სერჟანტთა საკარიერო კურსების გამოშვება (ვიდეო)

სერჟანტთა საკარიერო კურსების გამოშვება (ვიდეო)

შეიარაღებული ძალების სერჟანტთა საკარიერო - ათეულისა და ოცეულის მეთაურების კურსები დასრულდა. კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალი თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო. მან კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სამხედრო კარიერული წინსვლა უსურვა: „დღეს სერჟანტთა კორპუსს კიდევ ახალი ნაკადი შეემატა. ჩვენი დევიზი არის სამშობლო, ღირსება, ერთგულება. სწორედ სერჟანტებმა უნდა უზრუნველყონ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში პროფესიონალიზმი, რაც არის წინაპირობა იმის, რომ ჩვენ მომავალში ნაკლები გვქონდეს მსხვერპლი. საბრძოლო მომქედებებში სერჟანტების მომზადებულ ჯარისკაცებს ყველაზე დიდი შანსი აქვთ, რომ წარმატებულად განახორციელონ ოპერაციები. მეამაყება, რომ ესეთი სერჟანტები გვყავს და მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ესეთი ძლიერი სერჟანტთა კორპუსის ჩამოყალიბება“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ცერემონიალზე ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი, ყველა ქვედანაყოფის მეთაურები და მთავარი სერჟანტები, ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელი პირები.

„ათეულის მეთაურის“ 5 თვიანი ძირითადი კურსი 82-მა სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა, 46-მა სამხედრომ კი „ოცეულის მეთაურის“ კურსი 4 თვის განმავლობაში გაიარა. სერჟანტები თეორიულ მეცადინეობასთან ერთად პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც დაეუფლნენ. საკარიერო კურსების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა საერთო საჯარისო ტაქტიკა, ოპერატიული ბრძანების მომზადება და განხორციელება, საცეცხლე მომზადება, საბრძოლო მომზადების ორგანიზება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, სამხედრო ტოპოგრაფია და კავშირგაბმულობა შეიასწავლეს. „ათეულის მეთაურის“ ძირითადი კურსის მსმენელებმა დამატებით პირველადი სამედიცინო დახმარება და სამწყობრო მომზადებაც გაიარეს.

დღესვე, კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნებიან.