დასავლური ღირებულებები გააჩნია. მითუმეტეს, ოპოზიცია ჰყავს ისეთი, რომელიც დასავლეთში სრულიად საწინააღმდეგო ვერსიას ავრცელებს. ასე რომ, ეს არჩევნები, ალბათ, ამ ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირების მორიგი არენა გახდება“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, ამ დაპირისპირებაში მმართველ ძალას შეუძლია მხოლოდ სიმართლით გაიმარჯვოს.

რაც შეეხება მედიისთვის მიმართვას, ამაზე for.ge რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარეს, ია მამალაძეს ესაუბრა.

ჟურნალისტი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ ხელისუფლება მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედია-საშუალებებს სდევნიდა. მამალაძე ასევე იხსენებს, რომ ხელისუფლემაში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილიც არაერთხელ გამოსულა სიტყვით და ხაზს უსვამდა ადამიანის უფლებებს, არჩევანის თავისუფლებას და სხვა ფუნდამენტურ ღირებულებებს, მაგრამ პრაქტიკაში ამას როგორ ანხორციელებდა, ყველამ კარგად ვნახეთ.

„თუ არ ვცდები, პრემიერ-მინისტრმა პირველად ახსენა ეთიკის მაღალი სტანდარტები და მედიას მოუწოდა, საზოგადოებას ინფორმაცია დაბალანსებულად მიაწოდოს. თუმცა, როდესაც დაბალანსებულობაზეა საუბარი, ეს ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება და დღევანდელი კოაბიტაციის განწყობებს მაგონებს, რადგან დაბალანსებული ინფორმაცია ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ცოტა ორაზროვანი ტერმინია. მე ვამჯობინებდი, რომ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყოს მიუკერძოებელი, რადგან ბალანსი ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ფაქტებს სწორად ავსახავთ“, - აღნიშნავს ია მამალაძე.

ია მამალაძის თქმით, მთავარი ის კი არ არის, რომ ჟურნალისტებმა მიუკერძოებლად იმუშავონ, არამედ ის, რომ მათ მიერ მოპოვებულ, გადამოწმებულ ფაქტებს (რაც საარჩევნო დარღვევებს შეეხება) შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს, ხოლო თუ ეს არ მოხდება, მოვლენები ისევ ძველი სცენარით გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრის მიერ საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვას დროულსა და სწორს უწოდებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე. მისი თქმით, პრემიერის მიერ ძალიან სწორი გზავნილები იყო გაკეთებული ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც.

„საქართველოს უახლოეს ისტორიაში მე არ მახსოვს, რომ ხელისუფლების პირველ პირს, პირველ რიგში, საკუთარი პოლიტიკური ძალისთვის მოეწოდებინა,  გამოიჩინოს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, ასევე მოუწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს, კანონი დაიცვან და პოლიტიკაში საერთოდ არ მონაწილეობდნენ, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მოეწოდებინოს, რაც შეიძლება მალე და დიდი რაოდენობით მონიტორები გამოეგზავნათ ხელისუფლებისთვის შეცდომებისკენ მისათითებლად“, - აღნიშნავს ვიქტორ დოლიძე.

მისი თქმით, საქართველოში ახალი რეალობა ყალიბდება და თუკი ამ საქმეში კოალიციაში შემავალი პარტიები აგურს აგურზე დადებენ, ეს მხოლოდ მისასალმებელია.

სამართალდამცავი უწყებებისადმი პრემიერის მიმართვასთან დაკავშირებით პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა ამბობს, რომ თუკი ივანიშვილის ამ მიმართვას ბუკვალურად გავიგებთ, ის აბსოლუტურად ნორმალურია და სრულიად მისაღებია, რადგან თუკი პროკურატურა და პოლიცია რომელიმე თანამდებობის პირის საქმეს იძიებს, არ არის აუცილებელი, ის მაინცდამაინც პატიმრობაში ჰყავდეთ. სამართალდამცავებს შეუძლიათ გამოძიება აწარმოონ, მაგალითად, გია ბარამიძეს ბრალი წაუყენონ და არჩევნების შემდეგ დააკავონ.

„აქ პრობლემა არის ის, რომ პრემიერის განცხადებები არა ბუკვალურად არის აღქმული, არამედ აქვს უფრო მეტი დატვირთვა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზოგადად, გამოძიების საერთოდ შეწყვეტა იგულისხმება. ეს გამომდინარეობს როგორც ივანიშვილის ტონალობიდან, ასევე ურეკში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებული ერთობლივი დეკლარაციებიდან და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის პრაქტიკიდან. ამას ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, რადგან ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებს დააფარებს ხელს, ის თავადაც ნაციონალია. ვინც გამაუპატიურებელს ხელს დააფარებს, თავადაც გამაუპატიურებელია“, - ამბობს კუკავა.  

საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში ასევე ძალიან საინტერესოა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით, რადგან მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის რანგში დაესწრება სამიტს. შეგახსენებთ, ვილნიუსის სამიტი 28-29 ნოემბერს არის დაგეგმილი და ამ დროისათვის სააკაშვილი, წესით, პრეზიდენტი უკვე აღარ უნდა იყოს. ამიტომ, მისი ეს განცხადება აჩენს ეჭვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოში სარჩელის შეტანას და ამ გზით პროცესების ხელოვნურად გაჭიანურებას გეგმავს, რათა მისი ლიდერი ვილნიუსის სამიტს პრეზიდენტის რანგში დაესწროს.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა გზა არ აქვს, რადგან ყველა სოციოლოგიური კვლევის თანახმად, მათი კანდიდატი ვერ იქნება ისეთი, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს. არა იმიტომ, რომ შეიძლება კანდიდატი არ ვარგოდეს, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებაში „ნაცმოძრაობის“ მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულებაა. შესაბამისად, ნაციონალებს უწევთ იმის წინასწარ თქმა, რომ დემოკრატიული სტანდარტები ამ არჩევნებში დაცული არ იქნება და არჩევნებზე დამდგარი შედეგი გაამართლონ არა საკუთარი პოლიტიკური სისუსტით, არამედ იმით, რომ თითქოს, ხელისუფლებამ იეშმაკა. ამიტომ, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამ პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში სიმართლე ყველაზე სერიოზული იარაღია.

რაც შეეხება ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას, პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდეს საჭირო, მაგრამ არა ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატის გამო, არამედ იმიტომ, რომ ამ არჩევნებში საკმაოდ მრავალფეროვანი კრებულია კანდიდატების, თუმცა რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ყველა ეცდება, არჩევნების საკითხი პირველივე ტურში გადაწყვიტონ.