ყველა კანდიდატს თავისი მინუსი და პლუსები აქვს. ვცდილობ ნეიტრალური პოზიცია დავიკავო კანდიდატებთან მიმართებაში და არა პრინციპებთან მიმართებაში. ყველას ვთხოვ, რომ პრინციპი „ძალა ერთობაშია“ იყოს დაცული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა პარტია „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნაყოფიას განცხადებას, რომ მთავარი ამოცანა, რომელიც დღეს ოპოზიციის წინაშე დგას, არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და ნიკა გვარამიას თავისუფლება. ბარამიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნებოდა მესამე პრეზიდენტის პროცესი დამთავრებულიყო და შემდეგ დაწყებულიყო ეს პროცესი.
„თუ რამე დავა არსებობს ჩვენს პარტიაში, მათ შორის, ვინ უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარე, უნდა გადაწყდეს არჩევნების გზით. ამიტომ, მეთოდი არის სწორი. გამომდინარე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ვთვლი, რომ პოლიტიკურად სწორად შერჩეული დრო არ იყო. თუმცა, ინიციატივას და მეთოდს მივესალმები. ვიზიარებ იმ აზრსაც, რომ ამ პროცესის წამოჭრა არ იყო საჭირო. მე უფრო მიზანშეწონილად მიმაჩნდა მიხეილ სააკაშვილის პროცესი დამთავრებულიყო და შემდეგ დაგვეწყო ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი.
ყველა კანდიდატს თავისი მინუსი და პლუსები აქვს. ვცდილობ ნეიტრალური პოზიცია დავიკავო კანდიდატებთან მიმართებაში და არა პრინციპებთან მიმართებაში. ყველას ვთხოვ, რომ პრინციპი „ძალა ერთობაშია“ იყოს დაცული, იმედია ყველა გაითვალისწინებს“, - განაცხადა ბარამიძემ.