საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ არსებული პრეტენზიებიდან ერთ-ერთი უმთავრესი არის ის, რომ ყველა სახელმწიფო უწყებაში ე.წ. ნაციონალების კადრები არიან შემორჩენილები და ხშირად მათი მხრიდან საბოტაჟის ნიშნების შემცველი ქმედებების მომსწრეებიც ვხდებით. ცხადია, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს, რომ წინა ხელისუფლების ერთგული კადრები სულ ჩამოიშოროს, მაგრამ ალბათ მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ საკვანძო თანამდებობებზე მაინც ისეთი ადამიანები დაინიშნონ, რომელთა მიმართ ასეთი კითხვები არ არსებობს, რადგან თუკი ადამიანი საბოტაჟს აწყობს, ეს პირველ რიგში იმ უწყებას და სფეროს ვნებს, სადაც იგი მუშაობს, შემდეგ ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდებს და ბოლოს, ზიანს აყენებს ქვეყანასაც.
For.ge-ს დაუკავშირდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ წარმომადგენლები და მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროში ერთ-ერთ სერიოზულ თანამდებობაზე მუშაობს ადამიანი, რომელსაც წინა ხელისუფლების პერიოდში სერიოზული დარღვევები აქვს ჩადენილი. საუბარია ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსზე, გია თვალავაძეზე. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ იურისტი, ირაკლი გვასალია for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მათ ორგანიზაციას არაერთმა ისეთმა ადამიანმა მიმართა, რომლებიც თვალავაძეს კონკრეტულ დარღვევებში ამხელენ.
„რეგულირების სააგენტოს უფროსმა, გია თვალავაძემ ჩვენი სამედიცინო დაწესებულების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელა. მისმა გამოგზავნილმა კომისიამ დარღვევები კი აღმოაჩინა, მაგრამ ნაცვლად კანონით გათვალისწინებული ჯარიმისა და სიტუაციის გამომსასწორებლად გონივრული ვადის მოცემისა (ყველა დარღვევა გამოსწორებადი იყო და ეს პროცესი კანონით სამჯერ შეიძლება განმეორდეს ჯარიმის გასამმაგებით), მან პირდაპირ გაგვიუქმა სტაციონარული დაწესებულების ნებართვა, რითაც დაარღვია საქართველოს კანონები „ჯანდაცვის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ“, - ვკითხულობთ ერთ-ერთი მოქალაქის წერილში, რომელიც „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ“ მიიღო.
სხვა მოქალაქის წერილში კი ნათქვამია, რომ გია თვალავაძე ჯერ კიდევ ლადო ჭიპაშვილმა დანიშნა მაშინდელი ხარისხის კონტროლის სააგენტოს უფროსად. სულ მოკლე ხანში ეს სამსახური სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდ გადაკეთდა, რასაც დაემატა სერტიფიკატების გაცემა, სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება, ლიცენზიებია გაცემა, ექსპერტიზები და ა.შ. უფროსად კი ისევ თვალავაძე დარჩა.
„თვალავაძის ხელში სამედიცინო სფეროში უპრეცედენტოდ დიდი უფლებამოსილება მოექცა. რაზეც ლიცენზიებს გასცემდა, შემდეგ თვითონვე ამოწმებდა, რაც ინტერესთა კონფლიქტია და პრაქტიკამაც აჩვენა, რომ გაუმართლებელია“, - აცხადებს იურისტი ირაკლი გვასალია.
მისი თქმით, მოქალაქეებმა „ადმიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას“ მიაწოდეს ინფორმაცია ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებითაც. წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ ონკოლოგიის ცენტრში უკვე რამდენიმე თვეა რეკონტრუქცია - რემონტი მიმდინარეობს, მაგრამ ერთი დღითაც კი არ შეჩერებულა პაციენტების მიღება და მკურნალობა, გია თვალავაძეს კი აპრილის თვემდე არ შეუმოწმებია ეს კლინიკა და კომისიაც მხოლოდ კრიტიკული სატელევიზიო გადაცემების შემდეგ მიავლინა ონკოლოგიის ცენტრში.
„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ იურისტი, ირაკლი გვასალია აცხადებს, რომ მათ ორგანიზაციაში შეული წერილებიდან გია თვალავაძის მხრიდან კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებების მიმართ სუბიექტური მიდგომა იკვეთება. იურისტის თქმით, თვალავაძე ზოგიერთ მათგანზე კანონდარღვევით გასცემდა ლიცენზიებს, ზოგ შემთხვევაში კი უშვებდა, რომ სამედიცინო დაწესებულებას საერთოდ ულიცენზიოდ ემუშავა.
„ამის კონკრეტული მაგალითია „დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კლინიკა“, რომლის შენობაც ჭავჭავაძის 33ა-ში გაიყიდა და კლინიკა გადავიდა დიღომში, ლუბლიანას N5-ში (რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოს შენობაში). იქ ამ კლინიკამ ფართის თავის სახელზე გაფორმება ვერ შეძლო, რის გამოც ლიცენზიაც ვერ მიიღო, თუმცა ამას მისთვის პრობლემები არ შეუქმნია და ორი წლის განმავლობაში (2010-2012 წლები) მან ულიცენზიოდ იმუშავა. 2012 წელს ამ კლინიკამ ლიცენზიის მოპოვება შეძლო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ლიცენზიით მუშაობა“, - აცხადებს ირაკლი გვასალია.
მისი თქმით, ამით უხეშად დაირღვა კანონი „ჯანმრთელობის შესახებ“ და კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“. იურისტის განმარტებით, ეს კლინიკა ამხელა პრივილეგიით იმიტომ სარგებლობდა, რომ მასში გია თვალავაძის მეგობარს, ვინმე გურამ ქარაზანაშვილს ჰქონდა ინტერესი და სწორედ ამ ადამიანის მიერ მოხდა შემდგომში კლინიკის შესყიდვა და მის ხელში მოხდა ლიცენზიის აღებაც. ირაკლი გვასალია ამბობს, რომ აგვარი ფაქტები ბევრია, ამ საკითხზე „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ“ ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა წერილობით და გარკვეული ინფორმაცია გამოითხოვა, კერძოდ, ორგანიზაცია სამინისტროსგან სამედიცინო დაწესებულებებზე 2010-2012 წლებში გაცემული ლიცენზიების შესახებ ინფორმაციას ითხოვდა, მაგრამ გვასალიას თქმით, სამინისტროდან აბსოლუტურად არაადეკვატური პასუხი მიიღო.
ირაკლი გვასალია აღნიშნავს, რომ გარდა გარკვეული კლინიკებისთვის პრივილეგიების მინიჭებისა, გია თვალავაძის უწყება ზედმეტად მკაცრად ექცეოდა იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც პირადი ინტერესები არ ჰქონდა. მაგალითად, მცირედი დარღვევისთვის, როდესაც შეიძლებოდა საჯარიმო სანქციის დაკისრება, სამედიცინო დაწესებულებას ლიცენზიას უუქმებდა და ა.შ. იურისტის თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში გია თვალავაძე პრაქტიკულად განუსაზღვრელი უფლებამოსილებებით სარგებლობდა, ეს მდგომარეობა თვალავაძემ დღემდე შეინარჩუნა და ახალი ხელისუფლებაც არ დაინტერესებულა მისი საქმიანობით.
For.ge-მ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა კითხვით, თუ რატომ ხდებოდა გია თვალავაძის მიერ კონკრეტულ დარღვევებზე თვალის დახუჭვა და ამის მაგალითად ლუბლიანას N5-ში მდებადე კლინიკა და ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი დავუსახელეთ. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში გვიპასუხეს, რომ სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სანებართვო რეესტრის მონაცემებით თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N5 (ჩაჩავას ქუჩა N1) დიპლომისშემდგომი მზადების სამედიცინო აკადემიის კლინიკა რეგისტრირებული არ არის.
რაც შეეხება გურამ ქარაზანაშვილს და მის კლინიკას, უწყების ინფორმაციით, სავარაუდოდ, იგულისხმება ქ. თბილისში, ლუბლიანას ქ. N5-ში განთავსებული ს.ს. „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები“, რომელმაც 2012 წლის 2 აპრილს, პირველად მომართა სააგენტოს განცხადებით, სადაც ითხოვდა “დროებით ნებართვას” (ასეთი სახის ნებართვას კანონი არ ითვალისწინებს).
„სტაციონარული დაწესებულების ნებართვისა და ნებართვის დანართების მოპოვების მიზნით, განცხადება შემოტანილია 2012 წლის 24 აპრილს. ს.ს. „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებზე“ 2012 წლის 30 აპრილს, გაცემულია სტაციონარული დაწესებულების ნებართვა და ნებართვის დანართები ქირურგიული და გინეკოლოგიური პროფილის საქმიანობებში. 2013 წლის 8 აპრილს ,,თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებში“ (მის: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. N5) შემოწმდა 2010 წლის 17 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №385 დადგენილებით (,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“) განსაზღვრული სანებართვო პირობები“, - აცხადებენ რეგულირების სააგენტოში.
უწყების ინფორმაციით, შემოწმებით დადგინდა, რომ დარღვეულია საქართველოს მთავრობის #385 დადგენილების დანართი 21 საერთო სანებართვო პირობების 30-ე პუნქტი. კერძოდ, ვერ იქნა წარმოდგენილი სავალდებულო ანგარიშგების ფორმა ნებართვის გამცემთან დადგენილი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და წარედგინა სასამართლოს. სასამართლოს მიერ განხილულ იქნა და სუბიექტი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად (განესაზღვრა ჯარიმა 1400 ლარის ოდენობით).
ასევე, რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, 2008 წელს სს „დიპლოსშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კლინიკაში“ შემოწმებულ იქნა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის საკითხი. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესის მიხედვით, ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ (საჯარიმო სანქცია) შეადგინა 5166.40 ლარი.
რაც შეეხება ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრს, რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ 2013 წლის 30 აპრილს შპს „საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში“ შემოწმდა 2010 წლის 17 დეკემბერის საქართველოს მთავრობის №385 დადგენილებით („სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“) განსაზღვრული სანებართვო პირობები.
„შემოწმებით დადგინდა, რომ დარღვეულია საქართველოს მთავრობის #385 დადგენილების „სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტის მოთხოვნები, დანართი 21 საერთო სანებართვო პირობების მე-2, მე-3, მე-4, მე-7, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-16, მე-17, 23-ე, 30-ე, 32-ე პუნქტები. ასევე, ქირურგიული პროფილის მომსახურების (VII) დამატებითი სანებართვო პირობების მე-2 და მე-3 პუნქტები და რეანიმაციული პროფილის მომსახურების (IX) დამატებითი სანებართვო პირობების მე-3 პუნქტი. ასევე, დაწესებულებაში გამოვლინდა საქართველოს მთავრობის N359 დადგენილებით განსაზღვრული მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობები (გინეკოლოგია, ოფთალმოლოგია, ოტორინოლარონგოლოგია) სავალდებულო შეტყობინების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და წარედგინა სასამართლოს. სასამართლოს მიერ განხილულ იქნა და სუბიექტი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით“, - აცხადებენ რეგულირების სააგენტოში.
ასევე უწყების ინფორმაციით, შპს ..საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში“ ორჯერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს კანონის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ 374 მუხლის თანახმად. 2011 წელს კი სააგენტოს მიერ, შპს „საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში“ შემოწმებულ იქნა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის საკითხი. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესის მიხედვით, ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ (საჯარიმო სანქცია) შეადგინა 104 881 ლარი.