12 რეკომენდაციაში წერია - დასხედით და ერთად იმუშავეთ. ვინც ამას არ აკეთებს, ის არის უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი ჩემი აღქმით, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„წინასწარ ჩხავილი იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში ეს [ევროპული რეკომენდაციები] არ შესრულდება, ესეც გაუგებარია და ეს გაუგებარია არამარტო ჩემთვის, არამედ უცხოელი პარტნიორებისთვისაც“, - აცხადებს ელისაშვილი.
ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ევროპული რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობს, ქუჩის აქციებისთვის ემზადება. პროტესტის დაწყებამდე კი აანონსებენ, რომ მათთვის ბრიუსელის პოზიცია ცნობილია. კერძოდ, მათი მტკიცებით, ქვეყანა მომავალ წელს ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ევროპული დავალების შესრულების პროცესშია.