ვისურვებდი, რომ კამპანია კორექტულობის ფარგლებში ჩატარდეს, ისე როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ტრადიციას შეჰფერის და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირკიტაძემ პარტიის ოფისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მედიისა და საზოგადოების მაღალი ინტერესი ადასტურებს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" გაჯანსაღების, შიდა დემოკრატიის განმტკიცების პროცესი მიმდინარეობს.
„თქვენი და საზოგადოების მაღალი ინტერესი ადასტურებს იმას, რომ პარტიაში მიდის ნამდვილად კარგი პროცესი, გაჯანსაღების პროცესი, პარტიული შიდა დემოკრატიის განმტკიცების პროცესი. საინიციატივო ჯგუფმა წამოაყენა წინადადება, რომ პარტიაში აბსოლუტურად ყველა ხელმძღვანელ პოზიციაზე არჩევნები ჩვენი მხარდაჭერების ჩართულობით, ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. მე ამას მივესალმები. ვისურვებდი, რომ კამპანია კორექტულობის ფარგლებში ჩატარდეს, ისე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ტრადიციას შეჰფერის და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს - შეარჩევს ისეთ ადამიანებს, ვისაც ექნება მხარდაჭერაც, მაღალი ლეგიტიმაციაც, სანდოობაც ჩვენი ამომრჩევლის მხრიდან, რომელიც შემდგომში თავის მხრივ, ადეკვატურად უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წინაშე დგას," - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
მისივე თქმით, ის პარტიის თავმჯდომარეობაზე დასახელებულ სამივე კანდიდატს მიესალმება და აღნიშნავს, რომ უფრო მეტი კანდიდატი უნდა იყოს წარმოდგენილი.
კირკიტაძის თქმით, ერთი კონკრეტული კანდიდატის მიმართ მხარდაჭერას საარჩევნო პროცესების დაწყების შემდეგ დააფიქსირებს.
"მას შემდეგ, რაც საარჩევნო პროცესი დაიწყება, რაც კანდიდატები წარმოდგენილი იქნებიან და მათ გეგმას გავეცნობი, მე ბუნებრივია, აუცილებლად დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ," - აღნიშნა კირკიტაძემ.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის პოსტზე ამ დროისთვის სამი კანდიდატია დასახელებული - ნიკა მელია, გიორგი ჩალაძე, გიორგი მუმლაძე.