2009 წლის 5 მაისს „ნაციონალურმა“ არხებმა გადმოსცეს, რომ მუხროვანის სატანკო ბატალიონში ე.წ სამხედრო ამბოხი მოხდა. ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შემთხვევის ადგილზე მისულ მთავარსარდალს მოახსენა, რომ სამხედრო ამბოხი, რომელიც „გენერალთა კლუბის“ წევრებმა კობა ოთანაძემ, ლევან ამირიძემ, კობა კობალაძემ და გია კრიალაშვილმა დაგეგმეს, აღკვეთილია. ამირიძემ, ოთანაძემ და კრიალაშვილმა მუხროვანის ტერიტორია დატოვეს და წიწამურის მთებიდან მამკოდას ტყეში გადავედით. გამოცხადდა ძებნა, მეტიც - პრეზიდენტმა მათი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. რაც შეეხება გენერალ კობა კობალაძეს, ის 5 მაისს დააკავეს.
დაახლოებით 2 კვირის შემდეგ პოლიცია მათ კვალზე გავიდა. ოთანაძემ თავის ახლობელს თხოვა, რომ გაეყვანათ უსაფრთხო ადგილას. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს პიროვნება შსს-ს მიერ ყოფილა დამუშავებული. 21 მაისს გვიან ღამით თიანეთის გზატკეცილზე სპეცოპერაციის შედეგად ადგილზე ლიკვიდირებული იქნა პოლკოვნიკი, ე.წ. ამბოხის ორგანიზებაში ბრალდებული გია კრიალაშვილი. მძიმედ დაიჭრნენ ამირიძე და ოთანაძე.
სპეცოპერაციიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე მივიდა შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა და პარლამეტის თავდაცისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე. მერაბიშვილს ამირიძის კუთვნილი ტაბელური იარაღი გადასცეს.
„მერაბიშვილმა დაურეკა სააკაშვილს და მოახსენა, რომ ლიკვიდირებულები არიანო და ამის მერე საკონტროლო მესროლეს, მაგრამ ღვთის წყალობით გადავრჩი“, - ამბობს ოთანაძე.
დაჭრილი ამბოხებულები დასკოჩეს და ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაყვანეს. საავადმყოფოში ვითარებას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია აკონტროლებდა. რაც შეეხება გია კრიალაშვილს, მისი გვამი პროზექტურაში გადაასვენეს.
2009 წლის 5 მაისს მუხროვანის სამხედრო ნაწილში არშემდგარი ამბოხის მონაწილეთა სასამართლო პროცესი 2010 წლის 11 იანვარს დასრულდა. სასამართლომ 41 ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, დაკითხა 100-ზე მეტი მოწმე. სხვადასხვა მუხლით პატიმრობა სულ 19 მსჯავრდებულს მიუსაჯეს. მუხროვანის საქმის 3 მთავარ განსასჯელს ბრალი ამბოხის ორგანიზებასა და დაუმორჩილებლობაში წაუყენეს.
სასამრთლომ კობა ოთანაძეს 29, ლევან ამირიძეს 28, ხოლო შოთა გორგიაშვილს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ და სასამართლოზე დუმილის უფლებით სარგებლობდნენ. შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ შსს-ს მიერ მოპოვებული ოპერატიული ცნობებით და დაკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე მიიღო. ყოფილი პატიმრები ამბობენ, რომ შსს-ში მათ წინააღმდეგ მტკიცებულების შექმნა თიანეთის გზატკეცილზე განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სპეცოპერაციიდან 5 წელი გავიდა, კრილაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრული არა არის, საქმეში კი ახალი დეტალები გამოჩნდა, რაც, კრიალაშვილის ოჯახის მტკიცებით, შესაძლოა მის მკვლელობასთან იყოს კავშირში. for.ge-ს ინფორმაცითთ კრიალაშვილი 2008 წლის აგვისტოს დღეებში ცხინვალში იმყოფებოდა.
„საქმე დაძრული არაა. მისი და - დაზარალებულის უფლებამონაცვლე - არაა დაკითხული. შეტანილი გვაქვს განცხადება, მაგრამ დევს რეაგირების გარეშე. მის გვამს აუცილებლად ჩაუტარდება ექსგუმაცია, მაგრამ ამ კოაბიტაციის პროცესში ეს არ მოხდება. თუ ვითარება არ შეიცვლება, აზრი არ აქვს არაფრის ჩატარებას. რატომ არ ხსნიან, რობაქიძის, ვაზაგაშვილის მკვლელობებს და რატომ არ ისჯებიან ის პირები, რომლებიც ორგანიზატორები იყვნენ, რომელიმე დაისაჯა? ხედავთ რობაქიძის საქმეში რა ხდება? გადაინაწილეს სავარძლები და სამართლის აღსრულება გვერდზე გადადეს“, - ამბობს for.ge-სთან გია კრიალაშვლის ადვოკატი ნათია კორკოტაძე.
მოკლული კრიალაშვილის და პროკურატურას ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის დასჯას თხოვს. ლია კრიალაშვილს საგამოძიებო უწყებაში სარჩელი მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, გივი თარგამაძის და გიგი უგულავას წინააღმდეგ შეაქვს. ის ახალი მთავრობისგან საქმის სამართლიანად გამოძიებას და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვისი ბრძანებითაც იქნა ლიკვიდირებული პოლკოვნიკი კრიალაშვილი.
რა უთხრა პოლკოვნიკმა გია თორთლაძეს და ვინ გაიყვანა ის სახლიდან? for.ge ლია კრიალაშვილს ესაუბრა.
ლია კრიალაშვილი: ვინც ჩემს ძმას ესროლა - ზვიად ხარაზიშვილი, ფიცხელაური და კიდევ სხვები, დღეს თანამდებობაზე არიან. რატომ უნდა იჯდნენ მკვლელები ახალი ხელისუფლების პერიოდში თანამდებობაზე? 14 ნოემბერს მივმართე პროკურატურას, მაგრამ ჯერ-ჯერობით საქმე ადგილიდან არაა დაძრული. ლევან ამირიძე და კობა ოთანაძე ალბათ დამიდგებიან გვერდში და გამოიძიებენ გიას მკვლელობას. ეს იყო გიას მკვლელობა - გამიზნული მკვლელობა.
რატომ გგონიათ, რომ ეს იყო გამიზნული მკვლელობა?
- ვადაგასული პრეზიდენტი გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს ბიჭები მიწიდან ამოეღოთ. პირდაპირი დირექტივა იყო მისი, რომ ამ ბიჭების ლიკვიდაცია მომხდარიყო. მაინც არ ვუშვებდი, რომ ამ ბიჭებს მოკლავდნენ. მათ არაფერი დაუშავებიათ.
გია სახლიდან ვინ გაიყვანა?
- წინა დღეს, ღამის 3 საათზე ჩამოვიდა უკრაინიდან. ვკითხე, ამ არეულობაში რატომ ჩამოხვედითქო და ერთადერთი რაც მითხრა, იყო ის, რომ - დამირეკესო, პატარა საქმე მაქვს, ალბათ, ერთკვირიანი და წავალო.
არ გითხრათ ვინ დაურეკა და რა საკითხზე?
-არა. პატარა ჩემოდნით იყო ჩამოსული. მერე როგორც გავიგე, გია თორთლაძისთვის უთქვამს, აეროპორტში რომ შემოვედი, ჩემი გვარი გაწითლდაო. გიას უთქვამს მაშინ, რომ არ მომწონს ეს ამბავი და იქნებ წახვიდეო. არ დაუჯერა.
პოლიტიკური პროტესტი ჰქონდა?
- პროტესტი ჰქონდა და მითუმეტეს 2008 წლის ომის შემდეგ. ყოველთვის ღიად ამბობდა, რომ მიშას ეს არ უნდა შერჩესო. როგორც გავარკვიე, ომის პერიოდში გია ცხინვალში ყოფილა ჩასული და თავისი თვალით ჰქონია ნანახი დაჭრილი ბიჭები. ამბობდა ხოლმე ხშირად, რომ შენ არ იცი, რა გააკეთეს ამათ - დაჭრილი ბიჭები დატოვეს და უწყლოდ დაიხოცნენო. გიას გარდაცვალების შემდეგ მეზობელმა მითხრა, ჩემს ნათესავთან ერთად იყო ცხინვალშიო. ამბობდა, მიშას არ უნდა შერჩეს ადამიანების ხოცვაო. ეტყობა, ეს მიდიოდა მიშას ყურამდე. იმ დღეს ძალიან ჩაფიქრებული იყო. დილის ექვსის ნახევარი იქნებოდა, ჩემი მეუღლე რომ დაწვა. ლოჯში ჩემს უსინათლო გოგონასთან ერთად დარჩა. ჩემი შვილი ამბობს, რომ ვიღაცამ დაურეკა, სამზარეულოში გავიდა და ელაპარაკაო, მაგრამ ვინ იყო - არ ვიცით.
ჩემი მეუღლისთვის უთქვამს, ესენი ძალიან ცუდად დამდევენო და მთელი ღამეა ბეემვეს მარკის ავტომანქანა ტრიალებს კორპუსთან და იქნებ გახედოო. ჩემს მეუღლეს, რომ გაუხედავს, უთქვამს - რა გელანდება, გოგო და ბიჭი სხედან და კოცნიან ერთმანეთსო. არ მომწონს ეს მანქანაო - გაუმეორებია. დილით რომ ავდექი, გია არ დამხვდა სახლში. მისი ჩემოდანი დამხვდა გახსნილი და აღარ იდო საბუთები. ვიფიქრე, რომ მამაოსთან წავიდათქო. დილას ადრე რომ გადიოდა, მიდიოდა მცხეთაში, ეკლესიაში. 12 საათზე მოვისმინე ღვალაძის ჩანაწერი და როგორც კი ახსენა „გენერალთა კლუბი“ შეთქმულებას აწყობდაო, მაშინვე დავიწყე კივილი, ძმას მომიკლავენ-თქო. გია ყარყარაშვილი მოვნახე და დამამშვიდა, ნუ გეშინია, არაფერი ისეთი არ ხდებაო. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა და სად მომეძებნა.
არ იკითხეთ, მუხროვანში რა უნდოდა თქვენს ძმას?
- დღემდე არ მჯერა, რომ ჩემი ძმა მუხროვანში იყო. ისეთ დროს გავიდა სახლიდან, რომ იქ უკვე ვერ შევიდოდა. ახლა გავიგე, ორი კვირის მანძილზე სამხედრო პოლიციის შენობაში როგორ თათბირობდნენ ღამე ახალაია, კალანდაძე, მასტერა - სამხედრო პოლიციის უფროსი, მუხროვანის ამბოხის გეგმაზე. დილის 5 საათზე გამოსულა კალანდაძე და უთქვამს, რომ აუ დღეს რა მძიმე დღე გველისო, ახალაიას გაუცინია და უპასუხის - ასეთები გადაგვიტანიაო.
ის, რომ მამკოდის ტყეს აფარებდა თავს, არც ეს არ იცოდით?
- არა, ნამდვილად არ ვიცოდი. ტელევიზიით გავიგე ზაზა პაპაუაშვილისგან, რომ ქერჩის ქუჩაზე ბიჭები ჩაცხრილესო. მაშინვე გავიქეცი, მაგრამ იქ უკვე არაფერი არ იყო. ლენტები იყო გაბმული და ერთი პატრულის მანქანა იდგა. იქიდან წავედი ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც ალყა ჰქონდათ პოლიციელებს შემორტყმული. მოვითხოვე შესვლა და არ შემიშვეს. ამაზე მქონდა პროტესტი, მკითხეს ვინ ხარო, გამვლელი ვარ, ცუდად ვარ და შემიშვითქო. მომთხოვეს პირადობა, პირადობაში მეუღლის გვარი მიწერია და ამიტომ შემიშვეს. შემომყვნენ და ისტერიკა დამემართა, ექიმმაც უთხრა, ხომ ხედავთ რა მდგომარეობაში არის, დატოვეთ და გადითო. დავუჩოქე ამ ექიმს და ვემუდარებოდი, მითხარი ვინ არიან მოყვანილებითქო, მითხრა - ოთანაძე და ამირიძეო, ვიფიქრე ჩემი ძმა ვერ ნახეს-თქო. მერე დავურეკე ჩემი ძმის მეგობარს და იმათაც მითხრეს, გია მოკლული არ არისო.
როდის გახდა ცნობილი თქვენთვის, რომ ის მოკლული იყო?
- დილით ტელევიზიით გავიგე. ის არ გავდა ტყვიით მოკლულს. გვამი საშინლად იყო დაჩეხილი. მე ვერ დაუშვი ის, რომ გია ერთი ტყვიით მოკვდა, როცა კობას 13 ტყვია ჰქონდა და ლევანს 9, ისინი გადარჩნენ და გია 1 ტყვიით მოკვდა? გიას გვამი მაფიქრებინებს იმას, ის იქ მოკლული მიიტანეს. მას ჰქონდა საშინელი ნაწოლები. სურათები მივიტანე დამოუკიდებელ ექსპერტთან. მითხრა, რომ ეს ნაწოლები ნიშნავს იმას, რომ გვამი დიდხანს ეგდო ტანსაცმელშიო.
გიას ტანსაცმელი თქვენ არ გინახავთ?
- არა. ექსპერტიზის დასკვნაც არ ვიცი, ვინაიდან ამ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ბავშვებს დაუბრუნეს ჯვარი, თეთრები, საფულე, პირადობა და თავდაცვის სამინისტოს მიერ გაცემული მოწმობა, რომელიც ჯიბეში ედო. ორმხრივი სროლის შედეგად როგორ შეიძლება საბუთები სისხლით არ დასვრილიყო და მთელი გადარჩენილიყო? ამიტომ მქონდა და მაქვს ეჭვები, მაგრამ ლევანი და კობა ირწმუნებიან, ერთად ვიყავითო.
რატომ უნდოდა ხელისუფლებას მისი მოკვლა? შეიძლება გია კრიალაშვილი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელიყოფილიყო?
- კი, ალბათ იყო. ეს ალბათ უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ომს. ჩემს ძმას ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ჯარში, მის სიტყვას დიდი ფასი და წონა ჰქონდა. ვაპირებ გვამის ექსგუმაციის ჩატარებას, სიმართლე აუცილებლად უნდა დავადგინო.
ამირიძეს და ოთანაძეს უთვლიდნენ რომ ჩაგვბარდითო. თქვენთან თუ გამოვიდნენ კონტაქტზე?
- არა. არადა, ეს მაოცებს ზუსტად. არავითარი ამდაგვარი არ ყოფილა. გარდა იმისა, რომ 18 მაისამდე გვითვალთვალებდნენ. 21 მაისს თუ მოკლეს, 18-ში რატომ გაუჩინარდა ყველა?
გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 მაისს აეროპორტთან არსებული ე.წ. მორგის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი და ითქვა, რომ იქ მიასვენეს გია კრიალაშვილი...
- ნანა ლეჟავა მოვიდა და მითხრა, რომ წინადღეს ჩავიარე მორგთან და იმდენი პოლიცია იყო მობილიზებული, რომ ვიკითხე კიდევაც, რა ხდებაო და მიპასუხეს, რომ გია კრიალაშვილი არის მოსვენებულიო. გივი თარგამაძე, ეს ბლუ, პირს რომ ვერ აღებს, რამხელა ბრალდება წაუყენა რუსეთმა და ხომ ამბობს, რომ დავამტკიცებ სიმართლესო! რატომ არ მისცეს ჩემს ძმას იმის საშუალება, რომ თავისი სიმართლე დაემტკიცებინა? აეყვანათ და წაეყებენათ ბრალი, იქნებ ამტკიცებდა ის კაცი, რომ მართალი იყო! რატომ მოკლეს?! ამიტომ ვამბობ, რომ ეს იყო გამიზნულად ჩემი ძმის მოსაკლავად ჩატარებული ოპერაცია. მივმართავთ პროკურატურას, რომ გამოიძიონ ეს საქმე, დაუმძიმონ ბრალი მერაბიშვილს. იმით ვიმშვიდებ გულს, რომ მიშას დედას ჯალათის დედას ეძახიან და ჩემს დედას - გმირის დედას. ჩემი ძმა ერმა დაიტირა, ერის ცრემლი გაჰყვა, ამათ ერის ფურთხი გაყვებათ.